გორელი ქალი ფსევდონიმით "აზიანი"

მარტი 10 2018

დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი ნატალია დონდაროვა 1878 წლის 4 იანვარს გორში დაიბადა. იგი გაქართველებული სომხების ოჯახში იზრდებოდა. დონდაროვების ოჯახი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა გორში.


ნატალიამ დაწყებითი განათლება გორის კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ კი ქალთა გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. ასევე სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში.

ახალგაზრდა ქალმა თავისი პირველი პიესა „ინჯილერი და დოხტური“ 1897 წელს დაწერა. სწორედ ამ პიესამ დაიმსახურა ილია ჭავჭავაძის დიდი მოწონება და ნატალიას შემოქმედებითმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა პიესები და მოთხრობები, იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან  „მოგზაური“, „ჩვენი ცხოვრება“, „მნათობი“ და სხვა.

მისი რამდენიმე პიესა 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. გარდა პიესებისა, ნატალია წერდა მოთხრობებსა და პოლიტიკურ პუბლიკაციებს. თავის ნაშრომებს ნატალია ფსევდონიმით „აზიანი“ აქვეყნებდა. ხშირად მას სწორედ ნატალია აზიანად მოიხსენიებდნენ.

ნატალია აზიანი მკაცრი და ხშირად ბასრი სატირული ჟანრის პუბლიკაციებს წერდა სწორედ ამიტომ მაშინდელი დიდგვაროვნები და ზოგჯერ თავად ქალბატონებიც კი კიცხავდნენ ამის გამო.

ნატალია ჯერ კიდევ 18-19 წლის იყო, როცა თავისი პუბლიკაციებით გაბედულად და შემართებით გაილაშქრა დრომოჭმული წეს-ჩველებების, ჩარჩ-ვაჭრებისა და მეშჩანობის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ მწერალი ქალი ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა გორს:

„გორში განსაკუთრებით სიცოცხლე შემოჰქონდათ აქ ზაფხულობით ჩამოსულ, თავმოყრილ მოსწავლე გიმნაზისტებსა და სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები განმსჭვალულნი იყნენ განმათავისუფლებელი იდეებიით, დგამდნენ წარმოდგენებს, კლასიკურ პიესებს. უშვებდნენ ხელნაწერ გაზეთებს და ჟურნალს. ამათრახებდნენ ოფიციალურ პირებს.

გაუჭირდებოდა გორს სცენისთვის ქალის როლის შემსულებელი და აგერ გამოჩნდებოდნენ ისეთი პატრიოტი ქალები, როგორიც იყო ცნობილი მწერლის ნიკო ლომოურის მეუღლე, სოფო ალექსის ასული ლომოური. გორს ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე ქართული თეატრის ბუმბერაზი არტისტები: ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი. იმართებოდა „ბალ-ვეჩერები“, „ბალ-მასკარადები“. იცვლებოდა და იზრდებოდა გორი. იგი კულტურისა და განათლების გზაზე გამოდიოდა“, - წერდა ნატალია გორზე.

ნატალია დონდაროვა (აზიანი) 1943 წლის 31 იანვარს, 65 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი