ძაღლი, რომელმაც ომის დროს სახლი არ მიატოვა - მურას ისტორია

Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

ომის შემდეგ, 2008 წლიდან შემდგომ ორი-სამი წლის განმავლობაში, მუდმივად ვწერდი ომის თემაზე. როგორც პირად გვერდზე, ბლოგსა თუ ფეისბუკზე, ისე გაზეთებსა და ნეტ.პორტალებზე. ახლახანს ერთ-ერთ ჩანაწერს წავაწყდი, რომელიც 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს და ჩემი ძაღლის (მაშინ ჯერ კიდევ ლეკვის) მურას ამბავს ეხება, რომელსაც სოფლის ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, სახლი არ დაუტოვებია. მურა დღესაც ცოცხალია და ჩემი ოჯახის სრულფასოვან წევრად ითვლება! 

2008 წლის აგვისტოს თვეში, ცოტას თუ ახსოვდა ომის ქარცეცხლში, კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ასობით სული პირუტყვი, არსებები, რომელიც მანამდე ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდნენ, ხშირად კი მეგობრებადაც მოვიხსენიებდით. ცხადია იმ დროს, როდესაც მოსახლეობა სოფლებს ტოვებდა და მანქანებში ადგილი არ იყო, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოჯახები შინაური ცხოველების წაყვანას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მათ ომის ქარცეცხლის გადატანა სწორედ ტყვიების ზუზუნსა და ჭურვების ნამსხვრევების ქვეშ მოუხდათ.

იყო შემთხვევა, როდესაც მეცხვარის ჯიშის ძაღლმა გადამწვარ სამაჩაბლოში, პატრონის (ოჯახის) ნასახლართან ლამის მთელი წელი დაჰყო და ბოლოს "იმედგადაწურულმა" კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში, რომელიც გადამწვარი სამაჩაბლოდან მინიმუმ 50 კ.მ – ის დაშორებით მდებარეობს, დევნილ პატრონებს საკუთარი ფეხით ჩააკითხა.

როგორ მიაგნო, როგორ გადარჩა და გამოიარა ასეთი მანძილი - ეს ის თემაა, რომელიც ალბათ უფრო კომპეტენტურმა პირებმა უნდა იკვლიონ. ამას გარდა, სოფელ მეღვრეკისში, როდესაც ერთ-ერთი უბანი უკვე რუსული ტანკებით ივსებოდა, სოფლის მცხოვრებთ არ გახსენებიათ სოფლიდან ოთხფეხა მეგობრების გაყვანა, რადგან ამ დროს საფრთხის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე იდგა, რომლებიც სოფლის დატოვების დროს მანქანებში ვეღარ ეტევოდნენ. ცხადია ამ დროს ძაღლის ან სხვა პირუტყვის გაყვანა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ძაღლები ავტომობილებს უკან მისდევდნენ, მაგრამ ძირითადად მათ ბოლომდე უდარაჯეს გადამწვარ სახლ-კარს, უპატრონოდ მიტოვებულ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს, რა დროსაც ზოგიერთი ჭურვის ნამსხვრევს ან მოროდიორის ტყვიას ემსხვერპლა.

11 აგვისტოს, როცა სოფელში ჭურვების მასირებული წვიმა წამოვიდა, კონფლიქტის ზონა მამაჩემმაც დატოვა, სახლში კი მაშინ სულ პატარა ლეკვი, მურა დარჩა.

ჩემს სახლს სოფელში ჭურვის ნამსხვრევებიც დაეცა, სახლის სიახლოვეს კასეტური ბომბებიც აფეთქდა, მოროდიორებიც სტუმრობდნენ ჩვენს სარდაფს, მაგრამ ძაღლი მაინც უვნებლად გადარჩა.

როდესაც მამა სოფელში დეოკუპციის შემდეგ პირველად ჩავიდა, როცა არსებულ საშინელებას თვალი შეავლო, ამ საშინელ სურათებს შორის ერთ გასაოცარ მომენტს წააწყდა. უჭმელობისგან ღონე მიხდილი ლეკვი ეზოში იწვა, მის სიახლოვეს ასევე ღონე მიხდილი ქათმები შემომჯდარიყვნენ და შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდნენ. არადა თქვენ წარმოიდგინეთ, სოფლის დატოვებიდან თვეზე მეტი იყო გასული.

თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქათმები ბალახს თუ წიწკნიდნენ ეზოში, ძაღლი არავინ იცის, რითი სულდგმულობდა, მაგრამ როგორც მამაჩემი იხსენებს, მას ნასულდგმულარის არაფერი ეტყობოდა. საოცარი ისაა, რომ ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა ერთი წუთითაც არ მიატოვა ეზო -კარი და როდესაც მამა ამ სურათის მომსწრე გახდა, მან ცრემლები ვერ შეიკავა. ლეკვმა რომელსაც ტანზე ნეკნებს დაუთვლიდით, პატრონის დანახვაზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ იმდენად დაესუსტებინა შიმშილს, რომ ისევ უკან, მიწაზე დაეცა. იმის მიუხედავად, რომ ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, უკვე შეეძლო ქათმის და მითუმეტეს პატარა ვარიის დაჭერა და მისი დაგემოვნება, არც ერთი ქათმისთვის ჩვენს მურას პირი არ დაუკარებია. რადგან ცოცხალი დახვდა. აბა, მამაჩემი მის სიკვდილს როგორ დაუშვებდა და თავისთვის წაღებული პურის ნაწილი ფერწასულ ძაღლს უწილადა.

"დავიმუხლე, ჩავეხუტე ძაღლს და ორივე ერთად ვტიროდით’’,  – იხსენებს მამაჩემი და უკვე "დაკაცებულ" მურას ეთამაშება.

დღეს მურა 5 წლისაა, ოჯახის ერთგული მეგობარი და სახლის დარაჯი. მიზეზთა გამო სოფელში იშვიათად მიწევს სტუმრობა და როცა კი მანქანიდან ჩამოვალ გახარებული ძაღლი პირველი მეგებება და თათებს მკერდზე მირტყამს. აი, ასეთი "ვეტერანი" და უახლოესი მეგობარი მყავს სახლში. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად ხსენებული ისტორია მგონი ერთ-ერთია მიზეზთა შორის, რის გამოც უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მეგობრებს, რომელთაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეუძლიათ ჩვენი ერთგულება.

Read 992 times Last modified on ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019 19:05

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი