აგვისტოს ომის მსხვერპლი, რომელიც მამამ სანდლებით ამოიცნო

Rate this item
(0 votes)
1993 წლიდან, აფხაზეთიდან დევნილი იამზე ჭუმბურიძე, ოჯახთან ერთად, გორში ცხოვრობს. 2008 წლის 5-დღიანი ომის დროს გორი არ დაუტოვებია.
„8 აგვისტოს ბომბი ჩამოვარდა, ჩემს შვილს ჰყავდა 1 თვის ბავშვი, აიყვანა თავისი ცოლი და შვილი და წავიდნენ თბილისში. მირეკავს იმ ღამეს „დედა რა ამბავია?“.
ომის დღეებში შვილთან საუბრებს იამზე რადიო "მოზაიკასთან" იხსენებს.
 
9 აგვისტო:
- დედა, საჭმელი გაქვთ? აქ ვარ კასპში და მოვდივარ.
- არ ჩამოხვიდე, შვილო. რუსები კარალეთამდე მოვიდნენ, - ეუბნება დედა, მაგრამ შვილი არ უჯერებს და ღამის 10-ის ნახევარზე სახლში ბრუნდება.
მეორე დღე თენდება და იამზეს შვილი, გუჯა ჭუმბურიძე ისევ თბილისში მიდის, საკუთარ შვილთან და ცოლთან.
 
11 აგვისტო:
- დედა, როგორ ხართ? ხო იცი მამაჩემი არავის აპატიებს, რამე რო დაგმართონ! ჯობია, თქვენც თბილისში წამოხვიდეთ!
- მოხუცები ვართ აქ და ჩვენთან რა უნდათ? თუ რაღაცაა, პოლიციაც არის და ხალხიც მოგვეხმარება, თუ გვეტყვიან რუსები წადითო, წამოვალთ, აღარ გავჩერდებით.
- დედა, გინახულებთ.
- ნუ ჩამოხვალთ, ხმა დადის, რომ მოდიან და ახალგაზრდებს იჭერენ.
 
12 აგვისტო, დილა.
- აქ ვართ კასპში, მოვდივარ.
- დედა, ნუ ჩამოხვალ!
დედის გაფრთხლების მიუხედავად, გუჯა საღამოს მშობლებთან ბრუნდება.
- დედა, ჩაი ამიდუღე.
 
13 აგვისტო, დილას იამზე შვილს ჩაის უდუღებს. გარეთ ისევ სროლების ხმა ისმის.
- დედა, ჩაი მზად არის, გაცივდება, - შვილს ეძახის, მაგრამ პასუხს არ სცემს. ამ დროს დედა შვილის ოთახში შედის და ხედავს, რომ გუჯას შვილის ტანსაცმელი მოუგროვებია.
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ აქვს, უნდა წავუღო თბილისში.
გუჯა 12-ს ნახევარზე გადის სახლიდან.
2-ის ნახევარზე, 20 წუთის განმავლობაში სროლის ხმა ძალიან ახლოს ისმის. ხმა გაისმა, 3 ახალგაზრდა ჩაცხრილესო.
 
15 აგვისტო, ზარი ტელეფონზე:
- დეიდა, გუჯა სად არის? თქვენმა გოგოებმა თქვეს რომ თბილისში არ ჩასულაო.
მამამ შვილის სურათი აიღო და შვილის საძებნელად წავიდა. ჯერ რუსებთან მივიდა, რომლებსაც ე.წ „ბრეზენტით“ ქოხი ჰქონდათ მოწყობილი. ხმები დადიოდა, რომ 3 ახალგაზრდა დააკავესო. დაკავებულთა შორის, მისი შვილი არ აღმოჩნდა.
 
16 აგვისტო, დილა:
„გარეთ გავედი და თქვეს, რომ 3 ბიჭი ჩაცხრილეს სადგურის ხიდთანო. მირეკავს ჩემი დისშვილი, გუჯას ზურგში ტყვია მოხვდა და ჰოსპიტალში ჰყავთო. კუჭი აწუხებდა გუჯას, ბორჯომი ვუყიდე და ჰოსპიტალისკენ წავედი. რომ მივედი, იქ მითხრეს, რომ შვილი აღარ მყავდა. 3 ახალგაზრდიდან, რომელიც სადგურის ხიდთან ჩაცხრილეს 13 აგვისტოს, ერთი ჩემი გუჯა ყოფილა“.
როგორც აღმოჩნდა, ახლობლებმა 13 აგვისტოს შემდეგ, როცა გაირკვა, რომ გუჯა თბილისში არ ჩასულა, მისი ძებნა დაიწყეს. იამზეს გარდა, ყველამ იცოდა გუჯას ამბავი.
„შევიდნენ შიგნით ჰოსპიტალში, ჩემი ქმარი თავის გარდაცვლილ შვილს ეძებს. „ზმეიკაში“ ჩასმულ ჩემს შვილს მატლი ჭამდა. ჩემმა ქმარმა არ იცოდა, თავის შვილს ისე გადაურა ფეხით, გვამებით იყო სავსე ჰოსპიტალი. ავიდნენ მეორე სართულზე, შემდეგ მესამეზე, ვერსად ნახეს გუჯას სხეული. ისევ ჩამოვიდნენ უკან. შემთხვევით გახსნა გვამის ერთ-ერთი ტომარა, სახეზე ვერ იცნო თავისი შვილი, მაგრამ სანდლებით იცნო“.
გუჯა ჭუმბურიძე მეორე დღეს დაკრძალეს. დედამ შვილის გარდაცვალების ამბავი 3 დღის დაგვიანებით გაიგო. გუჯას ერთი შვილი დარჩა. ის წელს 11 წლის გახდა.
Read 860 times Last modified on პარასკევი, 09 აგვისტო 2019 08:00

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი