თაობებზე გადაცემული გმირობა - კაპრალ ონისე დოიჯაშვილის ისტორია

აგვისტო 13 2019

ონისე დოიჯაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში იზრდებოდა. 

ონისე ოთხი წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს 1992 წლის იანვარში, მეტეხის ხიდთან. კაპრალ ონისე დოიჯაშვილის ისტორიას მისი ოჯახის წევრები იხსენებენ.

გიორგი დოიჯაშვილი ონისეს ძმაა, რომელიც ამბობს, რომ ონისესთან ერთად თავიდანვე უწევდათ თავის გატანისთვის ბრძოლა.

 „მამა რომ დაგვეღუპა, მე ექვსი წლის ვიყავი, ჩემი უფროსი და – ცხრა წლის, ონისე – ოთხის. საშინელი გაჭირვება იყო. დედას ვეხმარებოდით, თავიდანვე გვიწევდა თავის გატანისთვის ბრძოლა. 18 წლის გახდა თუ არა, სავალდებულო ჯარში წავიდა. ჯარში წასვლამდე, რაც არ უნდა გასჭირვებოდა, რაც არ უნდა ნდომოდა, არ გეტყოდა. ერთადერთი, ჯარში რომ მიდიოდა, უნდოდა, გაცილება სუფრით აღგვენიშნა. აღვნიშნეთ, მეგობრები ჰყავდა. 2 მაისს, თავის დაბადების დღეზე წავიდა ჯარში. სავალდებულო რომ მოიხადა, საკონტრაქტო ჯარში დარჩა“, - იხსენებს ონისეს ძმა, გიორგი დოიჯაშვილი.

7 აგვისტოს, ომში რომ მიდიოდა, ოჯახის წევრებს დაურეკა. ამბობენ, რომ შემართებით იყო, თუმცა დედას დაუმალა ომში წასვლის ამბავი. ონისეს ძმის მეუღლე, მაკა ბუჩუკური ამ პერიოდს იხსენებს.

 „სანამ საშუალება ჰქონდა, თვითონაც ურეკავდა დედას, ამშვიდებდა, ჩვენ ომში არ მივყავართ, ერაყისთვის გვამზადებენო. დედაც უჯერებდა. მერე ამბობდა კიდეც, იმხელა უბედურება მქონდა გადატანილი, ცუდს აღარაფერს ველოდებოდიო“, - ამბობს მაკა ბუჩუკური.

გიორგი დოიჯაშვილი დეტალურად აღწერს თავის ძმასთან უკანასკნელ შეხვედრას.

„7 აგვისტოს, საღამოს, უკვე ბრეთიდან დამირეკა, ამაღამ ტელეფონი მექნება გამორთული და არ ინერვიულოთო. 8 აგვისტოს დილით ადრე დამირეკა გახარებულმა, ცხინვალი ავიღეთ, ქართული დროშები აღვმართეთ, მაგათი დროშები წამოვიღეთო. შუადღისას რომ დავურეკე, მითხრა, თვითონ დაგირეკავო. 4 საათი გახდა, არ რეკავდა და ისევ მე დავრეკე. მკითხა, სად ხარ, ცოლ-შვილი სად გყავსო, გორში ვართ-მეთქი. გორში ჩამოვდივარ, ავტოსადგურში მოდი, გნახავო. რომ მივედი, იქ არ დამხვდა, ისევ დავურეკე, მითხრა, მანდ ვერ გავჩერდები, ჰოსპიტალში ამოდი, ხალხი მყავს ცუდადო. მივედი თუ არა ჰოსპიტალში, შემოვიდა კიდეც მანქანით, დაჭრილები და გარდაცვლილები ჰყავდა ჩამოყვანილი. ექიმებმა ეს ბიჭები რომ შეიყვანეს, გამოვიდა, მელაპარაკებოდა. ორი კახელი ბიჭი ახლდა. ბოლისგან სულ გაშავებული იყო, ვუთხარი, პირი მაინც დაიბანე-მეთქი. გიჟი ხომ არა ხარ, რა პირი უნდა დავიბანოო. პური ხომ არა გშია, რამეს გიყიდი-მეთქი, არა არაფერი არ მინდაო. ლაპარაკში შევაპარე, ონისე, მოდი, დარჩი, ვერავინ ვერაფერს გაიგებს-მეთქი. ამაზე სულ გადამერია, რეებს ლაპარაკობ, იქ ძმაკაცები მეხოცებიან, მეთაური ჩემს იმედზეა და მე აქ რა დამტოვებსო. ძალიან გამიბრაზდა. გამაფრთხილა, ცოლ-შვილი გორიდანაც გაიყვანე, თბილისში წადით სასწრაფოდო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, მათი მანქანაც გამოვარდა, ვერ დააწია ხმა, გაასწრო მანქანამ. მაშინ იმ კახელმა ბიჭებმაც უთხრეს, მოდი, მართლა დავრჩეთო. ახლა იმათ გაუბრაზდა, სად უნდა დავრჩეთ, ხომ არ გაგიჟდითო. ამასობაში „კამაზიც“ გამოვიდა, ოსიაურისკენ მიდიოდა, დასხა ის ბიჭები და წავიდა. იმ კახელი ბიჭების არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც ის ვიცი, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, იმის მერე არ მინახავს… მეთაური გაგიჟდა, უკან დაბრუნებული რომ ნახა. ამბობდა კიდეც მერე. ისევ შევიდა ცხინვალში. ისევ გამოიყვანა ხალხი და მესამედაც შებრუნდა უკან 9 აგვისტოს, უკანდახევის ბრძანებამდე, ნიქოზისა და ზემო ხვითის მინდვრებიდან გადავიდნენ, 86 კაცს მიუძღოდა წინ. გამაგრებული იყვნენ ხეთაგუროვში. მერე ცხრაში საღამოს, უკანდახევისას, ავიაციის დაბომბვისას დაიღუპა. ჩვენ დაგვირეკეს, ვითომ დაჭრილიაო, არადა დაღუპული იყო უკვე ცხრაში, საღამოს, ხეთაგუროვში… თურმე პირველს დაუნახავს ავიაცია და ბიჭებს ეძახდა, დაწექით, დაწექითო. ახლოს ჩამოუვარდა ბომბი, მის გვერდით ერთი დასავლელი ბიჭი იწვა, ისიც დაიღუპა. ონისემ სახის არეში, მარჯვენა მხარეს მიიღო ჭრილობა, სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა არტერიაში. გორში, ჰოსპიტალში რომ მივედით, ონისეს ცხედარს თანამებრძოლი ბიჭები ყარაულობდნენ, რომ არ დაკარგულიყო. ის, ვინც უშუალოდ გამოიყვანა ბრძოლის ველიდან, ჯერ ვერ ვნახეთ…“

ონისეს დედას ომის დროს ფეხი არ მოუცვლია ზემო ნიქოზიდან. შვილი რომ დაეღუპა, მაშინ გამოიყვანეს მოტყუებით, თბილისში მივდივართო. გორში ჩამოსულს ძმები დახვდნენ და დასთან წაიყვანეს, ხაშურის რაიონში, ჩუმათელეთში. დასთან მისულს ცხედრისთვის გამზადებული ტახტი დახვდა. მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს. მალე ონისეც ჩაასვენეს. სხვა გზა არ ჰქონდა ოჯახს – ზემო ხვითში ვერ შედიოდნენ. ონისე დეიდის სოფელში დაკრძალეს 12 აგვისტოს. უკვე იქაც საშინელი სიტუაცია იყო, ოჯახმა ძლივს გააღწია ბაკურიანის გავლით თბილისში.

გარკვეული პერიოდი დევნილობაში გაატარეს, ოქტომბერში, დაბრუნდნენ თუ არა ხვითში, ონისეც გადაასვენეს და მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს. სახლი დანგრეული დახვდათ. დაბომბვებისას 60-მილიმეტრიანი ჭურვი ზედ სახლს მოხვდა, კუთხეში, ფანჯარასთან, ზემოთ – სარტყელთან.

ონისე დოიჯაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა უფროსმა ძმამ ჯარში წასვლა გადაწყვიტა. დღესდღეობით, ის იმავე ბატალიონში, იმავე ასეულში მსახურობს, სადაც ონისე მსახურობდა.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი