ბრძოლა სიმსივნესთან - გორელი პოეტის ისტორია

Rate this item
(0 votes)

თამარ ლომსაძე, რომელიც 57 წლისაა, 5 წელია სიმსივნეს ებრძვის. აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი მას 2014 წელს დაუსვეს. შიშის მიუხედავად, თამარმა მოძებნა ძალა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად - ეს ძალა შვილის, შვილიშვილის და ახლობლების სიყვარულმა აპოვნინა. 

ამ ბრძოლაში თამარს გვერდში ახლობლები, მეგობრები და კოლეგები დაუდგნენ. როგორც თავად ამბობს, მათი თანადგომის და გამხნევების გარეშე, ამ შედეგს ვერ მიაღწევდა. 

"სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ჯერ თითქოს მოვდუნდი, დავითრგუნე, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ჩემი ერთადერთი შვილისთვის, შვილიშვილისთვის და მეგობრებისთვის უნდა მეცოცხლა. დავიწყე ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ. პირველი ნაბიჯი თანხის მოძიება იყო. ორ დღეში მომიგვარდა ეს პრობლემა, უსაზღვრო მადლიერების გრძნობა მაქვს მწერალთა კავშირის, ჩემი ნათესავების და მეგობრების მიმართ, მათი ფინანსური მხარდაჭერით ოპერაცია გავიკეთე". 

თამარ ლომსაძე, დაავადების მიუხედავად, კულტურის სახლში თავის საქმიანობას არ მოსცილებია. სწორედ 2014-2015 წლებში გამოიცა გორელ შემოქმედთა ნამუშევრების 15 ტომი, რომლის კოორდინატორიც თამარი იყო.

"ოპერაციის შემდეგ დავიწყე ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის კურსი. ლოგინიდან წამოდგომაც კი მიჭირდა. პროექტი უკვე დაწყებული გვქონდა და ახალი წიგნის გამოცემას ელოდებოდა მკითხველი. თითოეული წიგნის რედაქტირებას მე ვაკეთებდი და ჩემს გარეშე წიგნის გამოცემა ფერხდებოდა. ჩემმა ყოფილმა დირექტორმა ალექსანდრე ვალიაურმა მთხოვა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად, საქმე ბოლომდე მიმეყვანა. მაშინ მეწყინა კიდეც, მაგრამ გამოწვევა მივიღე. ახლა ვიცი და მადლობელი ვარ მისი. ვიცი, რომ ეს ჩემთვის გააკეთა, სწორედ შემოქმედებითი საქმიანობა გახდა მძიმე პერიოდის მსუბუქად გადატანის მიზეზი. ქიმიოთერაპიის პარალელურად, ყოველ თვე ახალი წიგნი იბადებოდა, მეც ამაყად ვესწრებოდი წიგნების წარდგენას", - იხსენებს თამარი.

გორელი პოეტი დღესაც ებრძვის დაავადებას. მისი მდგომარეობა მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს. 

"დღესაც ვმკურნალობ. მძიმე პერიოდებიც მაქვს ხოლმე, მაგრამ უფლებას არ ვაძლევ დაავადებას, რომ მომერიოს. ვებრძვი შემოქმედებით, ვწერ ლექსებს, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანადგომით. მათივე დაფინანსებით, ვმუშაობ სხვა მწერლების ნამუშევრების გამოცემაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობა მაბედნიერებს. ახლაც სწორედ ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრების წიგნის გამოცემაზე ვმუშაობ და ეს ოცდამერვე გამოცემული წიგნი იქნება ჩემი ორგანიზებით.“

თამარ ლომსაძე გორის კულტურის სახლში მუშაობს. ის 2016 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. 2019 წელს კი, საქართველოს მწერალთა კავშირის ანა კალანდაძის პრემიის ლაურეატის წოდება სწორედ მას მიენიჭა.

სიმსივნესთან ბრძოლის პროცესში, თამარი ძალიან ბევრს ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი თანამებრძოლები გახდნენ. ამბობს, რომ არ იცის მათი სიკეთის უკან დაბრუნებას ოდესმე თუ შეძლებს. 

 

"ახლა სულში იმედის ქარიშხლები დაჰქრიან,

ბედი, როგორც რვაფეხა, ვეღარ მომდებს საცეცებს!

ნეტავი ამ სიყვარულს მაცოდინა რა ჰქვია,

ლექსიც სიხარულისა თქვენგან მოვინამცეცე...

 

ცისკრის ამონათებამ გამიბრწყინა თვალები,

აღარ მემუქრებიან ავი ქარაშოტები,

ჩანს სიციცხლის ბილიკზე თქვენი ნატერფალები,

ნიშნათ ერთგულებისა-არასდროს დაგშორდებით!

 

მეორედ დაბადება მინდა ყველას გახაროთ...

თქვენმა სითბომ დასძლია ძველი ყოფა ვერანი

აბა, ასე მდიდარმა, როგორ დავთმო სამყარო-

როცა დედამიწაზე მეგულებით ყველანი!"

 



 

Read 685 times Last modified on ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 09:45

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი