დიპლომომანია

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 12:30 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანა დათუაშვილი

ალბათ გასაკვირი იქნებოდა პროფესიულ განათლებაზე რომ არ მეთქვა ორიოდე სიტყვა, თუმცა დღეს არ ვისუბრებ  არც გამოწვევებზე, არც პრობლემებზე და არც იმაზე თუ როგორი წარმატებით ხორციელდება პროფესიული განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით სახელმწიფო ხარჯავს სოლიდურ თანხებს და თუ გადავხედავთ ბოლო წლების სტატისტიკას, მივხვდებით რამდენად დიდი ნაბიჯებია ამ მიმართულებით გადადგმული. არსებობს უამრავი პროექტი პროფესიულ განათლებაში, მათ შორის შრომის უნარების განვითარება  სკოლის მოსწავლეებში, რომელმაც უზარმაზარი როლი ითამაშა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში. დღეს მე მინდა ვისაუბრო პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც არც ისე მარტივია და რომლის საფუძველიც საბჭოური აზროვნების გადმონაშთია - დიპლომომანია. 

ჩვენში ღრმად ფესვგამდგარი რწმენა, რომ ყველა ქართველი ვალდებულია რაღაცის დიპლომი იქონიოს, უკვე გროტესკად იქცა და ესაა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა ვერა და ვერ გასწორდა ეკონომიკურ რელსებზე და დღემდე სიღატაკე რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სასწავლებლები  სტუდენტთა ნაკლებობას არ განიცდიან (რაც თავისთავად პროგრესია) რეგისტრაციის პროცესში თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით: 

ა) კოლეჯში სწავლის მსურველთა ერთი ნაწილი მოდის უკვე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით  ჩააბაროს ხალხში პოპულარულ სპეციალობებზე, რომლებიც ბაკალავრიატში ვერ მოხვედრილი ადამიანის ამბიციებს მეტნაკლებად  აკმაყოფილებს, მაგალითად - ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი და სხვა, როდესაც მათ ვთავაზობთ სახელობო პროფესიების მოსინჯვას თავს შეურაცხყოფილად თვლიან და არც კი განიხილავენ.

ბ) მსურველთა მეორე კატეგორიაა ჩამოუყალიბებლები, რომლებიც მოდიან იმიტომ, რომ გადმოცემით იციან რამდენ ფულს შოულობს ესა თუ ის ხელოსანი და რადგან ჩვენს ქვეყანაში სხვის ჯიბეში ფულის თვლა კარგი ტონია და თან  უმეტესად გაზვიადებული, ირჩევენ პროფესიას პრინციპით: სად უფრო მეტი ფული იშოვება (მაგ. კულინარი, შემდუღებელი, პროგრამისტი), ეს კონტიგენტიც განწირულია, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს არ აფასებენ სწორად და მათი მოტივაციაც მხოლოდ დიპლომია 

გ)  მესამე კატეგორია უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მსურველთა ნაკადია, რომელიც  ასევე დიპლომის ხათრით მოდის, თითქოს დიპლომის ქონა დაეხმარებათ რეალურ გარემოში მუშაობაში. 

დ) საბედნიეროდ არსებობენ მსურველები, რომლებიც მოდიან მიზანმიმართულად, ზუსტად იციან რა უნდათ, რისთვის ჭირდებათ  ამა თუ იმ პროფესიის შეწავლა - შემდგომ, ეს მათ სწავლაზეც აისახება და ხდებიან წარმატებული ადამიანები თავის პროფესიაში.

როგორც ზემოთ მოყვანილი შეფარდებიდანაც ჩანს უფრო დიდი ნაწილი პრაქტიკულად  ვერ აცნობიერებს იმ შესაძლებლობას რასაც სახელმწიფო აძლევს - უფასოდ დაეუფლოს პროფესიას და გახდეს პროფესიონალი. რის შედეგადაც ვიღებთ ბაზარს, სადაც არსებობენ დიპლომირებული სპეციალისტები, არსებობს სამუშაოც, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ ავსებენ. რეალურად კომპანიები ეძებენ თანამშრომლებს, კურსდამთავრებულები სამსახურს და ორივე მხარე დაზარალებული რჩება, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს სახელმწიფო ეკონომიკას.

მე იმედი მაქვს, რომ რთულად მაგრამ ეტაპობრივად ეს პრობლემაც დაძლევადი გახდება, რადგან  როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებით იდგმება სრულიად რეალური ნაბიჯები, ამ მიზნით კოლეჯები აქტიურად თანამშრომლობენ სკოლებთან, მაგრამ ეს მცდელობები მშობლების ამბიციებს ვერ ამარცხებს,  ხშირად ბავშვს მოსწონს ესა თუ ის პროფესია, მაგარამ მშობლის ზეგავლენით ვერ ბედავს წავიდეს პროფესიული განათლების ხაზით. საბოლოოდ ვიღებთ გაუგებარი დიპლომით შეიარაღებულ, ხელმოცარულ ახალგაზრდას, რომელიც განწირულია მთელი ცხოვრება ბუნდოვანი მომავლის იმედით საცხოვრებლად. მაშინ, როდესაც პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში მას შეეძლო მიეღო მისთვის სასურველი  ცოდნა და დასაქმებულიყო კიდეც გაცილებით მოკლე ვადაში. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე დაკარგეს ოთხი წელი მათთვის უინტერესო, მაგრამ მშობლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სწავლაში, მოდიან კოლეჯებში ირჩევენ მათთვის სასურველ პროფესიას და შემდეგ ამ პროფესიით იწყებენ მუშაობას. ეს არის სწორედ ჩვენში ჩაკირული მენტალიტეტის პრობლემა, არასწორად გადანაწილებული  და გამოყენებული ადამიანური რესურსი არანაკლებ აქვეითებს და დროში უკან სწევს სახელმწიფოს განვითარებას.

გამოსავალი - რა თქმა უნდა არაა ადვილი საპოვნელი, არც იმისი პრეტენზია მაქვს რომ ჩემი მოსაზრება პანაცეად გამოდგება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიული ორიენტაცია სწორედ სკოლის პერიოდში უნდა დაიწყოს. ყველა სკოლას უნდა  ყავდეს პროფორიენტაციის მენეჯერი, რომელიც იმუშავებს არა მარტო მოსწავლეებთან არამედ მათ მშობლებთანაც, (განსაკუთრებით უმცროსკლასელთა) რადგან სწორედ ეს კატეგორია საჭიროებს სწორად დაკვალიანებას პროფესიის არჩევის შესახებ, მათთვის ეწყობოდეს ექსკურსიები, შეხვედრები წარმატებულ და რეალიზებულ ადამიანებთან.  მე ვფიქრობ სკოლის ასაკშივე სწორი წარმოდგენების შექმნა ქვეყანაში არსებული პროფესიული პროგრამებისა და მათი ძირითადი საქმიანობის შესახებ ხელს შეუწყობს მშობელთა და მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას პროფესიული განათლების მიმართ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 585 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი