ბულინგი და მობინგი - მონსტრები, რომლებიც უნდა დავამარცხოთ

ხალხის ხმა Written by  პარასკევი, 16 აგვისტო 2019 07:14 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ფიქრია გელაშვილი

არაფერი ახალი არ ხდება, ეს იყო, არის და გვინდა, რომ აღარ იყოს, რადგან მაშინ, ბავშვობაში თავისი სახელი თითქოს არაფერს ერქვა. მოვლენა არსებობდა, ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრავმები აჩნდებოდათ და როდესაც გავიზარდეთ, ზოგი ძალადობის მსხვერპლია, ზოგიც მოძალადე, ზოგიც შეცვლილი ფსიქიკის და საზოგადოებას ასე და ამგვარად „ ნებიერიძეც“ კი გამოერია...

დრო გავიდა, დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და იცვლება კიდევ... ბევრ რამეს სახელები დაერქვა - ბულინგი (ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრას) და მობინგი (როდესაც კოლექტივი ან კლასი სისტემატურად იჩენს არაეთიკურ და მტრულ დამოკიდებულებას ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ). როდესაც რაღაც სახელის გარეშე არსებობს, მასთან ბრძოლა ცოტა არიყოს და რთულია. დაერქვა სახელი, ხოდა მგონი დროა, ბრძოლა გამოვუცხადოთ იმ საშინელ „მონსტრს“, ვინც ბევრი ბავშვი აატირა, ვინც ბევრი ბავშვი მოკლა და არ ჩერდება, აგრძელებს თავის დანაშაულებრივ ქმედებას.

თითქოსდა, მეგონა ბავშობის მერე მე აღარავინ დამაბულინგებდა და ცხოვრებას მშვიდად ვაგრძელებდი მანამდე, სანამ არ აღმოვაჩინე რომ სოციალურ ქსელში ჩემივე კედელზე, ჩემივე აზრის დაფიქსირებისთვის დამაბულინგეს. წერ პოსტს და ზუსტად იცი უამრავი „ბულერი“ გამოჩნდება და ანათემას გადაგცემენ მხოლოდ იმის გამო, რომ გაგაჩნია საკუთარი აზრი, რომელიც არ ემთხვევა პეტრეს, პავლეს და ივანეს აზრს.

ამ დროს ხელის გულები გიოფლიანდება, თითქოს სუნთქვაც გიჩქარდება, ყელში ბურთი გეჩხირება და საკუთარი ტუჩების ჭამას იწყებ. არ იცი რა გააკეთო. უნდა გაუძლო და იმ პრინციპით იმოქმედო „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე მობინგის მსხვერპლი ვიყავი და თითქოს გარშემო მოკავშირეებს ვეძებდი ვინც ,,ჩემიანი“ იქნებოდა და მეტყოდა, რომ არც მე ვტყუოდი, მეც შემეძლო განსხვავებული აზრი მქონოდა და როგორი უკუღმართიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრი, პატივი უნდა ეცათ.

ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამაბოროტა ბულინგის ნეგატიურმა გამოცდილებამ სკოლაში? (ესეც იყო, კი... ), რატომ არ გამიჩნდა უნდობლობა საზოგადოების და ადამიანების მიმართ, რატომ არ ვარ საკუთარ თავში ჩაკეტილი, უსუსური, დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდი. პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მე მქონდა რესურსი და დღემდე მაქვს! და რესურსში ვგულისხმობ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სოციალურ რესურსებს, იმ შინაგანი და გარე საშუალებების ერთობლიობას, რასაც ვეყრდნობოდი და რაც მეხმარებოდა ნეგატიურ გამოცდილებასთან გამკლავებაში. გარდა ამ ყველაფრისა, სოციუმი, სადაც ვტრიალებდი - ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, საბედნიეროდ ძლიერი ძალა აღმოჩნდა, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება საკუთარი ადგილის ჯერ დამკვიდრებაში, მერე გამყარებასა და შენარჩუნებაში.

როდესაც იზრდები საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, ძალას და ენერგიას სხვაგვარად აფასებ. ეს ძალა ვფიქრობ ყველა აქვს. იმ უსუსურ და უმწეო ბავშვს კი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი ხარ, საჭირო იარაღი (საკუთარი ძალა) გაქვს, მაგრამ არ იცი რაში და როგორ გამოიყენო, ხოდა ბულინგის დროს შენს ხელთ არსებული იარაღის გამოყენების მაგივრად, ხელებს იფარებ თვალებზე, რომ ბულერს დაემალო ან ხელებს იქნევ უაზროდ, უმიზნოდ და უმისამართოდ ჰაერში, რათა ბულერი დროებით მოიგერიო, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებ.

მე გამიმართლა, დიახ გამიმართლა და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მრავალ ბავშვს არ გაუმართლა. გამართლებაზე ორიენტირებული და დამოკიდებული რომ ვერ ვიქნებით, ხომ ფაქტია და მხოლოდ გამართლების იმედად არც უნდა ვიყოთ. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ის ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებსაც არ გააჩნიათ საჭირო რესურსი და ძალა ებრძოლონ „საზოგადოებას“ საკუთარი თავის გადასარჩენად და დასაცავად. ამ ადამიანების შემთხვევაში, ბულინგს შესაძლოა წარმოუდგენლად ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. მაგალითად, ახალგაზრდები დისფუნქციური ოჯახებიდან, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გარემო, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც შესაძლოა ოჯახის და სოციუმის არასწორი მოპყრობის გამო ყველა განცდა, მხარდაჭერის სურვილი და იმედი ჩანასახშივე ჩაიკლას. ასეთ დროს ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და ვერცერთ მნიშვნელოვან სივრცეში ვერ ლაგდები: სკოლა და ოჯახი, მეგობრები და ახლობლები - ვერ გამოდიხარ მსხვერპლის როლიდან.

არ ღირს ჩაღრმავება და ფესვებში ჩასვლა, თუ რა გართულებები და უკუჩვენებები მოყვება აღნიშნულ მდგომარეობას. უბრალოდ სიტუაციასთან გამკლავების ერთ-ერთ ფორმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს მექანიზმი კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს: სკოლებში მოქმედი რესურსული სივრცის არსებობა, რომელიც ინტერვენციის და პრევენციის კარგ საშუალებას წარმოადგენს. საგანმანათლებლო კრეატიული პროგრამის შემუშავება, რომელიც სისტემურად იმუშავებს სკოლასა და მშობელთან, პედაგოგებთან, მოძალადეებთან, ბულერებთან, მსხვერპლთან და პოტენციურ ( ჯერ კიდევ გადარჩენილ) სოციუმთან.

ვფიქრობ „მონსტრთან“ ბრძოლა, რომელიც გადაუდებელი და სასწრაფოდ დასაწყებია სისტემურ მიდგომას საჭიროებს. ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვებრძოლოთ, როგორც შეგვიძლია ბულინგს და მობინგს. ყველას გვაქვს იმისი ძალა, რაღაც მაინც შევცვალოთ, ვიღაც მაინც დავიცვათ და სხვა თუ არაფერი, თვითშეფასება და საკუთარი ძალის დანახვა ვასწავლოთ ახალგაზრდებს. მშობლებს მეტი დათმენა, მეტი საუბარი და გაგება გვმართებს, მეტი დაინტერესება, თუ რას აკეთებს შვილი და რა ადგილი უკავია თანატოლებში. მასწავლებლებს კი თანამედროვე მიდგომების გადახედვა, თანამედროვე ტენდენციებით ურთიერთობა მოსწავლეებთან და მოძველებული და დენთის სუნით გაჟღენთილი, სტერეოტიპული მიდგომების შეცვლა. რა თქმა უნდა, ბულინგი საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრება და ყველა საზოგადოებაში ყველა თაობაში და სოციუმში იარსებებს. უბრალოდ ტრაექტორია უნდა შევცვალოთ, სწორი მიმართულებით დავიწყოთ ბრძოლა იმ იმედით, რომ საბოლოოდ, სკოლის დამთავრების შემდგომ, ჯანსაღ გარემოში, თავისუფალ და მოტივირებულ ახალგაზრდებად ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდები.

დროა აგრესია ნელ-ნელა ჩავაქროთ. ბულინგი იყო უსახელოდ და დაერქვა სახელი.. კიდევ იქნება და უკვე სახელით იარსებებს. ომებიც იყო და ყოველთვის ვიმარჯვებდით. იმედია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ საშინელი ბულინგის წინააღმდეგ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 781 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი