გორელი პედაგოგი, რომელიც 34 წელია რაჭის მაღალმთიან სოფელში მათემატიკას ასწავლის

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ გლოლაში ერთი სკოლაა. აქ ამჟამად 21 მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლაში მათემატიკას ნაირა ზეგარდელი ასწავლის, რომელმაც გორი 34 წლის წინ დატოვა. 

ნაირა ზეგარდელი გორის მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა. გორშივე დაამთავრა ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტი. ქალაქიდან წასვლა საკუთარი პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა - პედაგოგიური საქმიანობის დაწყება მას რაჭაში შესთავაზეს.

,,უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, გორის მეათე საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა ადმინისტრაციულ სამსახურში, იქ რამოდენიმე წელი ვიმუშავე. მაშინ მაღალმთიან სოფლის სკოლებში პედაგოგები ესაჭიროებოდათ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემომთავაზეს რაჭაში წავსულიყავი პედაგოგიური საქმიანობის დასაწყებად,.მიუხედავად იმისა რომ დასაქმებული ვიყავი, ფიქრი არ დამჭირვებია, ისე მივიღე გადაწყვეტილება. დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ ყველა პროფესიონალმა იქ უნდა აკეთოს თავისი საქმე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას“, - ამბობს ნაირა ზეგარდელი.

1985 წელს სოფელ გლოლას საშუალო სკოლაში 97 მოსწავლე სწავლობდა, იყო კეთილმოწყობილი სკოლა და მასწავლებელთა საცხოვრებელი სახლიც. სწორედ ამ სახლში დასახლდა ნაირა ზეგარდელი, ერთ-ერთ კოლეგასთან ერთად.

"ვცხოვრობდი მასწავლებელთა სახლში, საცხოვრებელი პირობები კარგი გვქონდა. მიუხედავად ამისა, თავიდან ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. მენატრებოდა ჩემი გორი, ოჯახი, მეგობრებ . ყველა სირთულე მოსწავლეების და თანამშრომლების სიყვარულმა დამაძლევინა, უსაზღვროდ წრფელი და დიდი სიყვარული იციან რაჭველებმა“, - გვეუბნევა ნაირა.

დღეს მას გლოლაში საკუთარი ოჯახიც ჰყავს. მეუღლე სწორედ ამ სოფელში გაიცნო.

,,აქ მუშაობიდან 6 თვის შემდეგ გავიცანი ჩემი მეუღლე, შეგვიყვარდა ერთმანეთი და მალევე შევქმენით ოჯახი. სწორედ ეს ქორწინება გახდა იმისი გარანტი, რომ მე მთელი ცხოვრება რაჭას მივუძღვენი“.

ნაირამ თავის ახალ საახლობლოსთან ერთად, ბევრი სირთულე გადალახა. ამბობს, რომ რაჭისთვის დამახასიათებელი მკაცრი ზამთრის გამო, ხშირად თვეების განმავლობაში, სოფლიდანაც კი ვერ გადიოდნენ.

„აქ მკაცრი ზამთარი იცის და ხშირად გვქონია შემთხვევა, თვეების განმავლობაში ჩაკეტილებს გვიცხოვრია სოფელში. განსაკუთრებით რთული იყო 90 -იან წლებში, ყველა პრობლემას თან ერთვოდა უშუქობა და გაყინული ხელფასები“.

ნაირას სამი შვილი ჰყავს. მათგან სოფელში მხოლოდ ერთი ცხოვრობს. ნაირა ამბობს, რომ ეს მტკივნეული, მაგრამ ბუნებრივია, რადგან სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის.

"სოფელში მაცხოვრებელთა რიცხვი ყოველწლიურად იკლებს. ჩემმა შვილებმაც დატოვეს სოფელი და ჩემს მშობლიურ ქალაქ გორში დაიმკვიდრეს თავი. ოჯახში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაც თანდათან იკლებს. წელს საპენსიო ასაკი შემისრულდა, შემეძლო ამეღო სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული ჯილდ , წავსულიყავი და შვილებთან და შვილიშვილებთან გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ამისი უფლება ვერ მივეცი თავს, ჩავაბარე გამოცდები და დავრჩი ჩემს ძვირფას მოსწავლეებთან, მე მათ ვჭირდები და მათგან წასვლა ღალატის ტოლფასად მიმაჩნია", - ამბობს ნაირა ზეგარდელი.

 

Read 1126 times Last modified on პარასკევი, 23 აგვისტო 2019 11:26

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი