მაია ტურაშვილი - გორელი მსახიობი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

Rate this item
(0 votes)

მაია ტურაშვილი გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობია. ის, უკვე წლებია, მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. ბოლო გამოკვლევების მიხედვით კი, დაავადება აღარ პროგრესირებს.

როგორც თავად ამბობს, სიმსივნის დამარცხებაში სიყვარული დაეხმარა. მაია ტურაშვილი ცხოვრების რთულ პერიოდებზე საუბრისას 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როდესაც იმავე დაავადებამ, რომელსაც ახლა თავად ებრძვის, მისი შვილი იმსხვერპლა.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე და რთული პერიოდი 11 წლის წინ იყო, როდესაც მე ჩემს შვილს სამუდამოდ გამოვემშვიდობე. სწორედ მაშინ შევხვდი პორისპირ სიკვდილს, რომელმაც ჩემი უდიდესი ნაწილი წაიღო.  სწორედ 11 1წლის წინ შევხვდი პირველად ამ საზარელ სენს. 9 წლის და სამი თვის თავზე კი, ის მეც მეწვია. თავიდან კი დააპირა ჩემი დამორჩილება, მაგრამ როცა ჩემს ქმარ-შვილს შევხედე, მივხვდი, რომ უნდა მებრძოლა." 

მაია ტურაშვილი ამბობს, რომ სიკვდილის არ შეშინებია, თუმცა მიხვდა, რომ ოჯახის წევრებისთვის და იმ ხალხისთვის, რომელსაც ის უყვარს, უნდა ებრძოლა. 

„ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთ მძიმე ფინანსებს გავუმკლავდებოდი. ერთი წამალი 8 000 ღირს და მეორე - 2 800. კიდევ სხვა ბევრი წამალი, კვლევა თუ ანალიზი მჭირდება და ეს ციფრი ასტრონომიულად იზრდება. მადლობა უფალს, რომ შევძელი, მოვერიე და დავამარცხე ჩემი შვილის მკვლელი საშინელი სენი. მართალია, მთლად არ განვთავისუფლდი, მაინც ვმკურნალობ, მაგრამ მე ის დავამარცხე. სიკვდილზე არც მიფიქრია, რადგან მე 11 წლის წინ მოვკვდი. ასე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ოღონდ ღირსეულს”

მაია ტურაშვილი ფიქრობს, რომ მისი ამბავი მოტივაციად უნდა იქცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადებას ებრძვიან. იგი ამბობს, რომ რწმენა და განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღემდე ჩემს ტვინს არ სჯერა, რომ მე ამხელა სენი მჭირს და არცაა საჭირო დაიჯეროს. იცხოვრეთ ჩვეული რიტმით, რამდენადაც შეძლებთ, რადგან მერწმუნეთ ეს მართლა არაა განაჩენი. არ დანებდეთ. ენდეთ ექიმს და პირველ რიგში, უფალს! ყველას ჯანმრთელობას და გამარჯვებას გისურვებთ. მე ხომ მეოთხე სტადია დავამარცხე?! ესეც თქვენი მოტივაცია“.

განვლილი რთული გზის შემდეგ, მაია ტურაშვილს საზოგადოებისთვის განსხვავებული გზავნილი აქვს. იგი მოუწოდებს ადამიანებს, რომ ნუ შეაფასებენ ერთმანეთს ვიზუალით, ნუ ატკენენ ერთმანეთს გულს, რადგან ცხოვრება ძალიან პატარაა ყველა წამი კი ძვირფასი.

„ მინდა გთხოვოთ, არასოდეს არ შეაფასოთ ადამიანი ვიზუალიდან გამომდინარე, რადგან მე პირადად, როდესაც ცუდად ვარ, სწორედ მაშინ ვარ ყველაზე მაგარ ფორმაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვის გულში რა ტრიალებს. ასევე გთხოვდით, ბევრი მადლი აკეთეთ, რადგან მხოლოდ მადლისა და სიყვარულის ენერგეტიკა ამოძრავებს დედამიწას. მერწმუნეთ მართლაც ასეა, ის უკან ორმაგად და ასმაგად ბრუნდება."

მაია ტურაშვილი ასევე მთავრობასაც მიმართავს თხოვნით. მისი სურვილია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფასო გახდეს. იგი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც განკურნებული პაციენტი იმის გამო, რომ ვერ გააკონტროლა წამლებით სენი, ისევ დაავადდა.

„ეს ის დაავადებაა რომელსაც ცხოვრების ბოლომდე უნდა წამალი და კონტროლი. კონტროლიც ისეთი ძვირია, რომ ბევრ განკურნებულ პაციენტს იმის გამო, რომ ვერ იკონტროლა სამ თვეში ერთხელ უფულობის გამო, ისევ დაუბრუნდა ეს საშინელი სენი. იყავით მოწყალენი.“

რთული პერიოდების მიუხედავად, თეატრს მაია ტურაშვილის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. განსაკუთრებულ როლებზე საუბრისას, იხსენებს სპექტაკლს „გველეშაპის ქორწინება“, რომელიც გორში ბულგარელმა რეჟისორმა დადგა.

“თეატრი ჩემთვის სულის საკვებია. როდესაც თეატრში შევაბიჯებ, ისეთი განცდა მაქვს, პირველად რომ მიდის შეყვარებული გოგო პაემანზე. თეატრში მისულს კულისების სუნი მეგებება. იქ კი ჩემი მეორე ოჯახია. ოჯახი, რომელთანაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების უდიდესი დრო მაქვს დათმობილი და ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, ჭირიც და ლხინიც გავიზიარო. მსახიობისთვის ცოტა რთულია გამოყოს როლი, რადგან ჩვენ ენაზე ჩვენ როლებს შვილებს ვუწოდებთ, რომლებიც პრემიერის სახით ევლინებიან ქვეყანას. ამიტომაა, რომ ამბობე,  ხელოვანები ცოტა ვერ არიანო, რაღაც ნაწილში ვეთანხმები. მაინც გამოვყოფ ჩემთვის ყველაზე ძვირფას სპექტაკლს "გველეშაპის ქორწინება". ეს პიესა ბულგარელმა რეჟისორმა დადგა ჩვენს თეატრში, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა”

სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს. სპონტანურობას ანიჭებს უპირატესობას, რადგან როგორც თავად ამბობს, რამდენჯერაც დაგეგმა რაიმე, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. მისი სურვილია, რომ ექიმმა ერთ დღეს უთხრას, რომ არანაირი წამალი აღარ სჭირდება. მას სწამს რომ ასეთი დღეც დადგება.

"ჩემი უპირველესი მიზანია, ექიმმა მითხრას, რომ წადი სახლში, წამალია აღარ გჭირდებაო. მე მწამს, რომ ეს ასეც მოხდება უფლის ნებით. ასევე თეატრში რამე გულიან როლზე ვიმუშავებდი და კიდევ იცით რა მაქვს ჩაფიქრებული? ინტენსიურად დავეხმარო ადამიანებს, ვაკეთო ქველმოქმედება, რამდენადაც მომცემს ამის საშუალებას ჩემი ბიუჯეტი”.

Read 883 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი