ლიკა შუბითიძე - მინდა ისეთი მუსიკა შევქმნა, რომელიც სტალინის სახელს წაშლის

Rate this item
(0 votes)

გორელი მომღერალი ლიკა შუბითიძე 10 წელია აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ცხოვრობს.

მას ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. ჯერ კიდევ, 2004 წელს მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში "ნუცას სკოლა", სადაც ფინალისტი გახდა და სპეციალური პრიზიც აიღო, როგორც ყველაზე ინტელექტუალურმა მომღერალმა. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო მორიგ კონკურსში "ჯეოსტარი", სადაც ასევე ფინალისტი გახდა. 2008 წლიდან დღემდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში ცხოვრობს.

“მეტი თავგადასავალი და მეტი მუსიკა მინდოდა და ამერიკა მშვენიერი ადგილია ამისთვის”, - ამბობს ის.

რომ ჰკითხოთ, თუ ვინ არის ლიკა შუბითიძე, გიპასუხებთ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ტყუილი და უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც ხმას გამოსცემს.

როგორც თავად ამბობს, მუსიკით ბავშვობიდან „მოწამლულია“. მან ქ. გორის მე–3 საშუალო სკოლა დაამთავრა. ასევე სწავლობდა გორის მე–2 სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით.

“ბავშვობიდან "მოვიწამლე" მუსიკით და მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა და იმედგაცრუებისა, ვერასოდეს გავჩერდი. გამიმართლა, რომ ოჯახი და მეგობრები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და ასეთი მხარდაჭერით ყველაფერს გადალახავ”.


თუ კი ცხოვრების დასამახსოვრებელ და გამორჩეულ პერიოდზე ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი დასამახსოვრებელი ხასიათი. ამბობს, რომ სურს თითოეული მომენტი დაიმახსოვროს. ლიკა შუბითიძისთვის ცხოვრება ორად იყოფა საქართველოში გატარებული წლები და ამერიკაში. „ორივე საინტერესო და შემოქმედებითია”, - ამბობს ის.

„ჩემს ქმართან ერთად ვმუშაობ პროექტ „homospouses”-ის პირველ ალბომზე, რომელიც მალე გამოვა. ქაოტური, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მაქვს. მალე ჩვენი ახალი ვიდეო-კლიპი გამოვა. ორი ვერსია იქნება, ინგლისური და ქართული. ალბომი უკვე ვახსენეთ. საქართველოშიც ვაპირებთ ჩამოსვლას ზამთარში და იმედია გეგმები არ აგვერევა”.

ლიკა შუბითიძის სახელს და გვარს თუ „გუგლი“-ს საძიებო სისტემაში ჩაწერთ, მის შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებას შეძლებთ, თუმცა არსებობს ისეთი დეტალებიც, რაც „გუგლმაც“ კი არ იცის.

“ამას წინად გადავწყვიტე, არ ვიყიდო არაფერი, სანამ არ დაიხევა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რაც უკვე მაქვს”, - ამბობს ლიკა შუბითიძე.

ის ასევე იხსენებს დუეტს ირაკლი ჩარკვიანთან.

“ირაკლი ჩარკვიანთან დუეტი ძალიან კარგი იყო. საოცარი მუხტის გაცვლა გამოვიდა ჩემს, ირაკლისა და ხალხს შორის. სიმღერა რომ დავამთავრეთ და თვალები გავახილეთ, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. მახსოვს და არ მავიწყდება”.

ლიკა შუბითიძის სამომავლო გეგმები ისევ და ისევ მუსიკას უკავშირდება - მისი „პროგრამა მაქსიმუმი“ ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც სტალინის სახელს წაშლის.

 

Read 1187 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი