მოზარდთა აგრესია - როგორ გავანეიტრალოთ ის?

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 07:50 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია კურტანიძე, მენტორი მასწავლებელი

მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოებაში. განსაკუთრებით კი მოზარდებში. ეს გახლავთ  მოზარდთა აგრესია. ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ მასშტაბური სახე მიიღო.  ყველას კარგად გვახსოვს და გულს გვიკლავს ხორავას ქუჩის ტრაგედია-არასრულწლოვან თანატოლებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელიც ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა. 

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელმაც შეიძლება მოზარდებში აგრესია განაპირობოს. მაგ. : ძალადობა ოჯახში,  სიღარიბე, დაბალი განათლება, სასკოლო აღზრდის დეფექტები და ა.შ.  თუმცა მე დღეს ამ მიზეზთა განხილვას არ დავიწყებ და როგორც პედაგოგი, ძირითადად  შევეხები სკოლისა და მასწავლებლის როლს აგრესიის პრევენციაში.  პრობლემის ყველაზე ეფექტური და ჰუმანური გადაწყვეტა , სწორედ ძალადობის პრევენციაა.  კონკრეტულად, როგორ უნდა მოხდეს ეს ?! ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა  ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ დროს უარი უნდა ვთქვათ ურთიერთობის ისეთ ნეგატიურ სტილზე, როგორიცაა: ბრძანების, მუქარისა და ბრალდების გამოყენება, ბავშვის შეურაცხყოფა, მისი გრძნობების, სურვილებისა და ინტერესების იგნორირება. მოზარდთან მეტი კონტაქტია საჭირო და არა კონტროლის გაძლიერება.  

  1. ბავშვები მუდმივად აკვირდებიან მათ გარშემომყოფ ადამიანებს, პირველ რიგში კი მშობლებს, მასწავლებლებს, ახლობლებს. ამიტომ აუცილებელია ჯერ ჩვენი ქცევა ვაკონტროლოთ. ის არ უნდა  იყოს აგრესიული, რათა ბავშვებმა/მოზარდებმა არ მოახდინონ ამგვარი ქცევის იმიტაცია.
  2. მოზარდთან ურთიერთობის დროს ჯანსაღი იუმორის გამოყენება მათთან ურთიერთობისას საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს. ამ დროს ისინი უფრო მეტად გახსნილები, კონტაქტურები, გულღიები არიან.
  3. სკოლებში სოციალურ-ფსიქოლოგიური მუშაობა გულისხმობს საინტერესო კონკურსების, ვიქტორინების ჩატარებასაც. ეს მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოზარდის თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, ჯანსაღი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაზე. ასევე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ჩართვა პროფესიული სწავლების პროგრამებში, სხვადასხვა სპორტულ სექციებსა და წრეებში. 
  4. "როლური თამაშები’’- როლური თამაშების გამოყენებით შეგვიძლია მოზარდს ვასწავლოთ, თუ როგორ მოიქცეს აგრესიული სიტუაციის დროს. მაგ: გავათამაშოთ კონფლიქტური სიტუაცია და ვაჩვენოთ არსებული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები, რომლების აგრესიას არ მოიცავს.
  5. ემპათიის, თანაგანცდის გამომუშავება სიმულაციური თამაშებით - ვასწავლით თანაგანცდას, სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის გაიგივებას. შეიძლება თავი წარმოვადგენინოთ აგრესიის მსხვერპლის როლში და ვთხოვოთ გადმოსცეს ის სავარაუდო განცდები, რასაც შეიძლება გრძნობდეს/ განიცდიდეს მსხვერპლი.
  6. ინტერნეტ-სამყაროსთან კონტაქტის შემცირება - აგრესიული ფილმების, ანიმაციების ყურებისა და აგრესიული ვიდეოთამაშების აკრძალვა. მათი ჩანაცვლება შემეცნებითი ინფორმაციითა და თამაშებით. ვაჩვენოთ /ვურჩიოთ ისეთი ფილმები, ანიმაციები, წავუკითხოთ/წავაკითხოთ წიგნები, სტატიები, მოვუყვეთ ისტორიები, სადაც აგრესიული ქცევა იქნება უარყოფილი, ხოლო არაგრესიული წახალისებული.
  7. ვფიქრობ, ამ საკითხში სკოლებს შორის თანამშრომლობა იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, დისკუსიების და სხვ. დაგეგმვა-წარმართვა შეამცირებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის აგრესიას და ხელს შუწყობს მათ დაახლოებას/ დამეგობრებას. 
  8. და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი - კარგი იქნება, თუ ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი. ამჟამად ეს შტატი არსებობს სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილში.

ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ იმისა, თუ როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ მოზარდთა შორის აგრესიის პრევენცია და არც იმაზე დავდებ თავს, რომ მხოლოდ ჩვენ, მასწავლებლები შევძლებთ ამას.  უპირობოდ აუცილებელია, თანამშრომლობა მშობელსა და პედაგოგს შორის.  ხშირად ეს თანამშრომლობა მხოლოდ ერთმანეთის თბილი მოკითხვითა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ კითხვების დასმით შემოიფარგლება. მშობლები არ არიან გახსნილნი პედაგოგთან, თავიანთი შვილის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შესახებ.  არადა მასწავლებელი  იოლად შეძლებს  ბავშვის დახმარებას მაშინ , როდესაც  აქვს ამ ტიპის ინფორმაცია და მშობელთანაც ეფექტურად თანამშრომლობს. 

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

Read 165 times Last modified on ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 08:15

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი