"ადამიანი - ყველასთვის თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულ-შესატკივარი"

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 12:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: სუზი ბერიძე, მშობელი

“ადამიანი-ყველასთვისთანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულ-შესატკივარი

     ილია ჭავჭავაძე ან თუ გნებავთ, წმინდა ილია მართალი

 

რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, რაც უფრო მარტივი გახდა აზრის გამოხატვა სოციალური ქსელების მეშვეობით, მით უფრო გაძლიერდა ის ნეგატივი, რომელსაც ერთმანეთს თავს ვახვევთ. სიძულვილის ენა იქცა გარკვეულწილად თვითრეალიზაციის საშუალებად. თითქოს ვეწინააღმდეგებით ყოველივე ინდივიდუალურს. იარლიყს ვაკერებთ საზოგადოების ყველა ნაწილს, ვყოფთ ადამიანებს „ნათელ“ და „ბნელ“ მხარეებად ისე, რომ ადამიანის არსი და რაობა სრულიად უგულებელყოფილია.

რელიგიურია ადამიანი? - უსათუოდ „ ბნელია“, დასავლური ღირებულებების მატარებელია? - „გარყვნილი ლიბერალია“, ოკუპაციას აპროტესტებს? – „პროვოკატორია“, განსხვავებული აზრი გააჩნია? –„პოლიტიკურია“ და ასე უსასრულოდ... და რაც მართლაც ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია, „ეს რა თაობა მოდის...“, არაფრისმომცემი, საკუთარი უსუსურობის განმაქარვებელი თავის ქიცინი ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც მართლა არ იმსახურებენ მსგავს შეფასებას! მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თაობა მოდის არაჩვეულებრივი, ჯანსაღი, უკომპრომისო, მებრძოლი და ნიჭიერი. ეს არის თაობა, რომელიც ჩვენს უძველეს, მაგრამ მაინც ახლადფეხადგმულ ერს გამოზრდის დემოკრატიული ღირებულებებით.

და თუ მაინც რამე არ მოგვწონს ახალ თობაში, ესეც წინა თაობებიდან „სარკის ეფექტით“ გადაცემული მანკიერი ჩვევებია. მხოლოდ ზერელე შეგონებებით ვერ გახვალ იოლად თაობასთან, რომელსაც პირადი მაგალითით სხვა რამეს აჩვენებ.
ნარკომანია, ლოთობა, ლუდომანია და - ამ ყველაფრისგან გამოწვეული გახშირებული სუიციდი ახალგაზრდებში - არ არის ახალი სატკივარი, თუმცა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ხრავს ერს და დამანგრეველ შედეგს გვაძლევს , რომელიც არ უნდა გამოგვეპაროს სხვა პრობლემების ფონზე. თუ დღეს ეს პირადად შენს ოჯახს არ ეხება, არ ნიშნავს რომ გვერდს აგივლის...
გამოსავლად კი მხოლოდ თითოეული ჩვენგანის მიერ საკუთარ თავზე აღებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მესახება. რადგან ვართ ადამიანები, ვალდებულებიც ვართ ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ საკუთარი თუ სხვების ბედნიერებისთვისო, - წერდა ადამ სმითი.

ბლოგის მეშვეობით მინდა გამოვთქვა ინიციატივა, თუ სურვილი რიგითი მოქალაქის - გაერთიანების სურვილი, სოციალური ქსელებიდან კი არა, რეალურად, ახალგაზრდებთან ახლოს მისვლის სურვილი. სასულიერო პირები (კონფესიის მიუხედავად), საჯარო მოხელეები (პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად), სპორტსმენები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, უბრალოდ დედები და მამები, გავერთიანდეთ ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის. მოვუყვეთ, როგორ დავძლიეთ ნარკომანობა, ლოთობა, როგორ ვთქვით უარი აზარტულ თამაშებზე, როგორ გადავიტანეთ შეყვარებულთან დაშორება, როგორ ვძლიეთ ფიქრებს თვითმკვლელობაზე... მათთან ერთად ვეძიოთ გამოსავალი, მათთან ერთად ვირბინოთ მარათონებზე, ვითამაშოთ ფეხბურთი თუ სამაგიდო თამაშები. ვაჩვენოთ საკუთარი მაგალითით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი უმთავრესია და მომავალიც გაცილებით მშვენიერი იქნება, ვიდრე ეს რომელიმე კონკრეტულ მომენტში გვეჩვენება. ყოველივე ამის შემდეგ კი აღარ დაგვერჩება დრო სიძულვილის ენით საუბრისა და წმინდა ილია მართლისა არ იყოს, ადამიანი იქნება „ყველასთვის თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულ-შესატკივარი“.

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 3322 times Last modified on ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 18:08

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი