ქალი „ახალბაღიდან“

Rate this item
(0 votes)

თუ კი თქვენ გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, აუცილებლად შეამჩნევდით ქალს, რომელიც უკვე 14 წელია, აქ მზესუმზირას და სხვა წვრილმანებს ყიდის. „ახალბაღში“ დღის 11 საათზე გამოდის სამუშაოდ, თუმცა რეალურად მისი სამუშაო დღე ბევრად ადრე იწყება.

„სეზონს გააჩნია, დილის 5 საათზე ვდგები ხოლმე, ხან მაყვალს ვაგროვებ ტყეებში, ხან აპლიპიხას. ადრიან გაზაფხულზე იებს ვკრეფ ხოლმე და მერე აქ მომაქვს გასაყიდად. არასდროს არ ვჩერდები. 11 საათზე მოვდივარ და საღამოს 11 საათამდე აქ ვარ ხოლმე“.

ეთერ ბალახაძის დღიური შემოსავალი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. ქირით ცხოვრობს, ხან სად, ხან სად. ამბობს, რომ ადრე უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, რადგან ხალხს ნაკლებად უჭირდა და კლიენტიც მეტი ჰყავდა.

„რა ცხოვრება გვაქვს? დილიდან საღამომდე ვდგავარ, ხან 5 ლარს, ხან 3 ლარსაც ძლივს ვშოულობ. ხალხს ფიზიკურად აღარ აქვს ფული. წივილ-კივილით მიჰყავთ ბავშვები, რომ არ აქვთ საშუალება და ვერ ყიდულობენ რაღაცებს“.

70 წლის არის და მომავალს უიმედოდ უყურებს. პენსია ქირის გადასახადისთვისაც არ ჰყოფნის. მუდმივად სჭირდება წამლები. რადგან რამდენჯერმე წვიმაში მოყვა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„ნებისმიერ სეზონზე ვპოულობ საქმეს. სამუშაოს გარეშე არასდროს ვყოფილვარ. თონეშიც ვმუშაობდი მცხობელად, დამლაგებლადაც მიმუშავია. არ მეთაკილება არაფერი, პატიოსანი შრომით მოპოვებულ ლუკმას, სულ სხვა გემო აქვს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მათხოვრობენ“.

ეთერ ბალახაძეს 2008 წლის ომის დროს გორი არ მიუტოვებია. იგი რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს იხსენებს ამ პერიოდიდან. მის თვალწინ მოხდა შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცი კომბინატის ხიდთან მოულოდნელად ცუდად გახდა.

„აქვე კომბინატის ხიდთან, რუსი ჯარისკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა ჩემ თვალწინ. სასწრაფო გამოვიძახეთ. გაუკვირდათ რუსებს, რომ დავეხმარეთ. ასე ამბობდნენ, ჩვენც არ ვიცოდით რომ გამოგვიძახეს, სად მოვდიოდითო. მოულოდნელად აღმოჩნდნენ გორში. სასწრაფო დახმარების მანქანა ძალიან მალე მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოუსწრეს, როგორც გაირკვა, რუს ჯარისკაცს გული გაუსკდა“.

სწორედ ეთერ ბალახაძე იყო ადამიანი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა ისე, როგორც მას შეეძლო.

„ტელეფონი დაგვატენინე, მეტი არაფერი გვინდაო, ჩვენი ბიჭები მთხოვდნენ ხოლმე. სიგარეტი მქონდა გასაყიდი და მივეცი, არაფერი მინდოდა იმათი. მივდივართ და სად მივდივართ, არ ვიციო, - ასე მეუბნებოდნენ ჩვენი, ქართველი ჯარისკაცები“.

ღიმილით იხსენებს დღეს, როდესაც საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა და ქალთა უფლებების აქტივისტმა რუსუდან გოცირიძემ მისგან ჯეჯილი იყიდა.

„წინასააღდგომოდ, ჯეჯილს ვთესავ ხოლმე და მერე გასაყიდად გამომაქვს ერთხელ რუსუდან გოცირიძემ იყიდა ჩემგან 10 ცალი ჯეჯილი, ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, ერთ წუთში შემაყვარა თავი“.

ეთერ ბალახაძე ადამიანებს, რომლებიც „ახალბაღში“ გადაადგილდებიან, 14 წელია აკვირდება და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, გორში ნაკლებ ღიმილიან სახეს ხედავს. ის გორელებს ღიმილით სავსე დღეებს უსურვებს.

„მინდა ისეთ დღეს მოვესწრო, როცა ჩემ წინ ადამიანები ბედნიერი სახეებით ჩაივლიან და აღარ დავინახავ ბავშვებს, რომლებიც იმიტომ ტირიან, რომ მშობლებს საკმარისი ფული არ აღმოაჩნდათ მზესუმზირის ან თუნდაც ბურბუშელის საყიდლად...“

Read 634 times Last modified on პარასკევი, 30 აგვისტო 2019 07:28

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი