მწვანე საფარი - პროექტი, რომელიც სჭირდება ქალაქს

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 09:38 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლელა ჯაყელი

ქალაქი, რეალურ სივრცეში კონკრეტულ ტერიორიაზე არსებობს და ვითარდება, ამიტომ ქალაქში მიმდინარე ყველა პროცესსა და საქმიანობას სივრცითი განზომილება აქვს. ქალაქი, რაგინდ განვითარებულიც არ უნდა იყოს ეკონომიკურად, უპირველესად ის კულტურის ფუნქციის მატარებელია.

მე, როგორც ამ ქალაქის მკვიდრი, გორზე ვისაუბრებ; ვისაუბრებ პრობლემაზე, რომელიც იყო არის და, ვფიქრობ, მომავალშიც იქნება. საერთაშორისო უკანასკნელი კვლევები ეკოლოგიის კუთხით საგანგაშოა. ბუნებრივი გარემოს გაუარესებასთან ერთად, უარსდება ქალაქის მოსახლეობის სასიცოცხლო პირობები - ჟანგბადის დეფიციტი, ჰაერსა და ნიადაგში ტოქსიკურ ნივთიერებათა რაოდენობის ზრდა, სასმელი წყლის დაბინძურება.

ქალაქის ,,ჯანმთელობა’’ სხვა ფაქტორებთან ერთად, ქალაქის მწვანე საფარის გაზრდის შესაძლებლობებსაც გულისხმობს. თანამედროვე ეტაპზე ქალაქის მოსახლეობის ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით, დიდი ყურადღება ექცევა ქალაქის გამწვანებას. ქალაქის მწვანე ზონები არა მარტო ეკოლოგიური, არამედ რეკრიაციული და ესთეტიკური ფუნქციის მატარებელიცაა. ხოდა, ჩვენს ხელთ არსებული რესურსით, როგორ მოვახდინოთ ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის გაზრდა - ნაკლები დანახარჯით და მეტი სარგებლით.

მაქვს პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების გეგმა, პროექტი, შეიძლება ითქვას ინიციატივა, შეთავაზებაც, რომელიც კომპლექსურად სასიკეთოდ დაგვიბრუნდება. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტში დეტალურად გაიწერება ინტერვენციები დროსა და სივრცეში. უახლოეს პერსპექტივაში კი, დავინახავთ შედეგს.

უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე უწყებათაშორის უნდა შეჯერება (შეთანხმება დამტკიცება). საწყის ეტაპზე უნდა შეირჩეს ქალაქის 2-3 საჯარო სკოლა, შეიძლება მეტიც. შერჩეული სკოლების პირველკლასელები მშობლებთან (მეურვეებთან) ერთად დარგავენ თითო-თითო ხეს. სავალდებულო მოთხოვნად იქცევა დარგული ხის მოვლა-პატრონობა სკოლის დამთავრებამდე (იგულისხმება 12 წელი). უშუალოდ პროცესის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, სპეციალისტების მიერ შემუშავდეს, მომზადდეს და გამოიცეს შეზღუდვების და რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის ნაყოფიერ განხორციელებას.

მაგალითად, რა სახის შეზღვუდვები და რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული "მწვანე საფარის“ მოწყობისას; როგორც ვიცით, იფანს ცაცხვს და ნეკერჩხალს აქვს ქარგამძლე უნარი, ამავდროულად ცაცხვი შეიძლება დაირგოს სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს, რადგან მას ჰაერის გაწმენდის უნიკალური თვისება აქვს. ვერხვი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების ნაგებობების ახლოს არაა რეკომენდირებული, რადგან მძლავრ ფესვთა სისტემის გამო შეიძლება შენობის საძირკველი დააზიანოს... ამ და მსგავსს საკითხებზე მნიშვნელოვანია სპეციალისტების მოსაზრებები. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციები მოვლა-პატრონობასთან დაკაშირებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქალაქში არსებული საჯარო სკოლების უმეტესობას აქვს თავისუფალი ფართები, რომლებიც აუთვისებელია. მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული ფართების ათვისება.

შემდგომი აქტივობები სხვადასხვა სახის კონკურსში უნდა გაგრძელდეს. სკოლების მოტივირების მიზნით, კარგი იქნება თუ მოხდება სკოლების წახალისება და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. დროთა განმავლობაში, დავინახავთ ქალაქის იერსახის ცვლილებას.

როგორც თავში აღვნიშნე, ქალაქი კულტურის ფუნქციის მატარებელია. ქალაქში "მწვანე საფარი“ ამ კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდება. ისიც აღვნიშნე, რომ ამ პროქტს კომპლექსურად ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. მხედველობაში მაქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მოზარდს უვითარდება სხვადასხა აქტივობის განხორციელების დროს. შეიქმნება ბუკლეტები, ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, ვინაიდან ეკოლოგიური განათლება და ეკოცნობიერების ჩამოყალიბება ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომობითი პროცესია, რომელშიც ქალაქის მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული, სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფები. ეკოგანათლება კი სკოლამდელი სასკოლო განათლების პირველივე საფეხურიდან უნდა იწყებოდეს, როგორც ადამიანის გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობის უნარი, რათა მოზარდის ცნობიერებაში საკუთარი პერსონის ბუნების ნაწილად ასოცირება მოხდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება სკოლის და მშობლის (მეურვის) ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთხელშეწყობა, რომელიც თაობიდან თაობაში ციკლურად მოხდება და ახლო პერსპექტივაში ჩვენი პროექტის "მწვანე საფარის“ სიკეთეს დაგვანახებს.

... დაბოლოს თემასთან კავშირშია. ძალიან მინდა ჩემს ქალაქში მოხდეს ველოსიპედებით მოძრაობის კულტურის დამკვიდრება. ძალიან მინდა მოსწავლეები სკოლაში ველოსიპედებით მოძრაობდნენ და არა მარტო მოსწავლეები. ამისათვის შეიქმნას უსაფრთხო გარემო და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვისაც ხელეწიფება ამ მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყება და გახორციელება დაიწყოს. ის ხომ ისტორიაში შევა და მასზე თაობები ისაუბრებენ.

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

Read 2259 times Last modified on სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 09:52

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი