წერე სპორტზე

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019 11:32 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ვასილ ბალახაძე

რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ რეგიონულ გაზეთში, პოლიტიკაზე მწერალ ჩემს მეგობარ ჟურნალისტს უცნობი პირები კრიტიკიული სტატიის გამო დაემუქრნენ. ჟურნალისტმა ხელმძღვანელი ჩააყენა საქმის კურსში, მან კი უპასუხა, - "ასეთ თემებზე წერა თუ გინდა, სამწუხაროდ მსგავსი პრობლემებისგანაც ვერ იქნები დაზღვეული. თუ ასე არ გინდა, მაშინ ამინდზე, ან სპორტზე წერეო", - და გულიანად გაიცინა.

ამ შემთხვევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას აკეთებდნენ ზოგად თემაზე და ამ განცხადებაზე ხელსაც აწერდნენ. მე იმავე მეგობართან ვიყავი სამსახურში შესული მოსანახულებლად. ის ტელეფონით ესაუბრებოდა ჟურნალისტთა ერთობლივი განცხადების ინიციატორს (ცნობილ ჟურნალისტს), რომელიც მაშინ აქტუალურ თემას ეხმაურებოდა. ვასილსაც უნდა განცხადებაზე ხელის მოწერაო, უთხრა მან მოსაუბრეს. ყურმილის მეორე მხარიდან კი იყო პასუხი:

- ვასილი კი ჟურნალისტია, მაგრამ სპორტული ჟურნალისტია და არ გვინდა, არ არის საჭირო მისი ხელმოწერა ამ მიმართვაზე.

მერე მე და ჩემი მეგობარი ხშირად ღიმილით ვიხსენებდით ორივე ამ შემთხვევას, თუმცა მე გულსაც მტკენდა ამის გახსენება, რადგან არასოდეს მიმაჩნდა, რომ სხვებზე ნაკლებად მიყვარდა ჟურნალისტიკა, სხვაზე ნაკლებ დროს და ენერგიას ვდებდი ჩემს საქმეში, ამასთან, არავიზე ნაკლებად არ მიცდია მემუშავა და გამეშუქებინა ობიექტურად, ვიდრე სხვა სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს. მუდამ ვთვლიდი, რომ ვემსახურებოდი ქვეყნისთვის იმაზე არანაკლებად მნიშვნელოვან საქმეს, ვიდრე სხვა სფეროში მომუშავე ჟურნალისტები.

მეორე მხრივ, კარგად მახსოვს არასპორტულ თემაზე მომუშავე ტელეჟურნალისტების მიერ სპორტის გაშუქებისას ჩემთვის უამრავჯერ ნათქვამი: "მე სპორტი არ ვიცი და...", "ესა თუ ის როგორაა გაგვარკვიე", ან "მე სპორტი არ ვიცი და ამ მასალას ვერ მოვამზადებ".

გამოთქმა "სპორტი არ ვიცი და ამიტომ სათანადოდ ვერ გავაშუქებ რაღაცას"  ყოველთვის მაღიზიანებდა. რადგან მიმაჩნია, რომ ეს მოგონილია, სტერეოტიპად იქცა და არასწორია. რასაკვირველია, მეც ბევრი სხვა სფეროს გაშუქებისას ვერ ვიგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში, რადგან მეც ბევრ სფეროში ვერ ვერკვევი სრულყოფილად, მაგრამ ჟურნალისტი თუ აშუქებს მაგალითად სოფლის მეურნეობასა თუ სამედიცინო სფეროში შექმნილ პრობლემას, რატომ ვერ გააშუქებს პრობლემას სპორტიდან, ან სულაც სპორტულ შეჯიბრებას? რა განსაკუთრებული ცოდნა უნდა ამას ისეთი, რაც არ სჭირდება იმავე სოფლის მეურნეობის ან მედიცინის შესახებ სიუჟეტს ან სტატიას?

21 წელია, რაც სპორტული ჟურნალისტი ვარ, მაგრამ აქამდე შემეძლო მხოლოდ ეულად გავრჯილიყავი ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად. ორი წელია სხვა ბერკეტიც გავიჩინე საამისოდ.

ორი წელია გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფლანგი ჩამაბარეს. პირველივე დღეებიდან დავიწყე სპორტის სააგენტოს აქტივობის, ცალკეულ შეჯიბრებზე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლების თაობაზე და ა.შ. პრესკონფერენციების მოწყობა. ყოველმხრივ ვცადე ჩვენი რეგიონის მედია მაქსიმალურად დამეახლოებინა სპორტთან. ვინაიდან რეგიონში სუფთად სპორტული მიმართულების არც გაზეთია და არც ტელევიზია, მაქსიმალურად ვცდილობდი ის მედიასაშუალებები რომლებიც რეგიონშია, მომეწვია ჩვენს ღონისძიებებზე. მერე იქ ბევრი ინფორმაციით, სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და სპორტული სკოლების წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობით ამეხსნა მათთვის საქმის ვითარება. უფრო ახლოს მეგრძნობინებინა თავი იმ სპორტთან, რომელსაც როგორც თავად ადრე ამბობდნენ - არ იციან.

მიხარია, რომ ამ თვალსაზრისით არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. სწორედ იმ ჩემი კოლეგა ჟურნალისტების და ადგილობრივი მედიასაშუალების, ან დედაქალაქის მედიის რეგიონული ჟურნალისტების თანადგომით, მეგობრობით, დახმარებით.

2 ივლისს სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე გორშიც აღვნიშნეთ. ამ თარიღს ყოველთვის მხოლოდ დედაქალაქში აღნიშნავდნენ და მხოლოდ გორში კი არა, ჩვენი ქვეყნის არცერთ სხვა ქალაქსა თუ რეგიონში სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე ადრე არც აღუნიშნავთ როდისმე.

არადა, გაისად მსოფლიო მეასედ იზეიმებს სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ სპორტული პრესის საერთაშორისო ორგანიზაცია, 1924 წლიდან არსებობს. საქართველო ამ ორგანიზაციაში 1992 წელს გაწევრიანდა და პროფესიული დღესასწაულიც ქართველმა ჟურნალისტებმა პირველად 1994 წელს აღნიშნეს.

გორში 2 ივლისს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მადლობის სათქმელად თავი მოვუყარეთ ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომლებმაც ამ სააგენტოს მიერ ორგანიზებული აქტივობების, სპორტული შეჯიბრებების, თუ ღონისძიებების გაშუქებისას გვერდში დაგვიდგა და გორში სპორტის პროპაგანდასა და პოპულარიზაციაში თავისი წვლილი მედიის ფლანგიდან შეიტანა. ყველა მათგანს გადავეცით მადლობის სიგელები და ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველად რეგიონშიც ვიდღესასწაულეთ 2 ივლისი.

მიხარია, რომ სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს თანადგომით და ჩემი მეგობარი ჟურნალისტების მხარდაჭერით, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების გზაზე, ვცდილობთ, მათივე მხარდაჭერით, სპორტის ახლოს მიტანას და შეყვარებას იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც ადრე ამბობდნენ რომ, სპორტი არ იციან.

მინდა სულ უფრო ბევრ კოლეგას ვუთხრა, რომ წერონ სპორტზე და ვისაც სულაც სპორტული ჟურნალისტიკა აურჩევია თავის კარიერულ სამიზნედ – მიჰყვეს და თუ რეგიონიდანაა, არ წავიდეს დედაქალაქში, თავისი მშობლიური რეგიონიდან ემსახუროს ამ სფეროს.

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 327 times Last modified on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 09:30

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი