ცხინვალში დარჩენილი მოგონებები - დინა ნასყიდაშვილის ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 08:57 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ღობე გაგვითელეს, ბები,

 ვაზი შეგვიბილწეს, პაპი,

როგორ შეგვიცვალეს ბედი

დავალ, ვერ ვპოულობ ნაპირს.” 

ცხინვალიდან დევნილი დინა ნასყიდაშვილი ლექსებსა და მოთხრობებს 7 წლის ასაკიდან წერს. მის შემოქმედებას  მშობლიური სოფლის ნოსტალგია ახლავს თან. ამბობს, რომ  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საკუთარ ტკივილსა და მონატრებას ლექსებითა  და მოთხრობებით გამოხატავს.

"11 წლის ვიყავი, 9 აპრილის ტრაგედია რომ დატრიალდა. ძალიან მეტკინა. სამშობლო რომ უპირველესია, სრულად გავითავისე. ბევრს ვფიქრობდი დაღუპულ ახალგაზრდებზე, მათ მშობლებზე, რუსულ აგრესიაზე.  რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 სახლი დავკარგეთ. სოფელი, სადაც ბავშვობა გავატარე ოკუპირებულია. სწორედ ამ ტრაგედიებმა განაპირობა ჩემი წერის ჟანრი“, - ამბობს დინა. 

"მაშინ მე პირველად ვწერდი,

გრძნობებს გიკინძავდი რითმად.

კიდევ ბევრი ფიქრი მქონდა კრძალვით

გადანახულ ყუთში,

ძველი სიყვარული თრთოდა,

გრძნობა მეჟღერება ყურში.

ბები, ამომგლიჯეს გული,

როცა ნამსხვრევები ვნახე...

ჩემი მოგონების ყუთი,

გულში ლოცვად შევინახე.“

დინა ამბობს, რომ წერა, პროფესიით ფილოლოგმა  მამამ შეაყვარა. მისი პირველი ლექსი ჟურნალში “ყაყაჩო“ გამოქვეყნდა. მას შემდეგ, მისი ნამუშევრები სხვადასხვა გამოცემაში, დღემდე იბეჭდება.

"მახსოვს, 7 წლის ვიყავი, ბებოსთვის წერილი უნდა დამეწერა. შევეცადე  მხატვრულად გამომსვლოდა. იმდენად გამართულად დავწერე, რომ ლექსი გამომივიდა. მამას ძალიან მოეწონა, მე კი გამიჩნდა სურვილი კიდევ დამეწერა.  13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ლექსი   “საქართველო“  ალექსანდრე ტაბატაძემ  “ყაყაჩოში" დაბეჭდა.   ჯანსუღ  ჩარკვიანს უნახავს, მოეწონა და სტატია მომიძღვნა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში“. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი  წარმატება იყო. მას შემდეგ გავხდი “ყაყაჩოს"  სარედაქციო  კოლეგიის წევრი, ჩემი ლექსები ყოველკვირეულად იბეჭდებოდა“, - იხსენებს დინა.

დინა სახლში მამის ლექსების  ხელნაკეთ წიგნს ინახავს, რომლის გამოქვეყნებასაც სამომავლოდ აპირებს.

"შენახული მაქვს მამას ხელნაკეთი წიგნი "მე და შენ“.  წიგნში არსებული ლექსები ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, მაქვს სურვილი მკითხველს მამაჩემის შემოქმედება გავაცნო  და  გამოვცე წიგნი. ამ წიგნში მამას შემოქმედებასთან ერთად ჩემი ნამუშევრებიც იქნება", - ამბობს დინა.

 

Read 630 times Last modified on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 08:48

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი