როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ სასკოლო ექსკურსიები

ხალხის ხმა Written by  ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 10:27 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია მაკრახიძე, მასწავლებელი

ექსკურსია არის ისეთი გასვლითი პროგრამა და ისეთი კლასგარეშე აქტივობა, რომელიც მოსწავლეებში სასკოლო ცხოვრებაში დაგროვილ უნარ-ჩვევებს გარეთ, მაგალითად, ბუნებაში, უფრო მეტად ავლენს და ეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა გარემოში გამოიყენოს ეს უნარ-ჩვევები. რაც შეეხება ექსკურსიის მნიშვნელობას, ეს არის უპირველესი აქტივობა, რომელიც მოსწავლეს უვითარებს სოციალურ უნარ-ჩვევებს.

დამერწმუნებით, მრავალრიცხოვან კლასში არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ იყვნენ გახსნილნი, უფრო აქტიურნი, უფრო ხალისიანნი; მათ აქვთ თავისი მიკრო სამყარო, სადაც ისინი არიან ჩაკეტილები. ზუსტად ასეთი მოსაწვლეების გახსანასაც უწყობს ხელს ექსკურსია და ის გარემო, სადაც მასწავლებელი გეგმავს მათ წაყვანას.

ექსკურსია არ არის მხოლოდ და მხოლოდ კლასიდან გაყვანის აქტივობა. ის მოიცავს ისეთ ეტაპებს, რომელიც ყველა მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს. ხშირად გვხვდება ისეთი პრობლემა, როდესაც არასწორად დაგეგმილმა ექსკურსიამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ მათ მშობლებზეც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არასწორად დაგეგმილი ექსკურსია სავალალოდაც დასრულებულა და ამ ფაქტების შესახებ ბევრჯერ გვსმენია პრესით თუ ტელევიზიით.

თავდაპირველად, საჭიროა მოხდეს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის დადგენა, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ინტერესები, ასევე ის, თუ რომელი გარემო შეეფერება მათ ასაკობრივ ჯგუფს. ამის შემდეგ, მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს გეგმა, სად წაიყვანს და რა ღირშესანიშნაობას აჩვენებს ბავშვებს, შემდეგ განსაზღვროს, როგორი იქნება მეორე განყოფილება, რომელიც უფრო გასართობი და ამავდროულად შემეცნებითიცაა.

ჩვენს სისტემაში ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელიც აქტიურად, მიზნობრივად გეგმავს და ზუსტად ახორციელებს იმ აქტივობებს, რაც მოსწავლეების ასაკობრივ ჯგუფს შეეფერება; ითვალისწინებს მათ ინტერესებასაც და ძალიან კარგადაც გამოსდით კიდეც დაგეგმილი აქტივობები, რის შედეგადაც მშობლებიც და მოსწავლეებიც ბედნიერები ბრუნდებიან სახლში. მეორე დღეს ახდენენ შექმნილი შთაბეჭდილებების პრეზენტაციას, თუ რა ნახეს, რა შეისწავლეს და რა დარჩათ მათ გრძელვადიან მეხსიერებაში.

ექსკურსია ეს არის ყველაზე აუცილებელი საჭიროება სასკოლო ცხოვრებაში, რომელიც მოსწავლისათვის, არა მხოლოდ სწავლისთვის არის განკუთვნილი, არამედ ის არის ადამიანობისთვის, ღირებულებებისთვის, ფასეულობებისთვის აუცილებელი აქტივობა, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა განახორციელოს თავის სადამრიგებლო კლასში.

ვისურვებდი, უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ექსკურსიის მიზანი, დავგეგმოთ სწორად, მოსწავლეებთან ერთად შევარჩიოთ მოსანახულებელი ადგილები, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, მაქსიმალურად ჩავრთოთ მოსწავლეები ექსკურსიის დაგეგმვაში და მის განხორციელებაში. ჩვენ, მასწავლებლები ვიყოთ გეზის მიმცემები, ინფორმაციის გადამცემები, თუ რა არის ღირებული, რა არის ფასეული და მერწმუნეთ, სწორად დაგეგმილი ექსკურსიის დროს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად შეუყვარდება ჩვენი სამშობლო და უფრო დიდი პატრიოტი გამოვა თავისი ქვეყნისა.

 

 


მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 2730 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი