ზაზა ცოტნიაშვილის გზავნილი ცხინვალელებს

Rate this item
(0 votes)
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური ექსპერტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გორის უნივერსიტეტის რექტორი 2007-2010 წლების განმავლობაში, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006-2007 წლებში. დღესდღეობით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, ასევე „განათლების სახლის“ დამფუძნებელი, რომელიც აბიტურიენტებს და სკოლის მოსწავლეებს ამზადებს საუნივერსიტეტო განათლებისათვის - ეს ზაზა ცოტნიაშვილის რეგალიების არასრული ჩამონათვალია.
ცხინვალში დაიბადა. ამბობს, რომ ბავშვობის მნიშვნელოვანი მოგონებები, სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული. მისი გზავნილი ცხინვალისთვის და იქ მცხოვრებლებისთვის შემდეგია:
„მინდა ჩემს ცხინვალელ მეგობრებს და კოლეგებს ვუთხრა, რომ ხალხებს შორის მეგობრობა არის მარადიული და ამ მეგობრობას ვერ მოშლის დროებითი პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური ვითარებები. მე მჯერა, რომ ცხინვალი კვლავ დაიბრუნებს თავის ჩვეულ ღირებულებებს, რომლითაც ის იყო ძალიან ძვირფასი. იმედი მაქვს, ცხინვალი აღარ იქნება სამხედრო ბაზა, რომელსაც ის დღეს წარმოადგენს; რაც შეეხება, ჩემს მოგონებებს ცხინვალთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბავშვობა, ალბათ, ყველა ის ბავშვური განცდა სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა”.
ზაზა ცოტნიაშვილმა კარიერა გაზეთ „შიდა ქართლში“ დაიწყო. როგორც ამბობს, მადლიერებით იხსენებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც იმ დროს მისი კოლეგა იყო.
„ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. გაზეთ „შიდა ქართლი“-ს შემდეგ, მალევე დავიწყე ლექტორად მუშაობა, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში და ესეც ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ძალიან ბევრი მუშაობა მომიწია საკუთარ თავზე იმის გამო, რომ შედარებით ხარისხიანი ყოფილიყო ლექცია, რომელსაც მე ვკითხულობდი იმ პერიოდში და ეს რა თქმა უნდა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ეს სირთულეები ძალიან დიდი შრომის ფასად, დავძლიე”.
ზაზა ცოტნიაშვილისთვის მთავარი საქმიანობა ახალგაზრდებთან აკადემიური ურთიერთობების ქონაა. იგი ახალგაზრდა თაობით კმაყოფილია და ამბობს, რომ ცდილობს თავისი გამოცდილება მათ გაუზიაროს. სტუდენტებს „უმცროს მეგობრებს“ უწოდებს.
“უმცროს მეგობრებს მივცემ რჩევას, რომ კარიერა და სამსახური დაუკავშირონ მიმართულებას, რომელიც მათთვის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მუშაობა იყოს სასიამოვნო პროცესი. ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ გაგრძელდეს ალბათ, გამუდმებით უნდა მუშაობდნენ საკუთარ თავზე. შრომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კარიერული წარმატება ეწვიოს ადამიანს“.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ცოტნიაშვილის ცხოვრებაში იყო ბევრი წარმატება, ამბობს, რომ მისთვის რთულია გამოკვეთოს ერთი წარმატებული დეტალი ცხოვრებიდან. მისი აზრით, მთლიანად ცხოვრება არის საინტერესო, თითოეული დღეს თავისებური დატვირთვა აქვს.
„თუ ადამიანი ფიქრობს, რომ დღევანდელ დღეს გაცილებით მეტი გააკეთა, გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო გუშინ, გუშინწინ, მე ვფიქრობ, ეს უკვე წარმატებაა. მწვერვალზე დგომა და მწვერვალის იდეის არსებობა მე თვითონ არ მომწონს, რადგან ყოველთვის მიმაჩნია, რომ წარმატება არის არა დგომა მწვერვალზე, არამედ პროცესი ანუ დასახული მიზნისკენ სვლა“.
ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე თავისი აზრი აქვს. ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობების პერსპექტივა მარადიული ღირებულებაა.
„დღეს, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული. თუ რა რთულ გეოპოლიტიკურ და საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით, ხვდებიან, რომ ქართველებსა და ოსებს შორის არ მიმდინარეობს კონფლიქტი. ეს კონფლიქტი არის ორ დიდ იდეოლოგიას შორის. ქართველები და ოსები აქ „საზარბაზნე ხორცის“ დონეზე ვართ მონაწილეები და მე ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად“.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს - დაკავებულია ფიტნესით და იოგით. მისი აზრით, ცხოვრების ასეთი წესი, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ერთად, ცხოვრების ხარისხსაც ზრდის.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს განვითარებული ქვეყნების საზოგადოების ცხოვრებას, ისინი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ხარისხიანი ცხოვრებისთვის ღირს, რომ ჩვენ ფიზიკურად დავიტვირთოთ, ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც“
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ამბობს, რომ მისი მიზანია, ლექციების გათანამედროვება და „განათლების სახლი“-ს განვითარება.
„ამ ეტაპზე დაკავებული ვარ განათლების სახლის განვითარებით, რომელიც უკვე მე-7 წელია ფუნქციონირებს და მე ვფიქრობ კარგ საქმეს აკეთებს. როდესაც სკოლის გარეთ, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ რეალური განათლება მიიღონ და კონკრეტულ საგნებში მათ რეალური ცოდნა დააგროვონ, ისეთი ცოდნა, რომელიც გამოცდების დაძლევაში დაეხმარებათ”.
Read 333 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი