ევროპელი ელჩი გორიდან - მარიამ თოფჩიშვილი მსოფლიოს რუსულ ოკუპაციაზე მოუყვება

Rate this item
(0 votes)

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ ტიტული გორელმა ახალგაზრდამ მოიპოვა. მარიამ თოფჩიშვილი იმ პროგრამის გამარჯვებულია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროკავშირის ქვეყნებიდან ახალგაზრდებს აერთიანებს.

ამბობს, რომ ამ წარმატებამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი როლი და პასუხისმგებლობა გაზარდა. მარიამმა ეს ჯილდო კონკურსით გათვალისწინებული სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად მიიღო. პროცესი მოიცავდა სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და გასაუბრებას. ამ ყველაფრის წარმატებით გასავლელად კი საჭირო იყო ინგლისური ენისა და ევროკავშირის შესახებ ინფრომაციის ცოდნა. ასევე, მოხალისეობრივი და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.

აღნიშნული ინიციატივის კოორდინაციას ევროკავშირის ინსტიტუტების სახელით EU NEIGHBOURS EAST ახორციელებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ვიყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, რადგან ეს მანდატი შესაძლებლობას მაძლევს შევხვდე ახალგაზრდებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან და მათთან ერთად ვიმუშავო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და სხვა", - ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, პროგრამა ასევე შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის საქმიანობის შესახებ და ჩაერთოს ოფიციალურ შეხვედრებში.

"საშუალება მეძლევა, მონაწილეობა მივიღო ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებში და მსგავსი შინაარსის ვიზიტებში აუცილებლად ვახსენებ, რომ მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომლის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ასე ვიქცეოდი ფინეთშიც, სადაც ამ წარმატებამდე პოლიტიკას ვსწავლობდი. ოკუპაციის თემაზე ნაშრომებს იქაც ვამზადებდი და ახლაც გავაგრძელებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, სხვა ელჩებთან ერთად ვეცდები სასარგებლო და ვალიდური ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს თანატოლებს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ, იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ევროკავშირი ქართველ ახალგაზრდებს აძლევს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, საერთო ღირებულებების შესახებ და სხვა. ამ მიზნით ვიმედოვნებ, რომ გორშიც შევძლებთ სხვდასხვა აქტივობის განხორცილებას“, - ამბობს ევროპელი ელჩი გორიდან მარიამ თოფჩიშვილი. 

Read 3290 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი