რისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები?

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 08:11 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია გაბროშვილი, მასწავლებელი

 

ყველას გამოგვივლია ბავშვობისა და მოზარდობის წლები, როცა წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი იყო სამყარო, რას გვიმზადებდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ბევრისთვის უდარდელი ხანაა და ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მოდის, ადამიანის ცხოვრების ამ ადრეულ წლებს თავისი სირთულეებიც ახლავს; ხშირად გვგონია ჩვენი თავი ყველაზე შეუხედავი, ყველაზე სულელი...

ჩემს ბავშვობასაც ახლდა ასეთი მოგონებები, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, ძალიან საიმედო და ძვირფასი მეგობრები - ლიტერატურული გმირები მყავდა.

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი თუ მასწავლებელი ჩივის იმის შესახებ რომ ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ და მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ.

თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი გასართობები, რომლებიც მთლიანად იპყრობენ მოზარდის ყურადღებას და მათ ცხოვრებაში წიგნის ადგილს აღარ ტოვებენ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ცხოვრებიდან წიგნის გაქრობას?

წიგნს მოწყვეტილი თაობები ძალიან ადვილად ივიწყებენ ტრადიციულ ფასეულობებს, აღარ რჩებათ ფიქრისა და სულიერი განვითარების დრო.

საინტერესოა, წიგნისადმი ინტერესის დაკარგვა მხოლოდ საქართველოში გვაწუხებს თუ სხვა ქვეყნებისთვისაც პრობლემაა?

თუ ჩვენი ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ, ეს მხოლოდ ინტერნეტსა და ტელევიზიას არ უნდა დავაბრალოთ. არამედ მიზეზი ჩვენს თავშიც უნდა ვეძიოთ. ბავშვი რასაც ოჯახში ხედავს, იმავეს აკეთებს. თუ კითხვა და წიგნის სიყვარული ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენაა, ბავშვებისთვისაც სასიამოვნო პროცესად აღიქმება კითხვა.

მნიშვნელოვანია ოჯახის გავლენა, თუმცა სკოლისა და მასწავლებლის როლი არანაკლებია.

მოსწავლეებში კითხვის სურვილის აღძვრის მიზნით, შედეგიანია საწრეო მუშაობა სკოლაში. მწერლებთან შეხვედრების მოწყობა, დისკუსიების გამართვა წაკითხული წიგნის შესახებ. ასევე წიგნის კლუბების არსებობა, რაც მოსწავლეებში დიდ ინტერესსა და ჩართულობის სურვილს აჩენს.

როგორც დიდი საბავშვო მწერალი, ასტრიდ ლინდგრენი იტყოდა, სასწაულებს მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც წიგნებს კითხულობენ. ისინი ახალისებენ უფერულ აზრებს, სიტყვებსა და ბრწყინვალებას მატებენ ნაწარმოებებს. მწერალს არ შეუძლია მარტომ შექმნას ის იდუმალება, რასაც წიგნი იტევს. მას მკითხველები ეხმარებიან. წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი, თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.

ხვალინდელი სამყაროს ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებსა თუ მოზარდებზე. ამიტომ სჭირდებათ მათ წიგნები და ამიტომაც გვმართებს უფროსებს დიდი ძალისხმევა, რომ მათ კითხვა შევაყვაროთ.

 


მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

Read 2714 times Last modified on ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 08:20

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი