ვიზალიბერალიზაცია - მიღწევა და გამოწვევები

წერილები Written by  კვირა, 18 მარტი 2018 10:50 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ელზა ელბაქიძე

ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაზრდილია. საქმე ის არის, რომ თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა და როგორც აღნიშნავენ, სტატისტიკა დღითიდღე მზარდია.

ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური წრის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება და ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭების რისკი. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თანაც ამ ეტაპზე ალბათ, ძალიან გადაჭარბებული და ხმამაღალი ნათქვამია, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ.

კითხვაზე, „ამოქმედდება თუ არა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი?“ ექსპერტებისგან პასუხად ვიღებთ, რომ „ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალური საშიშროება არ არის“.

ეს კარგია, მაგრამ საკითხის თუნდაც ამ ფორმატში განხილვაც კი, ცალსახად ცუდია ჩვენთვის, მთლიანი ერისთვის, რადგან გამოდის, რომ სახელმწიფომ, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით მიმოსვლისთვის ასეთი რთული გზა გაიარა, სულაც არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა „ზედმიწევნით შესრულებისთვისაც“ ევროკავშირმა სავიზო ლიბერალიზაცია მიანიჭა. შესაბამისად რისკი იმისა, რომ უვიზოდ მიმოსვლის საკითხი გადაიხედოს, თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში, მთლად უსაფუძვლოც არ არის.

პოლიტიკური დევნა, სექსუალური შევიწროვება, უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა - ეს იმ მოტივთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ასახელებენ. თითოეული კი ევროკავშირისთვის არის გზავნილი, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს არ უქმნის იმ პირობებს, რაც ადამიანის უპირველეს უფლებებსა თუ საჭიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სახლემწიფო მზად არ არის საკუთარი მოქალაქეებზე ზრუნვისთვის. ეს კი როგორი ცუდი მესიჯია, ალბათ ხვდებით.

საქართველოში დემოკრატია რომ ზენიტში არ არის, ყველასთვის ნათელია; სამუშაო ადგილები რომ ჭირს და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, არც ეს არის უცხო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და ევროკავშირში ითხოვენ თავშესაფარს, რეალურად არ დგას იმ საჭიროებების წინაშე, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნაში ლტოლვილად ჩამარებისთვის მოტივად იყენებენ.

მინახავს ისეთებიც, რომელთაც სტაბილურად სოლიდურშემოსავლიანი სამსახური მიუტოვებიათ და „გამდიდრების მიზნით“ სხვა ქვეყანაში წასულა. არა და, იმ სხვა ქვეყანაში, სადაც ლტოლვილად ჩაბარდებიან, არ აქვთ არც კარიერული წინსვლისა და არც ფინანსურად მოძლიერება-გამდიდრების პერსპექტივა, ყოველ შემთხვევაში, პირველი რამდენიმე წელი მაინც. რატომ? იმიტომ, რომ ისინი იქ ახლიდან, რთული გზით იწყებენ ცხოვრებას. თანაც, მოგეხსენებათ, ლტოლვილის სტატუსის მიღება არც თუ მარტივი პროცესია, მით უფრო უკანასკნელ პერიოდში, როცა ევროპის უმეტესმა ქვეყანამ მიგრანტთა მიღების პოლიტიკა გაამკაცრა.

იქ ჩასულთ ორი გზა აქვთ: ან ლტოლვილის სტატუსი, რომლითაც ბევრი წლის მანძილზე შესაძლოა, მუშაობის ნებართვაც კი ვერ მოიპოვი; მეორე კი არალეგალად დარჩენა- რაც, როგორც წესი, საბოლოოდ კრიმინალში (ძირითადად ქურდობა) ჩართვით სრულდება.

ამ უკანასკნელს უმიზეზოდ არ შევხებივარ. ისევ მთავარ საკთხს რომ დავუბრუნდეთ... საქმე ის არის, რომ მაშ შემდეგ, რაც ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა მზარდ სტატისტიკაზე ალაპარაკდა, ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმაზეც, რომ ქართველები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში კრიმინალის დონეს ზრდიან. სამწუხაროა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ - უცხო არავისთვის არის, რომ ჩვენი მოქალაქეები, იქნება ეს თავშესაფრის თხოვნით ჩასული თუ უბრალოდ, არალეგალადად წასული, ხშირად ფულის საშოვნელად არასწორ გზებს მიმართავენ, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საქართველოს რეპუტაციას.

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნა, ევროკავშირში არალეგალურად დარჩენა და იქ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რეალური მიზეზი გახდება . სამწუხარო იქნება, თუკი ჩვენივე მოქალაქეები არ გაუფრთხილდებიან იმ მონაპორვას, რომელსაც საქართველო თითქმის სამი ათეული წელია, აგროვებს. 1992 წლიდან მოყოლებული, როცა ევროგაერთიანებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპულ სამყაროსთან დასაახლოვებლად და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

იყო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ღირებულებებთან, იყო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შეთანხმების პროცესი, შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროკავშირის წვლილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და შემდგომ უკვე, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების პროცესზე დაკვირვების მიზნით სპეციალური სადამკვირვებლო მისია საქართველოს ტერიოტორიაზე და ა.შ.

ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიკეთეები, რაც საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობით მიუღია, ბოლო პერიოდის შეთანხმებებია: ზემოხსენებული უვიზო მიმოსვლა და ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს. ამ გზას თუ გავყვებით რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა წყალგაუვალი იქნება, რადგან თუკი ჩვენი, მთლიანი საზოგადოების კეთილი ნება იქნება, მიიღოს ის სიკეთეები, რაომლებსაც ევროკავშირთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა იძლევა, აუცილებლად გამოგვივა და ჩვენც გვექნება პრეტენზია, ჩავეწეროთ იმ განვითარებული ქვეყნების სიაში, სადაც ასე მიგვიწევს გული. დიახ, სიკეთე ბევრია, იმაზე მეტი, ვიდრე შორიდან ჩანს. მთავარია, როგორ მივიღებთ, ავითვისებთ და შევინარჩუნებთ მათ.

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1803 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი