ქალი, რომელიც გორში ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს საკუთარი ხელით ქმნის

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019 10:03 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნატალია ქიმერიძე ხელსაქმით 10 წლის ასაკიდან დაინტერესდა. ქსოვა ბებიამ ასწავლა და მას შემდეგ ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა ნივთებს ქსოვდა. ამბობს, რომ  ნაქსოვი სათამაშოების შექმნა შვილიშვილის დაბადების შემდეგ გადაწყვიტა.

“ვქსოვდი წინდებს ოჯახის წევრებისთვის, ტანსაცმელს  და საოჯახო აქსესუარებს.  თოჯინების შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, ბებია რომ გავხდი და  შვილიშვილებმა   სათამაშოებით თამაში დაიწყეს, ძირითადად პლასტმასისგან და სილიკონისაგან დამზადებულ სათამაშოებს ვყიდულობდით. ერთ დღეს ინტერნეტში გავრცელდა  კვლევა იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი მწარმოებელი ისეთი ნივთიერებებით ამზადებდა  სათამაშოებს, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ამან  დამაფიქრა და ცოტა შემაშინა კიდეც.  ბავშვები ხშირად პირში იდებენ სათამაშოებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი ეკოლოგიურად სუფთა იყოს.“

ნატალიამ გადაწყვიტა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შესაქმნელად ინფორმაცია ინტერნეტში მოეძიებინა და თოჯინების ქსოვა დაეწყო.

“დავიწყე ინფორმაციის მოძიება როგორ შემექმნა თოჯინა ჩემი შესაძლებლობებით სახლის პირობებში. ჩემი პირველი ნაქსოვი თოჯინა ზომით პატარა, თუმცა ძალიან  ლამაზი გამოვიდა“ , - გვიყვება ნატალია ქიმერიძე.

ნატალიასთვის თოჯინების ქსოვა დროთა განმავლობაში შემოსავლის წყაროდ იქცა.

მისი თქმით, მშობლები მისი თოჯინებს შვილებისთვის დაუფიქრებლად ყიდულობენ. ამბობს, რომ თოჯინები ქსოვა შვილიშვილების გაზრდის შემდეგაც განაგრძო.

“ყოველდღე  ახალ და უკეთეს სათამაშოს ვქმნიდი  და ეს საქმე ისე იქცა  ჩემი ცხოვრების წესად, რომ ვერც გავაცნობიერე. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრადაც ხშირად გავცემდი, მაინც ასეულობით თოჯინა დამიგროვდა სახლში. სიამოვნებით ათვალიერებდნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები, უყვებოდნენ სხვებს და მათაც უჩნდებოდათ დათვალიერების სურვილი, უღებდნენ ფოტოებს და სოციალურ ქსელშიც ავრცელებდნენ.“

ნამუშევარი პირველად ინტერნეტის მეშვეობით გაყიდა. ამბობს, რომ მისთვის ეს საქმე ყოველდღიურობად იქცა.

“პირველად,  სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაიყიდა ჩემი ნამუშევარი. ოჯახის წევრებს არ მოეწონათ გაყიდვის იდეა. მე კი ვფიქრობ, რომ ამით მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის  არ ვაკეთებ  კარგ საქმეს, ამით მე ბევრ ბავშვს ვაბედნიერებ და კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ბავშვები ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით თამაშობენ“, - ამბობს ნატალია.

ნატალიას თქმით,  წლების წინ ყველა თოჯინას სახელს არქმევდა, თუმცა ახლა, ყველა მათგანს  სახელის გარეშე ყიდის,  რადგან თვლის, რომ თოჯინებს სახელი მისმა მფლობელებმა უნდა შეურჩიონ.

Read 1647 times Last modified on კვირა, 27 ოქტომბერი 2019 13:14

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი