მიზანს მივაღწიე - მე მასწავლებელი ვარ

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი 2019 12:08 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დავით ინაური, ისტორიის მასწავლებელი 

დღეს მე მასწავლებელი ვარ, თუმცა სკოლაში ადგილის საპოვნელად მარტივი გზა არ გამივლია. სწორედ ამაზე მსურს საუბარი.

პროფესიის შერჩევაზე ფიქრს ადამიანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყებს, ხშირ შემთხვევაში, გაუაზრებლად მაგრამ მაინც. საბოლოო არჩევანს კი, სკოლის დამამთავრებელი კლასში ყოფნის პერიოდში აკეთებს და ირჩევს სასურველ პროფესიას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მათ არჩევანის გაკეთებაში  მშობლებიც ეხმარებიან.

ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, არასოდეს მიფიქრია სხვადასხვა ე.წ. პრესტიჟულ პროფესიაზე, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს პერიოდში, არც მშობლები ჩარეულან ჩემს არჩევანში და რატომღაც, ისტორია ავირჩიე.

ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ოცნებად მქონდა მასწავლებლობა. უბრალოდ ჩემი პროფესიული არჩევანი ამ საგნის სიყვარულმა განაპირობა, რომლის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ძალიან მომწონდა ისტორიული  ნაწარმოებების კითხვა ან სულაც დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების ყურება, რომლებიც აუცილებლად ისტორიული ხასიათის უნდა ყოფილიყო. ისტორიულზე სწავლა კი, ბევრად მეტ შესაძლებლობას მომცემდა, რომ ამ კუთხით ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა. 

ისტორიულზე სწავლების პირველივე კურსზე კიდევ უფრო მოვჯადოვდი ისტორიით. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა პროფესიონალი ლექტორების იმ გუნდმა, რომლებიც მე მასწავლიდნენ. სწორედ მათმა ასეთმა ძალისხმევამ და მონდომებამ დამაფიქრა ამ პროფესიაზე, რაც მომავალი თაობისთვის ცოდნის გადაცემას გულისხმობდა; ასევე ჩემმა დამოკიდებულებამ ბავშვების მიმართ - მე ისინი უზომოდ მიყვარს და თითოეულ მათგანთან ურთიერთობა ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი სიხარულის მომნიჭებელია.

ვერ წარმოიდგენთ, თუ რა ბედნიერებაა, როდესაც ხედავ ,,პატარა წერტილს“, რომელიც შენს თვალწინ ყოველდღიურად იზრდება და მზეს ემსგავსება. რომელზეც ზრუნავ თავდაუზოგავად, მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს წერტილი ცონდით გაიბერება, გაიზრდება. ხედავ და გიხარია, რომ შენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და ამ არსებამ რაღაც გაიგო, რაღაცას სხვანაირად შეხედა, რაღაც დაამახსოვრდა და გონებაში ჩაიბეჭდა.  

მალევე ახალი შესაძლებლობა გამომიჩნდა და მეორად პროფესიად პედაგოგიკა ავირჩიე, რამაც საშუალება მომცა, 3-თვიანი პრაქტიკა გამევლო გორის ერთ-ერთ სკოლაში. მეოთხე კურსის დამამთავრებელ ეტაპზე მასწავლებლის ამპლუაც მოვირგე. ამ გამოწვევას არ შევუშინდი. ვაღიარებ, თავიდან ძალიან ვღელავდი, მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა. პირველი დღეები ბავშვებთან არ დამავიწყდება, მათზე სულ რაღაც 5-6 წლით დიდი თუ ვიყავი, ჩემს თავში ათასნაირი კითხვა ჩნდებოდა: - გამომივა? მიმიღებენ? გაკვეთილს ჩავატარებ? კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ მათზე თუ არა?

საბოლოო ჯამში, ჩემი პრაქტიკის ხელმძღვანელების დახმარებით, თავი ყველაფერს მშვენივრად გავართვი და პრაქტიკებიც წარმატებით გავიარე. ახლა ჩემს ცხოვრებაში შემდეგი ეტაპი იწყებოდა. მეგონა ბაკალავრიატის დასრულებისთანავე, ნებისმიერი სკოლა კარს გამიღებდა და  ჩემი პროფესიული და პიროვნული შესაძლებლობის განვითარების საშუალებას მომცემდა. მასწავლებლობის მაძიებელი ახალგაზრდა კაცი ინტერესს ყველაში ვიწვევდი, ზოგს უკვირდა, თუ რატომ მივიღე გადაწყვეტილება - გავმხდარიყავი მასწავლებელი. მათი აზრით, კაცს  მეტი შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ სხვა პროფესიაში ბევრად წარმატებული ყოფილიყო, ვიდრე მასწავლებლის პროფესიაში. ზოგიერთების მხრიდან ირონიული დამოკიდებულებაც მიგრძვნია. მათი გაგებით, უბრალოდ ,,ტეხავდა“ მასწავლებლობა და შეუფერებელი იყო ბიჭისთვის, მასწავლებლები მხოლოდ ქალები უნდა იყვნენ და ა.შ.

მე კი გამუდმებით ვცდილობდი ასეთად მოაზროვნეებისთვის დამენახვებინა, რომ მასწავლებლობა მხოლოდ ქალების საქმე არაა, უფრო მეტიც, ჩვენ, კაცებს, ამ საქმის კეთება ქალებზე არანაკლებად გამოგვდის, რადგან ჩვენც გვაქვს გულები - გულები, რომლებიც ამ პროფესიას, საგნის ცოდნაზე მეტადაც კი სჭირდება.

იშვიათად მესმოდა გამამხნევებელი სიტყვები, მხოლოდ ერთეულებისგან მიმიღია მოწონება და შექება. დამერწუნეთ, თითოეულ სიტყვას დიდი ძალა აქვს და შესაძლებელია ადამიანის  ცხოვრებაში ნებისმიერ ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდეს, სწორედ ამ პატარა კეთილი სიტყვების დამსახურება იყო, რომ არ დავნებებულიყავი და ყველანაირად ვცდილობდი, საკუთარი ადგილი მეპოვა სკოლაში.

თუმცა მრავალი სივისა და განცხადების  უშედეგოდ დატოვებამ სკოლებში, ცოტა არ იყოს, იმედები გამიცრუა, ძირითადად ყველგან  მხოლოდ სერთიფიცირებული მასწავლებელი ესაჭიროებოდათ და მე, 3-თვიანი სტაჟის მქონე მაძიებელს, ვინ მიმიღებდა. ამასობაში მაგისტრატურაც დავამთავრე საქართველოს ისტორიის მიმართულებით და პატარა წინააღმდეგობების მიუხედავად, კიდევ უფრო გავაქტიურდი, სივებს ყველა მიმართულებით, ნებისმიერ სკოლაში ვგზავნიდი, სვანეთის მაღალმთიან მიუვალ სოფლებშიც კი, იმის იმედით, რომ იქნებ სერთიფიცირებული მასწავლებელი ვერ მოეძებნათ და მე გამმართლებოდა. შემოვლილი მაქვს ხაშურის, რუსთავისა და თბილისის სკოლები ისევ მასწავლებლობის სურვილით, გასაუბრებებზე კი ბევრ უსამართლობას ვაწყდებოდი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე. 

სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე პოსტიც კი დავწერე, საჯარო სკოლა აუღებელ ციხე-სიმაგრესთან გავაიგივე და საკუთარი კერძო სკოლის დაარსების სურვილიც გამოვთქვი. ვიფიქრე, ამის საშუალებით ხომ მაინც მომეცემოდა მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა (ეს რა თქმა, უნდა ხუმრობით).

მქონდა პერიოდი, როდესაც საერთოდ ვაპირებდი ამ ყველაფრისთვის თავის დამენებებინა,  თუმცა სწორედ ამ დროს გამოჩნდა ,,იმედის ნაპერწკლები“ - ჩემმა უნივერსიტეტმა პრაქტიკოს ლექტორად მიმიწვია. ამავდროულად, კერძო სკოლაშიც გამოჩნდა ვაკანტური საათები. ამ ,,ნაპერწკლებმა“, შეიძლება ითქვას, ჩემში ის ,,ცეცხლი გააღვივა“, რომელიც თითქმის ჩამქრალი იყო და დიდი ენთუზიაზმით შევუდექი ჩემთვის სასურველ საქმიანობას.  

მუშაობის დაწყების პირველსავე წელს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზეც გავედი და ჩავაბარე, მაძიებლობიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოვიპოვე. ამას თან დაერთო ძალიან სასიამოვნო სიახლე განათლების სამინისტროს მხრიდან, რაც პენსიონერი ასაკის მქონე მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში დამსახურებული ჯილდოს მიღებას გულისხმობდა. წარმოდგინეთ, რამდენს ნიშნავს წლების ნაღვაწს რომ გიფასებს ადამიანს ქვეყანა და განათლების სამინისტრო და თანაც როგორ. ამასთანავე ათასობით ახალგაზრდას  გზა გვეხსნებოდა საჯარო სკოლისაკენ, მიუხედავად ამისა მაინც მეეჭვებოდა, რომ პირადად მე საჯარო სკოლაში შესვლის საშუალება მომეცემოდა. ჩემი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ მაინც ვცადე, განახლებულ საიტზე რეგისტრაცია გავიარე, მოთხოვნაც ბევრ ვაკანტურ ადგილზე გავგზავნე, გორსა და მის რაიონებში.

პირველმა ღია და გამჭირვალე გასაუბრებამ, რომელიც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა, იმედი გამიჩინა. არ დაგიმალავთ ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ობიექტურობისა და სამართლიანობის დიდი განცდა დამეუფლა, რაც სხვა წინა  წლების გასაუბრებეზე ნამდვილად არ მიგრძვნია. მეორე გასაუბრებაზე გამიმართლა, რომელიც სკოლის შენობაში ჩატარდა. ვიგრძენით, რომ ვიღაცას ნამდვილად ვაინტერესებდით თითოეული ჩვენგანი და ეს გასაუბრებები მხოლოდ ფორმალობა არ იყო. რეფორმამ, რომელსაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ნამდვილად გაამართლა. ბევრ ახალგაზრდას მიეცა საჯარო სკოლაში შესვლის საშუალება და მათ შორის მეც.. 

რაც შეეხება ჩემი მხრიდან რჩევას ახალბედა მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ახლა ცდილობენ საჯარო სკოლაში შესვლას და იმ ღირსეულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებას რასაც მასწავლებლობა ჰქვია, არასოდეს დანებდეთ.

მაქსიმალურად იზრუნეთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, რომ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყოთ, სახელმწიფო ამაში ხელს ნამდვილად გიწყობთ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ახლა თავისუფლად შეგეძლებათ მაძიებლობიდან პირდაპირ მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძოლოთ. მთავარია, ამ ყველაფერს ცდა არ დააკოლოთ და დამიჯერეთ ყველაფერი გამოგივათ. თქვენ ნამდვილად ჭირდებით სკოლას და კიდევ #მეტიკაციმასწავლებელი სკოლაში.

ამ ეტაპზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ვემსახურები როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლას და ყველაზე მთავარს - მომავალ თაობას. დიახ, ეს ჩემი სამსახურია – მისი უდიდებულესობა სკოლა! აქ ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ –  მე მასწავლებელი ვარ.

 

 

Read 3558 times Last modified on კვირა, 10 ნოემბერი 2019 11:05

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი