რატომ მინდოდა მასწავლებლობა

ხალხის ხმა Written by  კვირა, 03 ნოემბერი 2019 08:50 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ შატაკიშვილი

 


მჯერა, რომ ბავშვობას და მოზრდილ ასაკს შორის ყოველთვის არის კავშირი. ხოდა, სწორედ ამ კავშირის გამოძახილი მგონია ჩემი პროფესია. მთელი ბავშვობა უკონკურენტო თამაში იყო ჩემთვის მასწავლებლობანა. იკითხავთ მოსწავლეებიო? მოსწავლეები ჩემი თოჯინები იყვნენ, ხშირად ჩემი დის თოჯინებსაც ვთხოულობდი. სახელი ყველას ერქვა და გვარიც ყველას ჰქონდა, თუმცა ჩემი ბავშვობის დროინდელი გაკვეთილები არავერბალური და ლექციური ხასითის იყო, რასაც დღეს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.

მასწავლებლობა ორმხრივი პროცესია და სულ მინდოდა მყოლოდა მოსწავლეები, რომლებიც დამელაპარაკებოდნენ და კონტაქტში შემოვიდოდნენ. დღეს ეს ოცნება ავიხდინე და ბევრი მხიარული ბავშვის მარიამ მასწავლებელი ვარ. შეხედულება აღნიშნულ პროფესიაზე ასაკთან ერთად შეიცვლა, არ შეცვლილა სიყვარული ჩემი პროფესიისადმი, პირიქით ეს ის პროფესიაა, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებ.

მიხარია ყველა გაკვეთილი და ჩემი დიდების თუ პატარების ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი. მასწავლებლობა მეგონა ერთგვარი როლი, რომლის მორგების სურვილი ყოველთვის მქონდა და როგორც ჩანს შეჩვევა და ისეთი დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია ამ როლს, რომ უკან გამოსვლა ძალიან ძნელია. პირიქით ერთხელ თუ ბავშვების სიყვარულით მოიწამლე და გაცემული ენერგიიდან და ემოციიდან თუნდაც მცირე ნაწილი დაგიბრუნდა ნიშნავს სამუდამოდ დარჩენილხარ შენს როლში. თუმცა როლში შესვლის საშუალებაზეც უნდა მოგიყვეთ. მასწავლებლისთვის სცენა სკოლაა.

სკოლა - კერძო და საჯარო სივრცე. უკანასკნელ მათგანში დამკვიდრება, რომ ურთულესია ეს არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. დამკვიდრებისთვის ჯერ ამ სივრცეში მოხვედრაა სირთულე და მერე ის, თუ როგორ გაართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს რამდენად სწორი ფორმულირებაა სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, პროგრამა მაქსიმუმი სკოლაში მოხვედრაა, და არა ის მორალური პასუხისმგებლობის გააზრება-გაზიარება, რასაც მასწავლებლობა მოიაზრებს, რაც ვფიქრობ უარყოფითად ისახება პედაგოგის შემდგომ განვითარებაზე.

ახალმა რეფორმამ ვფიქრობ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოაგვარა აღნიშნული სირთულეები. პირველ რიგში ის რომ, დელიკატური ფორმით მოახერხა პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლიდან გაყვანა და შექმნა ვაკანტური ადგილები, რაც სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს გაარღვიონ მენტალური ბარიერი და სტერეოტიპული შეხედულება, რომ საჯარო სკოლაში მოხვედრა წარმოუდგენელი ან ძალიან რთულია.


პირადად მე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგოგი ვარ, ზემოთ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში დასაქმებული. ხიდისთავის საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილება მქონდა, ვინაიდან დასაქმებული ვიყავი დროებითი ხელშეკრულებით და მუშაობა მიწევს ჩემთვის ადაპტირებულ გარემოში. თუმცა მომიწია საკმაოდ საპასუხისმგებლო კონკურსის და გასაუბრების გავლა. აღნიშნილ ვაკანსიაზე წარმოდგენილი იყო 26 განაცხადი, რაც დამეთანხმებით ცოტა არ არის.

პედაგოგთა დასაქმების რეფორმამ თითქოს ახალი სუნთქვა გაგვიხსნა ახალგაზრდებს, გამოჩნდა ადამიანების ნაკადი , რომელიც სასიამოვნოდ და უჩვეულოდ იყო ამოძრავებული და მოტივირებული გასაუბრების მოლოდინში. მართლაც ჩემს გარშემო არაერთი ადამიანი დასაქმდა სხვადასხვა საჯარო სკოლაში, ახალი კადრები ახალი სისხლია საჯარო სკოლებისთვის. მით უფრო თუ ისე დახვდებიან ყველა ახალბედას სკოლაში როგორც მე დამხვდნენ. ვმუშაობ ძალიან მაგარ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და ყველასთვის სასურველ სკოლაში, სადაც ყველანაირი პირობაა პიროვნული და კარიერული ზრდისათვის. მოკლედ მე მარიამი ვარ და ყველაზე მაგარი სკოლის პედაგოგი ვარ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 700 times Last modified on კვირა, 03 ნოემბერი 2019 09:02

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი