რეფორმა, რომელმაც მასწავლებლებს სკოლის კარი გაუღო

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019 11:43 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ეკა ჩხიკვაძე, სოფელ ბნავისის  საჯარო სკოლის მასწავლებელი

მინდა მოგიყვეთ განათლების იმ რეფორმის შესახებ, რომელმაც ძირეული ცვლილებები შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში, მრავალ ახალგაზრდას და მათ შორის საშუალო ასაკის ადამიანსაც მოგვცა დასაქმების საშუალება.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის ყოფა-ცხოვრებაზე უარყოფითად  ისახება. ახალგაზრდები იღებენ განათლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას საკუთარი სპეციალობით და იძულებულნი არიან დათანხმდნენ ნებისმიერ  შეთავაზებას, რაც ხშირად ზიანს აყენებს მათ მომავალს.

მე არც თუ ისე ახალგაზრდა გახლავართ და არც გუშინ დამიმთავრებია უნივერსიტეტი, მაგრამ მეც იგივე პრობლემას ვაწყდებოდი წლების განმავლობაში. დიდი სურვილი მქონდა მემუშავა ჩემი  სპეციალობით, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებდი, რადგანაც სკოლა „შეუღწეველი ციხე-სიმაგრე“ იყო. ამიტომ იძულებული ვიყავი სამსახური სხვადასხვა სფეროში მომეძებნა, რადგან ჩემს უკან ოჯახი იდგა.

როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა  საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ღირსეული ჯილდოს შეთავაზებას, რის შედეგადაც მრავალმა მათგანმა მიიღო ჯილდო, დატოვა სკოლა და შესაბამისად გაჩნდა უამრავი ვაკანტური ადგილი და ახალგაზრდებში კი იმედი სკოლაში დასაქმებისა.

სიმართლე გითხრათ, საზოგადოებაში იყო ერთგვარი ნიჰილისტური განწყობა ამ რეფორმისა და დასაქმების მიმართ, იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, მაგრამ პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მქონდა სრულიად საწინააღმდეგო აზრი და კარგი მოლოდინები, რომლებიც გამიმართლდა კიდეც.

მივიღე მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში, გავიარე გასაუბრება, რომელიც ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური იყო. გასაუბრებას მონიტორინგს უწევდნენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები.

რამდენიმე დღეში დამიკავშირდა ერთ-ერთი სკოლის, კერძოდ, ბნავისის საჯარო სკოლის დირექტორი და შემატყობინა ის, რასაც მრავალი წელი ველოდი, რომ სრულიად ვაკმაყოფილებდი სკოლის მოთხოვნებს და აყვანილი ვიყავი ჩემთვის სასურველ ვაკანსიაზე. 

და ბოლოს, მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდნენ სამსახურით; არ დაკარგონ იმედი, იბრძოლონ და იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე. ვაკანსიების მეორე ეტაპი წინაა, გვიანი არასდროს არაფერია და საკუთარი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ გვიან, მაგრამ ოცნებებიც ხდება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 3501 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი