რეპეტიტორობიდან სკოლის მასწავლებლობამდე რეპეტიტორობიდან სკოლის მასწავლებლობამდე რადიო "მოზაიკა"

რეპეტიტორობიდან სკოლის მასწავლებლობამდე

ხალხის ხმა Written by  პარასკევი, 29 ნოემბერი 2019 07:55 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დავით ბუჟღულაშვილი, მათემატიკის  მასწავლებელი

მინდა ჩემს პირად გამოცდილებაზე და იმ გზაზე ვისაუბრო, რომლის გავლაც მომიწია რეპეტიტორობიდან სკოლის მასწავლებლობამდე. 

ბავშვებთან ურთიერთობა, ვფიქრობ, ყოველთვის მსიამოვნებდა. როდესაც რეპეტიტორობაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი და რამდენიმე ბავშვიც ავიყვანე მათემატიკაში მოსამზადებლად, მივხვდი მასწავლებლობა იმაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვდა, ვიდრე ჩემი კურსელებისთვის სასემინარო მასალის ახსნა იყო. დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა, წინასწარ ვუდგენდი ბავშვებს ტესტებს და საშინაო დავალებისთვის სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ამოცანებს.

როდესაც დავინახე, რომ ჩემი მეთოდები ამართლებდა და სკოლის მოსწავლეები არათუ დაინტერესდნენ მათემატიკით, როგორც საგნით, არამედ მათთვის სახალისოც კი გახდა სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება, შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჯგუფები სიძლიერის მიხედვით, რათა არც სუსტი ბავშვი დაჩაგრულიყო და დაეკარგა სურვილი მეცადინეობისა, და არც ძლიერი ბავშვის პოტენციალი შეფერხებულიყო რაიმე ფორმით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფებში 7-8 ბავშვზე მეტს არ ვსვამდი და მეცადინეობის დროებიც ჩემთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყო, გადავწყვიტე, რომ ახალ გამოწვევას შევჭიდებოდი, უფრო სისტემურსა და საფეხურებრივს, რადგან რეპეტიტორი არის მასწავლებელი, რომელსაც თითქოს საკუთარი მექანიზმი აქვს შექმნილი, მორგებული მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეპეტიტორი თვითონაა დირექტორიც, სასწავლო ნაწილიც და ერთი რომელიმე საგნის მასწავლებელიც.

ამასთან, განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა სხვადასხვა საფეხურის შემოღებით, ვფიქრობ ნამდვილად აღძრა რეპეტიტორებსა და დამწყებ მასწავლბელებში სურვილი განვითარებისა და მეტის მიღწევისა. ჩემი  აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი რომელმაც მიბიძგა სკოლისკენ, კოლეგებთან და სკოლისთვის დამახასიათებელ სისტემასთან ერთად, სწორედ ეს ახალი ტიპის საფეხურები იყო პედაგოგიკაში. 

საბოლოოდ, რადგანაც პედაგოგიკის კურსი მქონდა გავლილი, შინდისის საჯარო სკოლაში გავაგზავნე საკუთარი CV. ამის შემდეგ გავიარე გასაუბრება კონკურენტულ გარემოში, სამეურვეო საბჭოს წინაშე და ვფიქრობ, ობიექტურად შემარჩიეს მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. მგონია, რომ ჩემს თვალწინ პედაგოგობის კიდევ ერთი საფეხური გაიხსნა, რადგანაც, როგორც მოველოდი, სკოლაში ბავშვებთან და კოლექტივთან ურთერთობა, მათთან მუშაობა, სრულიად ახალი და საინტერესო გამოცდილებაა; თავს გუნდის ნაწილად ვგრძნობ, გუნდისა, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას ბავშვების გასაზრდელად, მათთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად, მათი მსოფლმხედველობის ჩამოსაყალიბებლად და ღირსეულ ადამიანებად აღსაზრდელად. 

რა თქმა უნდა, ბავშვების რაოდენობა კლასებში გაცილებით მეტია, ვიდრე რეპეტიტორობის დროს ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი ჯგუფში მყოლოდა, და მათი დამოკიდებულებაც საგნის მიმართ განსხვავებულია, ზოგიერთი ჯერ ვერც კი ხვდება, რატომ ასწავლიან ასეთ რთულ ტექნიკურ საგანს, მაგრამ ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია ვიმუშავო მათთან ერთად, მათი ცოდნისთვის, მათი საგნის მიმართ სიყვარულისთვის და გონებრივი განვითარებისთვის.

ჩემი აზრით, მთავარი იმ საქმის სიყვარულია, რომლის გასაკეთებლად ყოველ დილით ვიღვიძებთ და ვიცით, რაც არ უნდა დამღლელი იყოს დღე, ის არასდროს ჩაივლის ფუჭად, რადგანაც სასწორზე ბავშვების მომავალია. 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 3601 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი