მონატრებული მასწავლებლისთვის მიძღვნილი შემოქმედება - რეზო გუნცაძის ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორელ მუსიკოს მიშიკო კოშკაძეს მისი მოსწავლე, 14 წლის რეზო გუნცაძე იხსენებს.

"9 წლის ვიყავი მამაჩემმა მიშიკო კოშკაძე ფოლკლორის სარდაფში რომ გამაცნო. მაშინ პირველად მოვისმინე მისი სიმღერა. კარგად მახსოვს გიორგი მახარობლიძის "გაწყვეტილი ცისარტყელა“ შეასრულა, იმდენად მომეწონა მაშინვე ვთხოვე ჩემი მასწავლებელი გამხდარიყო. უარი არ უთქვამს. შევთანხმდით დროებზე და დაიწყო ჩემთვის დაუვიწყარი გაკვეთილები.

დრო გადიოდა. ვხვდებოდი, რომ მიშიკო კოშკაძე მხოლოდ გიტარის და სიმღერის მასწავლებელი არ იყო. მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მიშიკო გახდა ჩემი უფროსი მეგობარი და ოჯახის წევრიც, რადგან ის ყველასგან გამორჩეული იყო, როგორც თავისი შემოქმედებით, ისე თავისი ღირებულებებით. ის იყო ადამიანი რომელიც მხოლოდ სიკეთისთვის და სიყვარულისთავის ცხოვრობდა.

მიშიკო ძირითადად ოთარ რამიშვილის სიმღერებს და კლასიკას მასწავლიდა. იმდენად თავმდაბალი იყო, თვლიდა, რომ მისი სიმღერები ნაკლებად ღირებული იქნებოდა ჩემთვის. მაშინ, როდესაც უკვე კარგად შემეძლო გიტარაზე სიმღერის შესრულება, ვთხოვე ის სიმღერა ესწავლებინა, რომელმაც პირველი ემოციები დატოვა ჩემში. მინდოდა "გაწყვეტილი ცისარტყელა" მემღერა. ჩემს თხოვნაზე გაიღიმა და გაიხსენა ჩვენი გაცნობის დღე ფოლკლორის სარდაფში, ხელი გადამხვია და დამპირდა, რომ აუცილებლად მასწავლიდა. ვერ მოვასწარით, მიზეზი მისი გარდაცვალება გახდა.

ძალიან გამიჭირდა მის არყოფნასთან შეგუება. ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს და საბოლოოდ ის ცოცხალი დავტოვე ჩემში. ჩემთვის მისი სული მის შემოქმედებაშია, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენ და ვსწავლობ. მისი დაპირებული სიმღერაც სწორედ ამ შეგონებით ვისწავლე და აუცილებლად დავუკრავ "გაწყვეტილ ცისარტყელას" მის ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე.

მხოლოდ ერთ რეალობას ვერ გავურბივარ - უკვე მეორე პირველი დეკემბერია, მიშიკოსთვის დაბადების დღის მილოცვა მის საფლავზე მიწევს.

_________________________________________

მიშიკო კოშკაშე 2018 წლის 30 ოქტომბერს, 49 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

Read 1646 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი