ქალი, რომელიც თავის სოფელში 20-მდე მოხუცს უვლის

Rate this item
(0 votes)

ქალი, რომელიც თავის სოფელში 20-მდე მოხუცს უვლის, მერი მაყიშვილია. 

მერი მაყიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში არსებული ორგანიზაციის "ბეთლემი" ხელმძღვანელია. ორგანიზაცია 2001 წელს დააფუძნა და ამ დრომდე სხვადსხვა პროექტს ახორციელებს. როგორც თავად ამბობს, ბოლო პერიოდში, აღმოაჩინა, რომ მისი ორგანიზაცია და შესაძლებლობები განსაკუთრებით მის სოფელში მცხოვრებ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და დევნილ მოხუცებს სჭირდებოდა. ამიტომ მისი მიმდინარე პროექტიც სწორედ აღნიშნულ კატეგორიას მოიცავს, რომელიც ჯერ ჩეხური ორგანიზაციის PIN-ის მიერ იყო მხარდაჭერილი, მოგვიანებით კი ეს საქმე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გააგრძელა. ამჟამად, პროექტში 20 ხანდაზმული ადამიანია ჩართული. მათგან ყველაზე მოხუცი 83 წლის ბებოა, რომელიც 8 წელია მეზობელთანაც არ გასულა.

"მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც შვილები ჰყავთ საზღვარგარეთ და სულ მარტო არიან, მათ კი აღარ შესწევთ უნარი მიხედონ თავს ან სახლის საქმეებით დაიტვირთონ. ხანდაზმულთა შორის ძალადობის მსხვერპლებიც არიან. მაგალითად, ერთ-ერთს შვილი სცემდა და სწორედ ჩვენი ჩართულობით დააკავეს მოძალადე. ეს მოხუცი კი გამოვიყვანეთ და მასთან ფსიქოსარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მოხუცები კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილი შეიძლება ყველას ჰქონდა, მაგრამ რა ფორმით უნდა მოეხდინათ ეს, ამას ვერ აცნობიერებდნენ ", -განმარტავს მერი მაყიშვილი.

მოხუცებს ხშირად ექსკურსიებსაც უწყობენ არა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არამედ სხვა რეგიონებშიც. მერი მაყიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების დახმარებით ხშირად ღონისძიებებსაც აწყობს და ხანდაზმულებს ამხიარულებს.

"მათ ღონისძიებებსაც ვუწყობთ დღესასწაულებზე. ჩვეულებრივ დღეებშიც აქტივობებში ვრთავთ - გამოდიან, ვამღერებთ, ვაცეკვებთ და ვცდილობთ მათი ყოველდღიურობა უფრო მხიარული გახდეს,რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდა მოხალისეების დახმარებით", - გვითხრა მერიმ. 

მოხალისეები ორგანიზაციას სხვა კუთხითაც ეხმარებიან. მაგალითად, პროექტის ფარგლებში, "ბეთლემმა" სარეცხი მანქანა, საჭირო მოწყობილობები და ველოსიპედები შეიძინა. 

მერი მაყიშვილს მოხუცებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. ფიქრობს რომ ეს ის კატეგორიაა, რომელიც ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ერთფეროვან ცხოვრებაშია გადართული. სწორედ, მათი ყოველდღიურობის გასახალისებლად, ის კიდევ ფიქრობს ახალი იდეების შემუშავებასა და განხორციელებას, თუმცა ამბობს რომ, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და საინტერესო სიახლეების სისრულეში მოყვანას შესაბამისი მხარდაჭერა ინტენსიურ რეჟიმში სჭირდება.

Read 2455 times Last modified on ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019 13:56

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი