ირაკლი გამრეკელი - თეატრალური მხატვრობის გორელი ფუძემდებელი

მარტი 24 2018

ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სცენოგრაფი ირაკლი გამრეკელი 1894 წლის 17 მაისს გორში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

გამრეკელმა დაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო ხელოვნებას კი თბილისის ვაჟთა გიმნაზიასთან არსებულ კურსებზე დაეუფლა, თუმცა კურსი ბოლომდე არ დაუსრულებია და სწავლა როსტოვში სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. მოგვიანებით, 1918 წელს ირაკლი გამრეკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად ამისა, მას ხატვა არ მიუტოვებია - სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კლუბში მხატვრად მუშაობდა. მეოთხე კურსიდან გადაწყვიტა სწავლა მიეტოვებინა და მთლიანად მხატვრობით დაკავებულიყო. იგი დაზგურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნიდა.

მისი შექმნილია ილუსტრაციები გრიგოლ რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“ და კარლო კალაძის პოემისთვის „ძახილი მთაში“ და „ქურდი რჩეული“.

ირაკლი გამრეკელი გატაცებული იყო მოდერნიზმით, მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში.

1922 წელს კოტე მარჯანიშვილმა ერთ-ერთ გამოფენაზე ნახა ირაკლი გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის „სალომეა“. რეჟისორმა ირაკლი რუსთაველის თეატრში მიიწვია. გამრეკელი სულ მალე რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში.

გამრეკელი ასევე თანამშრომლობდა სანდრო ახმეტელთანაც. სწორედ ირაკლი გამრეკელის გაფორმებით დაიდგა ცნობილი სპექტაკლები, შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“ და სხვა.

ირაკლი გამრეკელი ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსად აღიარეს. მას 50-ზე მეტი სპექტაკლი ჰქონდა გაფორმებული.

გამრეკელი ქართულ კინოშიც მოღვაწეობდა. 1929 წელს რეჟისორ კოტე მიქაბერიძის ექსპრესიონისტული ფილმის „ჩემი ბებია“ დამდგმელი მხატვარი იყო. 

1934 წელს ირაკლი გამრეკელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1936 წელს დაჯილდოვდა ასევე საპატიო ნიშნის ორდენით.

ირაკლი გამრეკელი 1943 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი