ვაჟა-ფშაველა გორის ისტორიაში

მარტი 31 2018

გორის მეცხრე საჯარო სკოლა ვაჟა-ფშაველას სახელობისაა. მის სახელს გორის ერთ-ერთი ქუჩაც ატარებს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ რამდენიმე ცნობას ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და გორის ისტორიიდან. 

ვაჟა-ფშაველა გორის სასწავლებელში სწავლის შემდეგ, ცოტა ხანს სოფელ ორთაშენში, ერთ-ერთ ოჯახში კერძო მასწავლებლად მუშაობდა. 

იგი დაახლოვებული იყო გორის ხალხოსანთა წრესთანაც.

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი და პოეტი ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი ლუკა რაზიკაშვილი), 1861 წელს ჩარგალში დაიბადა, 8 წლამდე სოფელში იზრდებოდა, შემდეგ კი სასწავლებლად თელავის სასულიერო სასწავლებელში წავიდა, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ისწავლა, 1879 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიაში (ამჟამინდელი გორის მეცხრე საჯარო სკოლა) განაგრძო სწავლა. ვაჟა სემინარიაში არსებული ჟურნალის „რიჟრაჟის“ აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. სწორედ ამ ჟურნალით გაიცნო მკითხველთა მცირე წრემ ლუკას ლექსები.

1883-84 წლებში პეტერბურგის უნივესრიტეტის თავისუფალი მსმენელი იყო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ხელმოკლეობის გამო მოუხდა. გარკვეული დროის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში, ამილახვარის ოჯახში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი სოფელ დიდი თონეთის სკოლაში. გორში სწავლის პერიოდში ვაჟა განსაკუთრებით დაუახლოვდა გორის ხალხოსანთა წრეს, რომელიც მაშინდელ პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენდა. გორის ხალხოსანთა ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე გარსევანიშვილი, თავისი მოგონებებში განსაკუთრებული პატივისცემით ახსენებდა სემინარიის აქტიურ მოსწავლეს, ლუკა რაზიკაშვილს, რომელიც თავის მეგობარ გოლა ჩიტაძესთან ერთად მაშინდელ წრეში პირველად გამოვიდა კრიტიკით. მაგრამ ახალაგაზრდა ვაჟამ პოლიტიკის ინტერესი მალე დაკარგა და სამწერლო საქმიანობაში ჩაება, ამის გამო "ნიღილისტსაც" კი ეძახდნენ.

ვაჟამ თავისი ცხოვრეების მანძილზე არაერთი შესანიშნავი პოემა თუ მოთხრობა შექმნა, როგორიცაა: "სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური", "გოგოთურ და აფშინა", "ბახტრიონი", "გველის მჭამელი", "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ხმელი წიფელი" და სხვა.

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა.

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.

- ვაჟა-ფშაველა

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი