ისტორიები ისტორიული ძეგლები

ლეგენდა ირემზე, რომელიც მეჯვრისხევში „უსანეთობის“ დღესასწაულზე მოდიოდა

სოფელ მეჯვრისხევში სოფლის დღესასწაული “უსანეთობა” ყოველ წელს, აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ტაძარი, რომელსაც უსანეთას ეკლესიას ეძახიან, წმინდა გიორგის სახელობისაა და მე-17 საუკუნეშია აგებული. სოფელში დღემდე შემორჩენილია ლეგენდა ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით. ადგილობრივების გადმოცემით, ლეგენდის თანახმად, უსანეთობის დღესასწაულზე სოფელში ირემი მოდიოდა. 

სოფელში ყვებიან, რომ მნათე რქებზე ანთებულ სანთლებს უმაგრებდა, მარილს აალოკინებდა, ტანზე ბეწვს შეუტრუსავდა და ეკლესიის გარშემო სამჯერ შემოატარებდა. ამის შემდეგ ირემი დაიჩოქებდა და თავს დასაკლავად გადახრიდა.

მნათე დაკლავდა ირემს და მის ხორცს, იქ მისულ მლოცველებს გაუნაწილებდა.

ერთ დღეს, როცა ძველი მნათე ცოცხალი აღარ იყო, ირემს სალოცავში მოსვლა დააგვიანდა. ახალმა მნათემ ირემს რქებზე სანთელი აღარ მიაკრა, არც ბეწვი შეუტრუსა და აღარც მარილი აალოკინა. არ აცალა ირემს დაწოლა და ისე მოკვეთა თავი. თავმოკვეთილი ირემი სასწაულებრივად, დიდხანს ფეხზე მდგარა და მერე წაქცეულა. ლეგენდის თანახმად, ამის შემდეგ ირემი “უსანეთობის” დღესასწაულზე აღარ მოსულა. 

დატოვეთ კომენტარი