ახალი ამბები

“მოგვეცით თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება!” – გორში მომუშავე ჟურნალისტების აქცია

“მოგვეცით თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება”, – ეს არის ჟურნალისტების გზავნილი ხელისუფლების მისამართით.

გორში მომუშავე მედიის წარმომადგენლები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და სოლიდარობის აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ დაზარალებულ ჟურნალისტებს.

“ჩვენი სათქმელი არის, რომ მოგვეცით უფლება მუშაობის, ნუ გვცემთ ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ნუ სცემთ მოქალაქეებს, მათი განსხვავებული ორიენტაციის გამო. მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს გუშინდელი მოვლენები და ძალიან ცუდად გამოჩნდა ეს ყველაფერი. სახელმწფო დღეს დგას დიდი ამოცანის წინაშე – თუკი ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ ვიქცევით ქვეყნად, სადაც ყოველდღე ვიღაცა ვიღაცას სცემს განსხვავებული მოსაზრების გამო”, – ამბობს გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი.

აქცია შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.

ანო ბალიაშვილის თქმით, დღეს საზოგადოება დადგა არჩევანის წინაშე -აირჩიოს ძალადობრივი სისტემა, თუ დადგეს დემოკრატიისა და მშვიდობის მხარეს.

“თავისუფალი სიტყვისთვის, კითხვის დასმისთვის, გადაღებისთვის და გაშუქებისთვის დევნიან ჟურნალისტებს, ძალადობენ მათთზე და სიკვდილისთვისაც იმეტებენ. ეს არი არის დემოკრატიული სახელმწიფო. გუშინდელი დღე არის სამარცხვინო იმ მოძალადეობრივი ჯგუფებისთვის, რომლებმაც ასე გაიმეტეს ჟურნალისტები”, – ამბობს ანო ბალიაშვილი.

“გუშინდელ დანაშაულზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ლექსო მერებაშვილი. მისი განცხადებით, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და დამნაშავეების დასჯით, დაშვებული შეცდომა გამოასწოროს.

“აუცილებელია ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. გამოავლინონ ის პირები, რომლებმაც იძალადეს ჟურნალისტებზე და ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, რადგან მომავალში, არათუ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები, არამედ გაფიქრებაც კი ვერ გაბედონ მოძალადე ადამიანებმა თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, თბილისში მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.