ახალი ამბები

ტირიფონის ხილი – კვარხეთში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში, ახალგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი პოლიტიკა არა ფრაგმენტული, არამედ თანმიმდევრული და სისტემურია. ამის მაჩვენებელია ის, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან მესამე წელს, უკვე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსება დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში, რამდენი მეურნეობა შეიქმნა თანადაფინანსებით, ხოლო 2021 წელს, უფრო მეტი განაცხადი და დაინტერესება მივიღეთ. ეს იქნება მზარდი პროგრესი, რადგან თანამედროვე, ინტენსიური ბაღები, რომელიც ჩვენ გავაშენეთ, დაახლოებით 14-15 ათასი ჰექტარია და საჭიროებს ადეკვატურ შემნახველ-გადამმუშავებელ ინფრასტრუქტურას. ეს ნიშნავს, რომ „ტირიფონის ხილის“ მსგავსი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გვჭირდება ასეულობით”, -აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ცნობით, ხელისუფლების ათწლიანი გეგმაც სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ თანმიმდევრულად, მიწოდების ჯაჭვში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებული იყოს ყველა საჭირო კომპონენტი, ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

ინფორმაციითვის, კომპანიის ,,ტირიფონის ხილი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმო აღჭურვილია იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით. საწარმოში 1 000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრე მეურნეობას გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს 600 000 ლარის გრანტი, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების პროგრამით, სამაცივრე მეურნეობაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების ISO 22 000 დანერგვა მიმდინარეობს.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა. დაფინანსება, ჯამურად, 23.8 მლნ ლარს აღემატება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.