ახალი ამბები

გორში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს გირაო შეუფარდეს

გორში საპატრულო პოლიციის ოცმეთაურზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

3 წლის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომლის ანგარიშსწორებაში ბრალდებულია “ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაციის წევრი გიორგი კიკნაძე, რომელსაც მოსამართლემ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი კიკნაძე სასამართლო პროცესების განახლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“არჩევნები მოდის და ხელისუფლება განსხვავებული აზრის დისკრედიტაციას ეწევა. ეს იყო პოლიტიკური დევნის შედეგი. მოსამართლემ ჯერჯერობით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. შეგვიფარდეს 1000-ლარიანი გირაო, აღკვეთი ღონიდძიების სახით. პროცესები ისევ გრძელდება”, – აღნიშნა გიორგი კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა 2018 წლის იანვარში გორის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ცეკვის დროს, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დაარტყა, რაც შემდეგ ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპირისპირება პოლიციელის მიერ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უკავშირდებოდა.

საქმეზე გამოძიება სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ანგარიშსწორების მუხლებით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები