ახალი ამბები

გორში, “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი 16 ივლისიდან, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყება

საქართველოში ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრა პირველ ეტაპზე საქართველოს 4 ქალაქში, მათ შორის გორშიც იქნება შესაძლებელი. 7 სამედიცინო დაწესებულებას შორისაა გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც “ფაიზერით” იმუნიზაციის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერით“ აცრა 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, “ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით. მთავრობა აცხადებს, რომ “ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 მლნ 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.