ახალი ამბები

„ახალბაღი” დღეიდან მოქალაქეებისთვის 1 წლით დაიკეტება

გორის კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღი” დღეიდან, 15 ივლისიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტება.

აღნიშნულის მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით 1 წელი გაგრძელდება. სამუშაოებს შპს Award 8 950 000 ლარად ახორციელებს.

“პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს – დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები, ექსტრემალური მოედნები, ასევე მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტომატური სარწყავი სისტემა და ა.შ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ტბას და პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე საზოგადოებრივ შენობას. ახალბაღის პარკი განახლდება დენდროლოგიური კუთხითაც” , – ვკითხულობთ რეაბილიტაციის პროექტში.

როგორც ცნობილია, საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის და აქედან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაწყვიტა აღნიშნული თანხა “ახალბაღის” რეაბილიტაციისთვის დაეხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.