ანალიტიკა / გამოძიება

ბოდიშის მოხდა თუ თანამდებობის დატოვება – რა უნდა იყოს პასუხი შეურაცხყოფაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც გენდერულ საბჭოსაც ხელმძღვანელობს, ქალ დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა. სექსისტური მიმართვის გამო, ირმა ამბარდნიშვილი ითხოვს, რომ დავით რაზმაძემ თანამდებობები დატოვოს. რა მოხდა გორის საკრებულოს სხდომაზე და როგორ აფასებენ მას მხარეები?

გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, დავით რაზმაძემ ასევე უნდა დატოვოს გენდერის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია.

“გავგზავნე პარლამენტშიც და სახალხო დამცველის აპარატშიც წერილი, პასუხი ჯერ არ მომსვლია, ველოდები მათ რეაგირებას. ჩემი მოთხოვნაა გადადგეს დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან და დატოვოს გენდერის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია. იმპიჩმენტს აზრი არ აქვს, რადგან საკრებულოს უმრავლესობას “ქართული ოცნება” წარმოადგენს. ამდენი ქალთა ორგანიზაციაა გორში, ერთს არ გაუკეთებია კომენტარი, მათ შორის არც პარტიებს”, – ამბობს ირმა.

თავად საკრებულოს და გენდერული საბჭოს თავმდჯომარე ამბობს, რომ აღნიშნული თანამდებობების დატოვებას არ აპირებს.

“რაც მოხდა, ამაზე მე მას ბოდიში მოვუხადე. არ იყო ჩემი საქციელი სწორი. ჩემს წასვლას წყვეტს მთლიანი საკრებულო, მე პირადად არ ვთვლი, რომ უნდა დავტოვო გენდერის ან საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობა”, – თქვა დავით რაზმაძემ.

დავით რაზმაძესა და ირმა ამბარდნიშვილს შორის დაპირისირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულომ დღის წესრიგში გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის საზწვავის ლიმიტის გაზრდა დააყენა. ირმა ამბარდნიშვილი აღნიშნულის წინააღმდეგი იყო, თუმცა მის მოსაზრებას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ იზიარებდნენ.

საკითხზე მსჯელობა პირად შეურაცხყოფებში გადაიზარდა. დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვები “თავხედი”, “უზრდელი” უწოდეს. ბოლოს კი, საკრებულოს თავმდჯომარემ ირმა ამბარდნიშვილს უთხრა, რომ მისნაირ “ქუჩის ქალს” საკრებულოში არ ესაქმებოდა. ამის შემდეგ, ამბარდნიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და თქვა, რომ მომხდარის შესახებ პროკურატურას მიმართავდა.

მომხდარს ოპოზიციური პარტიების წარმომადეგნლების გამოეხმარნენ. მათ ირმა ამბარდნიშვილს სოლიდარობა ადგილზე სიტყვიერად გამოუცხადეს, თუმცა ოფიციალური განცხადება, პარტიის სახელით, არავის გაუკეთებია.

რატომ ხდება ასე?

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფემინისტები” ხელმძღვანელი მარიამ თოფჩიშვილი ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხშირად გამოიყენება სექსისტური განცხადებები, რაც მათ დისკრიმინაციას ემსახურება.

ის ლექსიკა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიყენა, ცალსახად არის სექსისტური და შეურაცხმყოფელი.

მარიამ თოფჩიშვილი

“ზოგადად, ქალების და განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების მისამართით ხშირად გამოიყენება ხოლმე სექსისტური სიძულვილის ენა, როგორც მათი დისკრედიტაციის მცდელობის ერთ-ერთი ფორმა და რამდენიმე კვლევა იმასაც კი ამბობს, რომ სწორედ ასეთი გამონათქვამებია პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი”, – ამბობს მარიამ თოფჩიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე უნდა იმუშაოს გენდერულმა საბჭომ და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

“რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით უნდა აგოს პასუხი საჯარო მოხელემ, რომელიც მსგავს ლექსიკას იყენებს და რომელსაც აქვს თმენის ვალდებულება, ამაზე რეაგირებისთვის არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო. საბჭოს ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ ის, რომ განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები”.

ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ გენდერული საბჭოს ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია, რომ მისი წევრები გენდერულად მგრძნობიერე, ობიექტური და პარტიული ინტერესებისგან თავისუფალი ქალები იყვნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.