ბლოგები

ჩემი პატარა სუპერ გმირია – როგორ დავამარცხეთ სიმსივნე

ავტორი: ეკატერინე ჭალიძე

მე ვარ სუპერ გმირი ბავშვის, ნანიკო საბანაშვილის დედა. ალბათ იკითხავთ, რატომ სუპერგმირი? იმიტომ, რომ ასე ვუწოდებთ ბავშვებს, ვინც ავთვისებიანი სიმსივნე ან ლეიკემია დაამარცხა.

ჩვენი ამბავი  დაიწყო 2019 წლის სექტემბერში. 

ჩემს შვილს, წლის და ექვსი თვის ნანიკოს ტირილის დროს საფეთქელთან ოდნავ კანისფერივე წანაზარდი გაუჩნდა. მეორე დღესვე მივაკითხეთ ექიმს, რომელმაც ექოსკოპიაზე გაგვიშვა, სადაც დაფიქსირდა კანქვეშ საფეთქელთან პატარა კვანძი. აი, ამ დღიდან დაიწყო ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების ძალიან რთული პერიოდი, რომელიც თითქმის წელიწად ნახევარი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი კვლევა ჩაუტარდა. დავდიოდით სხვადასხვა ექიმთან, გაჭირდა დიაგნოზის დასმა. ჩაუტარდა წვრილნემსიანი ბიოფსია და მასალის მიხედვით, სავარაუდო დიაგნოზად ლანგერჰანსის ჰისტიოციტოზი დაფიქსირდა.

ჩაინიშნა ოპერაციის თარიღი. უნდა აეღოთ დიდი მასალა საფეთქლიდან და დათესილიყო, მაგრამ მოულოდნელად მკურნალმა ონკოლოგმა ტელეფონის ზარით უარი მითხრა ოპერაციაზე და თურქეთში წასვლა მირჩია, ისე, შინაურულად ბავშვის კეთილდღეობის მიზნით.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ საგონებელში ჩავვარდი მე და ჩემი ოჯახი.

ფიქრობ ბავშვზე და ასევე ფინანსებით არ გეწყობა ხელი. თავიდან ძალიან უსუსურად ვიგრძენი თავი, მაგრამ ალბათ გაჭირვება აძლიერებს ადამიანს – უფრო მაგარს და მიზანდასახულს ხდის.

ჩემი მიზანი ხომ შვილის გადარჩენა იყო.

თითქოს ჩემს გარშემო გაერთიანდა მთელი სამყარო. იმხელა გვერდში დგომა ვიგრძენი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან – სამ დღეში მოგვარდა საბუთებიც და თანხის პრობლემაც.

მარტომ გადავწყვიტე წამეყვანა ბავშვი, ხარჯების დაზოგვის მიზნით.

ჩავფრინდით სტამბულში გამთენიისას. აეროპორტში დაგვხვდნენ საავადმყოფოს წარმომადგენლები და პირდაპირ საავადმყოფოში მიგვიყვანეს. გადატვირთული ღამის მერე, მთელი დღე საავადმყოფოში ოთახიდან ოთახში დაგვატარებდნენ კვლევებზე.

ალბათ ვერ წარმოიდგენს ადამიანი, რა რთულია უცხო ქვეყანაში ყოფნა, როცა არ იცი ენა და თვალებში უყურებ თარჯიმანს, რამე გითხრას. აკვირდები მის ემოციებს.

ექვს-დღიანი კვლევების შემდეგ, დიაგნოზი ჰემანგიომა დაუსვეს. ბიოფსიისგან აქაც თავი შეიკავეს, რისკებიდან გამომდინარე. სამთვიანი მკურნალობა დაუნიშნეს და გახარებული, რომ დაავადება ავთვისებიანი არ იყო, წამოვედით საქართველოში.

წამალი სამი თვის განმავლობაში ვსვით, მაგრამ წანაზარდმა არათუ შემცირება პირიქით გაზრდა დაიწყო.

სახეზე დეფორმაცია ისე აშკარა გახდა რომ თვითონ ბავშვი სარკეში ხელის მოძრაობით მოცილებას ცდილობდა.

სასწრაფოდ ისევ თურქეთში გადავფრინდით, ამჯერად მეუღლესთან ერთად. ნანიკოს ხელმეორედ ჩაუტარდა კვლევები და ასევე ბიოფსიაც.დათესეს და საშინელი დიაგნოზი დაგვისვეს – რაბდომიოსარკომა.

ვერ აღვწერ, რა საშინელი დღე გაგვითენდა. არც კი ვიცოდი, რა დაავადებასთან გვქონდა საქმე. მარტო ეს საშინელი სიტყვა – სარკომა მზარავდა.

საჭირო იყო ქიმიოთერაპიის ჩატარება, რომელსაც დიდი დრო და თანხები უნდოდა. გადაწყდა, საქართველოში წამოვსულიყავით და იქ დაგვეწყო მკურნალობა.

იაშვილის კლინიკაში 12 კურსი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, რასაც 13 თვე დაჭირდა.

წარმოდგენაც უჭირს ადამიანს, რა ძნელია, როცა თვეების განმავლობაში, ერთ ოთახში გამოკეტილი ხარ, დღედაღამ გადასხმები უდგია ბავშვს, რომელსაც ძალიან ბევრი უკუჩვენაბა აქვს, მაგრამ თითქოს ყველაფერს უძლებს ადამიანი. იცი, რომ მეტი გზა არაა და ეგუები ყველაფერს.

ეგუები ამ პროცესებს იმის დიდი იმედით, რომ შენი შვილი გამოჯანმრთელდება და მალე გადაივლის ეს განსაცდელი.

ამ ყველაფერს დაერთო პანდემია. მნახველებს არ უშვებენ, გარეთ ვერ გადიხარ.

ერთ სივრცეში ჩავიკეტეთ მთელი ონკოჰემატოლოგიის განყოფილებამ პაციენტ მშობლებიანად და ასევე, იქ მომუშავე არაჩვეულებრივ პერსონალთან ერთად.

ერთ ოჯახად გავერთიანდით. ყველა ულამაზებდით ჩვენს შვილებს გარემოს. იქ ძალიან ბევრი მეგობარი გაიჩინა ნანიკომ და მეც. ამან ყველაფერმა გაგვიადვილა მძიმე დღეები ყველას.

დროდადრო კეთდებოდა კვლევები. ქიმიოთერაპიამ დიდი შედეგი გამოიღო. ნანიკოს გარეგნულად სრულად გაუქრა წანაზარდი, სახე ჩვეულ ფორმაში ჩაუდგა.

ახლა მთავარი იყო, სრულად გამქრალიყო გადაგვარებული უჯრედები.

12 კურსის დამთავრების შემდეგ, ისევ თურქეთში წავედით, სადაც კვლევებმა ძალიან კარგი შედეგი გვიჩვენა. გადაწყდა, დარჩენილი ჩამქრალი სიმსივნური უჯრედები რადიოთერაპიით გაექროთ.

რადიოთერაპიის კურსი 11 000 დოლარი ღირს და ასევე კვლევების და ორი დამატებით ქიმიის გადასხმა 20 000 დოლარი, რაც სახელმწიფომ და სოლიდარობის ფონდმა დამიფინანსა. ასევე სამივე გზის წასვლა-წამოსვლის ბილეთები ცინცაძის ფონდმა გვიყიდა მე და ნანიკოს.

თურქეთში პარალელურ რეჟიმში, ჩატარდა 29 რადიოთერაპია ანესთეზიით და ორი ქიმიოთერაპია.

საბოოლოოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ნანიკო სრულიად გამოჯნმრთელდა 2021 წლის 5 მარტი იყო ჩემთვის და ყველა ჩვენი გულშემატკივრებისთვის დიდი გამარჯვება და დიდი სიხარული.

ნანიკო მეორედ მაჩუქა უფალმა

ამჟამად ყოველთვიური ბიოქიმიის კონტროლი და სამთვეში ერთხელ ემერაი გვიწევს კონტროლის მიზნით.

მესმის ყველა დედის, ვინც ამ გზას გადის და ვგულშემატკივრობ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დროს გვერდში დგომას. გამძლეობას ვუსურვებ მათ. ვეტყვი, რომ ბოლომდე იბრძოლონ. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა პატარას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.