ანალიტიკა / გამოძიება

როგორ გადანაწილდება ხმები 2021 წლის არჩევნებზე – საზოგადოების პოლიტიკური პროგნოზები

2021 წლის ოქტომბერში გორელები ახალ მერს და საკრებულოს აირჩევენ. პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატთა შერჩევის პროცესში არიან. ვინ იქნებიან პარტიულ სიებში ადგილობრივ დონეზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არჩევნებისთვის მზადება უკვე თვალშისაცემია.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნების” ამომრჩეველთა ნაწილი ფსონს ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევნიშვილის პარტიაზე “საქართველოსთვის” დადებს; ნაწილის აზრით კი, მთავარ ოპოზიციურ ძალად კვლავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დარჩება.

“გორში, ოცნების მხარდამჭერები გაიყოფიან. ნაწილი გახარიას, ანუ ხოჯევანიშვილის გუნდს მისცემს ხმას. მათი დათვლა თითქმის შესაძლებელია. სხვა პარტიის ამომრჩევლები არა მგონია გადაიბირონ. რაც შეეხება ნაციონალებს, მუდამ აქტიურები არიან და მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ჩნდებიან. ამიტომ არ გამიკვირდება მათი უცვლელი მეორე ადგილი”, – ამბობს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს. ალექსი მერებაშვილის გათვლებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო მეტი წევრის შეყვანას შეძლებს საკრებულოში.

“პირველ ადგილზე მაინც ოცნება იქნება, ადმინისტრაციული რესურსის, ამომრჩევლის მოსყიდვის და სხვა მანიპულაციების ხარჯზე. შედარებით დაბალი პროცენტით, მეორეზე ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, რამდენადაც სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ. მესამე ადგილი უნდა აიღოს გახარიას პარტიამ, რადგან ის ამომრჩეველს წაართმევს ძირითადად “ოცნებას” და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება”, – ფიქრობს ალექსი მერებაშვილი.

საზოგადოება ფიქრობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, გორში თბილისის შემდეგ ყველაზე საინტერესო არჩევნები იქნება.

მაგალითად, მკვლევარი სოსო მეზვრიშვილი ამბობს, რომ თვითმართველობის არჩევნებს საინტერესოს გახდის ის ფაქტიც, რომ რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და გორი-კასპის მაჟორიტარი-დეპუტატი ახლა გახარიას გუნდის წევრია.

“გორში, სხვა ქალაქებთან შედარებით, განსხვავებული სურათია, რაშიც მოიაზრება გახარიას გუნდიდან მოქმედი დეპუტატი, რომელიც გორის და კასპის მოსახლეობამ აირჩია, როგორც “ქართული ოცნების” კანდიდატი. საზოგადოებაზე დაკვირვებით შეიძლება ვარაუდი, რომ მინიმუმ საკრებულოში ჰყავდეს გახარიას პარტიას წარმომადგენელი”, – განმარტავს სოსო მეზვრიშვილი.

არასამთავრობო სექტორში ახადებენ, რომ წინასწარი პროგნოზები შესაძლოა არ გამართლდეს, რადგან ბევრ რამეს მერობის კანდიდატთა ვინაობები და პარტიული სიები განსაზღვრავენ.

“აზრით “ოცნების” ხმები შემცირდება, მაგრამ რამდენად გადავა გახარიასკენ, ეს ახლა ძნელი განსასაზღვრია. ვფიქრობ, კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. მერობის კანდიდატსაც ექნება მნიშვნელობა, რა თქმა უნდა”, – ახადებს გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩიტაძე.

2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებს “ქართული ოცნება” იგებს. მეორე ადგილს პროცენტული მაჩვენებლების მიხევით, “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს.

რა გავლენას მოახდენს გახარიას გუნდის სახით, ახალი ძალის გამოჩენა თითქმის ორპოლუსიან სარჩევნო გარემოზე და როგორ გადანაწილდება ამომრჩეველთა განწყობები პოლიტიკურ პარტიებზე, საზოგადოების ნაწილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.