ანალიტიკა / გამოძიება

რა უნდა შეიცვალოს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში – “მოზაიკას” ჟურნალისტური გამოძიებების შეჯამება

როგორია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა, რა დოზით და რა ფორმით არიან მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ჩართულები საარჩევნო პროცესებში, როგორ და რა თანხებს ხარჯავენ ა(ა)იპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან – ამ საკითხებზე რადიო “მოზაიკა” პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის ჟურნალისტურ მასალებს ამზადებდა.

“ჩვენ ყოველთვიურად ვამზადებდით საგამოძებო მასალებს, რათა გამოგვევლინა გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში” სხვადასხვა კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზები. ყველა საგამოძიებო მასალის მიზანი იყო, ფაქტებზე დაყრდნობით, გამოგვეკვეთა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზების საჭიროება, ერთის მხრივ დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესების და მეორეს მხრივ, თანხების დაზოგვის მიზნით”, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი

პროექტის ფარგლებში, 6 ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა.

გორის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები – ჟურნალისტური გამოძიება
ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ჩართულობა არჩევნებში – ჟურნალისტური გამოძიება
როგორ ხარჯავენ მილიონებს გორის მერიის ა(ა)იპ-ები – ჟურნალისტური გამოძიება
ფეხმძიმობისთვის და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები გორის ა(ა)იპებში - ჟურნალისტური გამოძიება
გორის ა(ა)იპ-ების შინაგანაწესი და რეალობა - ჟურნალისტური გამოძიება
როგორ ხარჯავენ მილიონებს გორის მერიის ა(ა)იპ-ები - ჟურნალისტური გამოძიება

“მასალებზე მუშაობისას, პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა – არაკვალიფიციური კადრები, “გაბერილი” შტატები, სახელსახელოდ შექმნილი პოზიციები, თანამშრომელთა ჩართულობა არჩევნებში, შესრულებული სამუშაოების დასაბუთების პრობლემა. გარდა ამისა, ვნახეთ ბიუჯეტის არაეფექტურად ხარჯვის არაერთი მაგალითი. ასევე, სასამართლო დავები ა(ა)იპ-ების წინააღმდეგ, როცა სამსახურიდან თანამშრომლები ორსულობის და დედობის გამო გათავისუფლდნენ. ასევე, დავინახეთ, რომ საკადრო პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე და შინაგაწესში გაწერილი ვალდებულების მიუხედავად, ა(ა)იპ-ები თანამშრომლების შესარჩევად ღია კონკურსების არ აცხადებენ”, – გვეუბნება გიორგი დვალიშვილი, პროექტის კოორდინატორი მედია მიმართულებით.

ჟურნალისტური მასალების მომზადების პარალელურად, იდენტიფიცრებული პრობლემების მოგვარების მიზნით, გორის სათემო რადიო “მოზაიკა” აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო სექტორთან.

“პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც, გამოავლინა და უფრო თვალსაჩინო გახადა ის ნაკლოვანებები, რაც აღნიშნული ა(ა)იპების მუშაობისას არსებობს”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

ლექსო ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით ჩართული იყო სამუშაო ჯგგუფის მუშაობაშიც. ის ფიქრობს, რომ ჟურნალისტური გამოძიებების მომზადება თავისთავად უბიძგებს ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს მეტად კანონიერი და სწორი მმართველობისკენ.

“მათ ეცოდინებათ, რომ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც გამოითხოვს მათ შესახებ ინფორმაციას. ეს შექმნის მოტივაციას ა(ა)იპ-ების ხლმძღვანელებისა თუ იქ დასაქმებული პირებისათვის, რომ მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები იყოს მაქსიმალურად კანონშესაბამისი და ეფექტური”.

სამუშაო ჯგუფში, ლექსოსთან ერთად 10-მდე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია ჩართული. ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის ხელმძღვანელი დაკო მურადაშვილი.

“მსგავსი გამოძიების შედეგად, საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლეოდა უფრო გამჭვირვალედ დაენახათ მიმდინარე პროცესები. აღსანიშნავია ისიც, რომ რადიო “მოზაიკას” მიერ განხორციელებული ჟურნალისტური გამოძიება ორიენტირებული იყო არამარტო პრობლემების, გამოწვევების გამოვლენაზე, არამედ ამ პრობლემების მოგვარების გზებსა და საშუალებების ძიებაზეც.”

სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში შეხვედრა გორის მერთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთანაც გაიმართა. შეხვედრას ა(ა)იპ-ების რეორგანიზებით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ნიკა წიქარიძეა.

“მიმაჩნია, რომ როდესაც ქვეყანაში მაღალი მაჩვენებლით დგას პრობლემა სუსტი თვითმმართველობის, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის და მართვის ვერტიკალური სტილის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის ჟურნალისტური გამოძიბების მომზადებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, თქვენ მიერ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები, არ მოიცავდა მხოლოდ მუნიციპალიტეტში არსებულ იმ ნაკლოვანებების თუ დარღვევების ასახვას და მოსახლეობისთვის გაცნობას, არამედ იგი წარმოადგენდა ერთგვარ სარეკომენდაციო საქმიანობასაც, სფეროსთან შემხებლობაში მყოფ სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორების ჩართულობით. რაც ვფიქრობ დამატებით ღირებულებაა თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობის”.

ჟურნალისტური გამოძიებებით გამოვლენილ ხარვეზებზე მოწყობილ შემაჯამებელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გორში მომუშავე არასამთავრობო როგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლება და გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ერთობლივად გააგრძელებენ მუშაობას, რათა ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმა შემუშავდეს.

“ჩვენ დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ჟურნალისტური მასალების მომზადებას ითვალისწინებდა. ახლა ვიწყებთ პროექტის მეორე ეტაპს და მისი მიზანია ა(ა)იპ-ებში სხვადასხვა კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება. ამ მიზნით, თანამშრომლობას ვგეგმავთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ასევე იმ პირებთანაც, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ვგეგმავთ შეხვედრებს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებთან, რათა გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი ა(ა)იპ-ების 20 000 000 მილიონით დაფინანსებაზე და როგორ წარმოუდგენიათ იქ არსებული ვითარების შეცვლა”, – ამბობს ნინო ჩიბჩიური, პროექტის კოორდინატორი ადვოკატირების მიმართულებით.

ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემედ ხელისუფლებაში მოვა და რომელსაც ა(ა)იპ-ების ეფექტიანი რეორგანიზების პოლიტიკური ნება ექნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.