ანალიტიკა / გამოძიება

რატომ არ ერთვებიან ქალები ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის პროცესში?

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობა ბიუჯეტის განკარგვის პროცესში მინიმალურია. ამაზე ქალების ნაამბობთან ერთად, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებიც მოწმობს.

ზარდიაანთკარში მცხოვრები მარიამ გაბლიშვილი ამბობს, რომ მისი სოფლის საჭიროებებზე მსჯელობის პროცესში ადგილობრივი ქალები ნაკლებად არიან ჩართულები. მისი თქმით, სოფლის კრებებზე ამა თუ იმ პროექტის შერჩევისას, კაცები უფრო აქტიურობენ.

“შეხვედრებზე ძირითად მამაკაცები ლიდერობენ ხოლმე და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი იღებენ დაყენებული ინიციატივების განხილვაში მონაწილეობას”, – ამბობს მარიამ გაბლიშვილი.

მარიამი გვიყვება, რომ ქალებამდე ხშირად დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ვერც კი მიდის.

“პირადად მეც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სოფლის კრებებში, რადგან არ მქონია ინფორმაცია, სად და რა დროს ჩატარდა. უფრო ვიწრო წრეებში ვრცელდება ხოლმე, ე.წ. “ბირჟაზე”, სადაც ხშირად მამაკაცები დგანან”, – ამბობს მარიამი.

სოფლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, სოფლის კრებებში ძირითადად კაცები მონაწილეობენ. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფელში. ხშირ შემთხვევაში, კაცების თვალით დანახული პრიორიტეტები ქალებისას არ ემთხვევა. მაგ: ქალებისთვის პირველ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს სასმელი წყალი, მამაკაცები კი თვლიდნენ, რომ გზა უფრო მნიშვნელოვანია.

ანა ჯებისაშვილი, სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში

“ტრადიციული და სტერეოტიპული შეხედულებები უკან სწევს ქალების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში”

მისი აზრით, ქალები ნიჰილისტურად არიან განწყობილი ასეთი პროცესების მიმართ. პასიურობა კი ისევ მათ მდგომარეობას ართულებს.

“სოფლის პრობლემებზე საუბრის დროს, აუცილებელია ქალების ჩართულობა, რადგან მათ აქვთ განსხვავებული ხედვა არსებული საკითხებზე. სწორედ ისინი, იღებენ ხოლმე პირველ დარტყმას, როცა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება. მაგ: როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ომი და მისგან გამოწვეული შედეგები. ამ პრობლემების დაძლევა მათ მხრებზე გადადის, ამიტომ აუცილებელია ქალები ჩართულნი იყვნენ იმ პროცესებში, რაც სოფლის განვითარებას გულისხმობს”.

ანა ჯებისაშვილის თქმით, სოფლის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში ქალების გააქტიურებას ხელი უნდა შეუწყოს, როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა

“ცალკეულად ჩატარებული ტრენინგები საკმარისი არ არის და ეს უნდა გაგრძელდეს პერმანენტულად. უნდა ხდებოდეს შეხვედრები არამარტო ქალებთან, არამედ მამაკაცებთანაც. მათაც უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის განკარგვისა და პრიორიტეტების შერჩევის პროცესში, ქალების ჩართულობა მნიშვნელოვანია”.

მზია მეტრეველი, ვერხვების დასახლების წარმომადგენელი გორის მერიიდან ფიქრობს, რომ ქალების გააქტიურებას ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, პირველ რიგში სოფლის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი.

ის თავისი დასახლების მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ ვერხვების დასახლებაში 2017 წლიდან ქალების ჩართულობით არაერთი პროექტი განხორციელდა.

“მოხალისეებთან ერთად, კარდაკარ დავდიოდით და ვარიგებდით საინფორმაციო ბროშურებს, ვიწვევდით კრებებს და ასე თანდათან მოტივაციაც გაუჩნდათ, რომ შემდეგშიც აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების შერჩევისას. ძალიან კარგი პროექტები განხორციელდა, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ქალების ჩართულობით ჩვენს დასახლებაში. თავიდან, თითქოს თავს იკავებდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მამაკაცებთან ერთად ქალების მიერ შერჩეული რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა, უფრო გააქტიურდნენ”, -ამბობს მზია მეტრეველი.

ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ქალთა წარმატებული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქალებსაც მიეცეთ აქტიურობის და საკუთარ საჭიროებებსა და იდეებზე ხმამაღლა საუბრის სითამამე და სტიმული.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.