ანალიტიკა / გამოძიება

რა გავლენა იქონია პანდემიამ დევნილ ქალებზე?

“დღეს დევნილთა დასახლებებს თუ გადავხედავთ, ყველა ეზოში დავინახავთ მოფუსფუსე ქალს, რომელიც მიწას ამუშავებს, ფრინველებსა და ცხოველებს უვლის”.

ნანა კახნიაშვილი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მას და მის მეზობელ ქალებს ყოველდღიურად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. გვიყვება, რომ პანდემიამ მათთვის ახალი საფიქრალი და საზრუნავები გააჩინა.

ნანა კახნიაშვილი, დევნილი

გამოვლილი მძიმე პერიოდის შემდეგ, ნელნელა შეძლეს ფეხზე დადგომა. თუმცა პანდემიამ მეტნაკლებად შეცვალა მათი ყოფა, მატერიალურადაც და სულიერადაც. დღეს ბევრი ოჯახი უფრო გაჭირვებულია, ვიდრე შარშან ან იმის წინ. ეს განაპირობა იმან, რომ ამ დასახლებებში მცხოვრები ქალები მუშაობენ თბილისში, ზოგი ძიძად მუშაობდა ან სხვადასხვა სამსახურში იყო დასაქმებული, პანდემიამ მათ ეს შესაძლებლობაც წაართვა.

ნანა ფიქრობს, რომ სახელწიფო დევნილი ქალების გაძლიერებისთვის მეტად უნდა ზრუნავდეს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის სხვადასხვა პროექტებს ქმნიდეს.

“გარკვეული სახის დაფინანსებები არის ხოლმე დევნილი ქალებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახელმწიფოს მხრიდან. რომ ამ ადამიანებმა მცირე ბიზნესის წამოწყება მაინც შეძლონ. ჩვენს დასახლებაში ორ ოჯახს აქვს ყვავილების სათბური, რომელსაც ძალიან კარგად ამუშავებდნენ, მაგრამ შარშან და წელს ეს ადამიანები ფაქტიურად გაკოტრების პირას აღმოჩდნენ, რადგან რეალიზებას ვეღარ ახდენდნენ. ჩაიკეტა გზა, მიკროავტუბუსები აღარ მოძრაობდნენ და გაუფუჭდათ ეს ყვავილები. მიიღეს დიდი მატერიალური ზარალი”.

დევნილი ქალების საჭიროებებზე სხვადასხვა ორგანიზაციები მუშაობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება არსებული პრობლემების სიღრმისეულად გამოვლენა და მოგვარების გზებზე აქტიური მსჯელობა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის “თანხმობა” წარმომადგენელი, მარინა ფოჩხუა ამბობს, რომ დევნილი ქალების ისედაც მძიმე ყოფა, პანდემიამ უფრო გაართულა.

მარინა ფოჩხუა, ასოციაცია “თანხმობა”

მიუხედავად იმისა, რომ დევნილი ქალების პრობლემები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განსხვავებულია ხოლმე, პანდემიის პირობებში მათი პრობლემები ერთმანეთის იდენტური გახდა. იყო ინტერნეტის პრობლემა, ჩაკეტილობის დროს, ქალები ინტერნეტის არქონის გამო, სათანადოდ ვერ სარგებლობდნენ ონლაინ სერვისებით. შეიქმნა, ასევე საყოფაცხოვრებო საგნების პრობლემა, სამუშაოს პრობლემა. პანდემიის პირველი ტალღიდანვე შეიქმნა ეს პრობლემები და დევნილ ქალებს სხვა ყოველდღიურ გასაჭირთან ერთად, ესეც დააწვათ

დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თათია გავაშელი ამბობს, რომ მათი სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, რათა ქალები იყვნენ ეკონომიურად დამოუკიდებლები. მისი თქმით, სააგენტო სხვადასხვა პროგრამით უზრუნველყოფს, დევნილი ქალების საჭიროებების გამოვლენას და მათი მოგვარებისთვის ხელშეწყობას.

თათია გავაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტი

მიმდინარე წლიდან, სააგენტოს ყველა პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დევნილებს, ისე ეკომიგრანტებს. რა თქმა, უნდა დევნილ ქალებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რომ იყვენენ უფრო ძლიერები ფინანსურად. მათ საჭიროებებს ჩვენ, ადგილზე ვეცნობით ხოლმე საინფორმაციო შეხვედრების დროს. ყოფილა შემთხვევა რომ, ესა თუ ის პროგრამა შეგვიცვლია მათ მოთხოვნის საფუძველზე, რადგან მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო დევნილი ქალების საჭიროებებზე

რაც შეეხება პანდემიის გავლენას დევნილ ქალებზე და გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლას, ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონკრეტული პროგრამა შემუშავებული არ აქვს. ეს კატეგორია ვერც სახელმწიფოს იმ გეგმაში მოხვდა, რომელიც კრიზისთან საბრძოლველად შეიმუშავეს.

საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ დევნილი ქალები, საკუთარი გამოცდილებით და პრობლემებით, ცალკე კატეგორიად უნდა დაინახოს სახელმწიფომ და პანდემიის პირობებშიც, მათთვის სპეციფიური სერვისები შეიმუშაოს.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.