ადამიანები ისტორიები

უდიპლომო ხელოვანი – ნინო მჭედლიშვილის ისტორია

“უდიპლომო ხელოვანი ვარ, ჩვენს საცხოვრებელ ბინაში მიკავია ერთი მზიანი კუთხე და იქ ვასრულებ ნამუშევრებს“, – ასე აღწერს საკუთარ თავს ნინო მჭედლიშვილი, რომელმაც 2017 წელს გორის საქალაქო გერბის და დროშის კონკურსში გაიმარჯვა.

ნინო ახლა 38 წლის არის. ჰქონდა პერიოდები, როცა ხატვისთვის ვერ იცლიდა.

“პატარა ასაკიდან დამოუკიდებლად დავიწყე ზეთის საღებავებთან ურთიერთობა. ძირითადად, ადამიანის სახის ხატვა მომწონდა. სკოლაში სწავლის პერიოდში გავდიოდი სხვადასხვა კონკურსზე და მრავალი სიგელიც მაქვს მიღებული. შემდეგ ოჯახი შევქმენი და სოფლად ვცხოვრობდი, სადაც საკმაოდ შრომატევადი საქმიანობის გამო, ხატვისთვის დრო აღარ მრჩებოდა და ათი წელი საერთოდ არაფერი დამიხატავს“, – ამბობს ნინო მჭედლიშვილი.

ნინომ ქალაქში დაბრუნების შემდეგ ხატვა ისევ დაიწყო. ის ფიზიკურად შრომობდა და დარჩენილ დროს საკუთარი უნარების გაუმჯობესებას ახმარდა.

“ხატვის პარალელურად, ვმუშაობდი პურის საცხობში მცხობელად. ინტერნეტში დავიწყე ჩემი ნამუშევრების ატვირთვა, ჩემდა გასაკვირად, ბევრი დადებითი ემოცია და გამოხმაურება მოჰყვა. გაუჩნდათ სურვილი ჩემი ნამუშევრების შეძენის, ჯერ ერთი გაიყიდა და შემდეგ უკვე შეკვეთით დავხატე პორტრეტი. ასე თანდათან იმატა მსურველთა რიცხვმა და ეს საქმე ჩემი ძირითადი შემოსავლის წყაროდ იქცა,” – გვიყვება ნინო.

ნინო სხვადასხვა ჟანრში ასრულებს ნამუშევრებს, ხატავს 3D ნახატებსაც.

“. ვხატავ ნებისმიერ დროს, როცა კი ამის საშუალებაა – დღე, ღამე, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი მუზა არაა ერთი კონკრეტული ადამიანი, ნივთი ან გრძნობა. შეიძლება, უბრალოდ ხის ფოთოლმა მომანდომოს ხატვა, ან წვიმის წვეთმა მინაზე აციმციმებულმა, უბრალოდ მზიანმა დღემ, სიხარულმა ან თუნდაც სევდა“.

ნინო ახლა ცივ ფაიფურზე მუშაობას სწავლობს. უნდა, რომ სამომავლოდ შერეული ტექნიკით შექმნილი ნივთების და ნახატების გამოფენა მოაწყოს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები