ახალი ამბები

UNICEF-ის ახალი პროექტი – ბავშვთა უფლებების ცენტრი გორის უნივერსიტეტში



“არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე” – ეს არის პროექტის სლოგანი, რომელსაც გორის უნივერსიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განახორციელებს.  

პროექტის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა უნივერსიტეტში შეხვედრის დროს ისაუბრეს.

“ეს პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვთა უფლებების ცენტრის დაარსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებას და ხელშეწყობას აკადემიურ წრეებში. UNICEF-ს ამ სახის პარტნიორობა რამდენიმე უნივერსიტეტთან აქვს და რექტორთან ნაყოფიერი შეხვედრის დროს ვიმსჯელეთ, რომ ბევრი აქტივობა შეგვიძლია დავგეგმოთ ერთობლივად, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების უკეთესად განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, სადაც დაცული იქნება ბავშვების და ყველა ადამიანის უფლებები”, – განაცხადა ღასან ხალილმა.

გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, პროექტის განსახორციელებლად უნივერსიტეტში ორი სივრცე გამოიყო, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკით აღიჭურვება.

“ძალიან მალე დაიწყება ამ სივრცეების რეაბილიტაცია. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება ჩვენს რეგიონში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით”, -განაცხადა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აღნიშნული პროექტი 6 თვის მანძილზე დაფინანსდება. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, კი უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით გააგრძელებს პროექტის განხორციელებას.

“6 თვის განმავლობაში იქნება ტრენინგების ციკლი. პროექტს ეყოლება კოორდინატორი და ტრენერები, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, როცა ამოიწურება პროექტის თანხა, მზად ვართ, რომ გორის უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღოს ამ ცენტრის ფუნქციონირება. მოიზიდოს არაერთი დონორი ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების კუთხით”, – ამბობს სოსიაშვილი.

შეხვედრის ბოლოს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს ბავშვთა უფლებების კაბინეტი, რომელიც საჭირო ტექნიკით („ჭკვიანი დაფა“, კომპიუტერები და ა.შ.) ლიტერატურით UNICEF-მა უზრუნველყო.

დატოვეთ კომენტარი