ბლოგები

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, უკეთესი გახადოს ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ



ავტორი:სოფიკო რეზრიჩენკო, პროფესიით ჟურნალისტი და ევროპისმცოდნეობის მაგისტრი

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ტელევიზიაში, საჯარო სამსახურში, კერძო კომპანიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამჟამად ვარ „პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

დღესდღეობით ვიმყოფები ვარშავაში, საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად იმერეთის, კახეთის, გურიის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონებიდან, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს პოლონეთის მთავრობა; ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს გიორგი დიდიძე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდან. 

ცოტა ხანში ,გორის მუნიციპალიტეტიდან დაგეგმილია კიდევ ერთი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების პოლონური გამოცდილების გაზიარების მიზნით, გორელი პედაგოგები გაივლიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსს და შემდეგ დასაქმდებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან.

მე შევხვდი ჩემს ყოფილ სტუდენტებს გორის უნივერსიტეტიდან, რომლებიც დღეს სწავლობენ ვარშავაში და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

ცოტა ხანში ვგეგმავთ სკოლის მოსწავლეების გაცვლით, ახალგაზრდულ პროექტს, რომელსაც „ერასმუსის“ პროგრამა გვიფინანსებს.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მინდა ჩემი პირადი, ჩემი ორგანიზაციის როლი გამოვკვეთო იმ უამრავ შესაძლებლობას შორის, რასაც პოლონეთი გვაძლევს სხვადასხვა დონეზე: სტუდენტები, მოსწავლეები, თვითმმართველობა, საჯარო სექტორი თუ ცენტრალური ხელისუფლება.

  • მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს საქართველოში, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ ისინი, რომ უკეთესები გავხდეთ, რომ მეტი ვისწავლოთ, რომ გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მაგალითზე, რომელმაც შეძლო და დღესდღეობით არის განვითარებული და ფეხზე მყარად მდგარი ქვეყანა.
  • ვეცადოთ განვვითარდეთ, მეტი ვისწავლოთ, მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღოთ, მეტი რეფორმა ვნახოთ და ვიგრძნოთ და მეტად ვეცადოთ თითოეული ჩვენგანი, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა.
  • ვისწვლოთ, როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ფასეულობებს ისე, რომ არასდროს დავარღვიოთ სხვა ადამიანის უფლებები.
  • შევძლოთ, რომ მივიღოთ და პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრებს თუ ადამიანებს, თუნდაც რადიკალურად განვსხვავდებოდეთ მათგან.

მადლობა “მოზაიკას” ჩემი საქმიანობით დაინტერესებისთვის და  ჩემი შეხედულების ხმამაღლა თქმის შესაძლებლობისთვის. მიმაჩნია, რომ მოზაიკის გუნდი თავისუფალი სიტყვის დაცვისა და დემოკრატიული ფასეულობების გამყარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

მე, ჩემი მხრივ, მზად ვარ საკუთარი შესაძლებლობები, კონტაქტები და ენის ცოდნა სიამოვნებით გაგიზიაროთ და მხარი დაგიჭიროთ, თუკი ჩათვლით, რომ მე თქვენს საქმიანობაში  შემიძლია, თუნდაც მცირე,  სასარგებლო როლი ვითამაშო.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ უკეთესი გახადოს უბანი, ქალაქი და ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, მთავარია, რომ ეს გვინდოდეს.

დატოვეთ კომენტარი