ანალიტიკა / გამოძიება

გოგონები სპორტში – სტერეოტიპები და მუნიციპალური პროგრამები

სპორტსმენ ქალებს წარმატების მიღწევამდე არაერთ გამოწვევასთან და სირთულესთან გამკლავება უწევთ. ხშირია შემთვევები, როდესაც სპორტის მიმართ მათ ინტერესს მხარს არც გაშემომყოფები უჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის პოპულარიზაციისთვის გორში სხვადასხვა პოგრამები მუშაობს, მათში გოგონათა ჩართულობა მაინც მინიმალურია.


ნინი აბუაშვილი 11 წლის ასაკში საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა და ტაეკვანდოს კლუბში გაწევრიანდა. უკვე მერვე წელია, რაც ვარჯიშობს და ამბობს, რომ საკუთარ თავს ამით ახალ-ახალი წარმატებების მიღწევის შანსს აძლევს.

ნინი აბუაშვილი

ჩვენს სკოლაში გამოცხადდა, რომ ტაეკვანდოს კლუბს უნდოდა გოგონები. დავინტერესდი, რადგან ბავშვობიდან მიყვარს სპორტი. 11 წლის ვიყავი მაშინ. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო ასეთი გამოხმაურებები: “გოგოს რა უნდა ტაეკვანდოზე?”, “რა გოგოს სპორტი ეგაა?” და ასე შემდეგ. ამას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. ჩემი პირველი ბრძოლა კლუბში მისვლიდან რამდენიმე თვეში მოხდა და მესამე ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ, უფრო დიდი მოტივაცია მომეცა, რომ წარმატებული გავმხდარიყავი.

გოგონების განვითარებისთვის და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, გორში არასამთავრობო სექტორიც მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრია. ორგანიზაციის წარმომადგენელი ფიქრია გელაშვილი-ბრეგვაძე ამბობს, რომ გოგონების სპორტში ჩართვა ჭირს, რაც გამოწვეულია სტერეოტიპებით და ტრადიციებით.

ფიქრია ბრეგვაძე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

ჩემს თაობას კარგად ახსოვს, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ქალი არ შეიძლებოდა სპორტში ყოფილიყო, რადგან ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო, განსაკუთრებით რეპროდუქციისთვის, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად ვცდილობთ, რომ ეს სტერეოტიპი დავარღვიოთ და ეს ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალის როლის გაძლიერებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ქალები ორჯერ უფრო მეტად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე მამაკაცები. შესაბამისად, ქალის სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავება ძალიან ამცირებს დეპრესიულ ფონს.


დარგის სპეციალისტები ამბობენ, სპორტში გოგონათა ჩართულობის გაზრდა მშობლებზეც არის დამოკიდებული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სააგენტოს წარმომადგენელი თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ ხშირად მშობელი შვილისთვის სპორტის სახეობას არჩევს იმის მიხედვით, თუ რომელი იქნება უკეთესი მისი ჯანმრთელობისთვის.

თეა კეჩხუაშვილი, გორის მერიის წარმომადგენელი

აქცენტს აკეთებენ ხშირად ცურვაზე, რადგან ის სხეულის ყველა კუნთს ამუშავებს და სისხლის მიმოქცევისთვის არის იდეალური. ასევე ტანვარჯიში, რომელიც სხეულის ელასტიურობას უწყობს ხელს და ჭადრაკი. ხშირ შემთხვევაში, მშობელს ტანვარჯიშზე და ცურვაზე შეჰყავს შვილი, არა იმიტომ, რომ შემდგომში პროფესიულ დონეზე გაყვეს, არამედ ჯანმრთელობისთვის.

თეას თქმით, გაცილებით ნაკლებია გოგონათა ჩართულ სპორტის გუნდურ სახეობებზე.

“გუნდურ სახეობებში ნაკლები ჩართულობაა. კალათბურთში, ფრენბურთში და ასეთ სახეობებში ძალიან ცოტა გოგონები არიან. გყვავს ასევე მოჭიდავე გოგონები, თუმცა რაოდენობა აქაც ნაკლებია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტერეოტიპები თანდათან იმსხვრევა. მუნიციპალიტეტს აქვს გოგონებისთვის და არამარტო მათთვის ხელბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის წრეები. რაც მთავარია ამ წრეებზე სიარული არის სრულიად უფასო.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.