ახალი ამბები

გახარიას გუნდი ატენისა და გორის ციხის ტურისტულ განვითარებას გეგმავს

პარტიამ “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გაავრცელა, სადაც შიდა ქართლში ტურისტული პოტენციალის ათვისებაზეა საუბარი. მათ შორისაა ატენის ამ მიმართულებით განვითარება და გორის ციხის რეაბილიტაცია. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა. ეს მიზანი კი როგორც პარტიაში მიიჩნევენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით მიიღწევა.

შიდა ქართლში ატენის და რკონის ხეობების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის და დაცული ტერიტორიის განვითარების თვალსაზრისით. გორის ციხის სრული რეაბილიტაცია/დაბრენდვა და ახალ ტურისტულ ლოკაციად გადაქცევა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოსტეს „მოურავის კოშკის“ აღდგენა. ძამას ხეობის დაკავშირება მიტარბი-ბაკურიანთან. სურამის ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და თავისუფალი ტურისტული ზონის ჩამოყალიბების გზით; სურამის ციხის რეაბილიტაცია”,-წერია პარტიის პროგრამულ ხედვაში.

პროგრამული ხედვის თითოეული მიმართულებით პარტია სპეციალურ სამუშაო პლატფორმებს ქმნის, რომლის ფარგლებშიც აქტიურ კომუნიკაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან გეგმავს.

“ამ პლატფორმების მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი ხედვების, რეკომენდაციების და ინიციატივების შემდგომში ასახვა დოკუმენტში ასევე იქნება შესაძლებელი. ამასთან, მზად ვართ სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან”,-აცხადებენ პარტიის ლიდერები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.