ანალიტიკა / გამოძიება

სექსუალური ძალადობის ფაქტები არასრულწლოვან გოგონებზე – პრობლემები და გამოსავლის გზები

საქართველოში არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებენ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, წლების განმავლობაში ჩატარდა არაერთი საინფორმაციო კამპანია, თუმცა ამ მხრივ სიტუაცია კვლავ არასახარბიელოა.


იურისტი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ხშირად ძალადობის შემთხვევები არასრულწლოვან გოგონებზე ხდება, რაც მისი თქმით, შეიძლება გამოწვეული იყოს განათლების არასაკმარისი ხარისხით მოსახლეობაში, ასევე ეკონომიურ-სოციალური მდგომარეობით. გარდა ამისა, იურისტი მიუთითებს ისეთ სამართლებრივ ხარვეზებზე, როცა არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება სასამართლოსთვის გადამწყვეტი არ არის, რადგან მოძალადის მიმართ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.

თამარ თედლიაშვილი, იურისტი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გოგონების მიმართ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები უფრო დაბალ სოციალურ ფენაში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავ უწყებებში მიმართვიანობა ამ კუთხით გაზრდილია და ხშირად, თვითონ ბავშვები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებსა და სოციალურ სამსახურებს, ვიდრე მათი მშობლები. ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დედებს რატომღაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. არის შემთხვევები, როცა ბავშვზე ძალადობს დედის მეგობარი ან მამინაცვალი, ასეთ დროს დედები, რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს ფაქტები უნდა დამალონ, ზოგიერთი დედა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა მათი შვილებიდან მომდინარეობს.

რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნაწილი გოგონათა მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე საუბრისას, აქცენტს აკეთებენ პრევენციის გზებზე. საზოგადოება ბილიკის ხელმძღვანელი, მარიკა მღებრიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა და უკვე მომხდარ ფაქტებზე სათანადო რეაგირება ამ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

მარიკა მღებრიშვილი, საზოგადოება “ბილიკი”

ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ბავშვებს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ძალადობისგან, როგორ უნდა გაარჩიონ, რას ნიშნავს ძალადობა, რა არის ბულინგი თუ ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაიმე საფრთხე შეუქმნას. მიწოდებული ინფორმაცია უკვე არის გარკვეული იარაღი იმისთვის, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა. ამაში ერთდროულად უნდა იყოს ჩართული ოჯახი და სკოლა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, რადგან ეს ადამიანები არაინ შეიარაღებულნი იმ უნარებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ გარკვეული სახის პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.

არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვის კუთხით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გასულ წელს შეიქმნა ბავშვზე ზრუნვის განყოფილება. მისი ხელმძღვანელის, დიანა ბერიძის თქმით, ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მერიისთვის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მერია კი დაზარალებულებს თავის კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.

დიანა ბერიძე, გორის მერია

მომართვა შეუძლია როგორც თავად არასრულწლოვანს, მის მშობელს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. მერია ამ შემთხვევაში იზრუნებს პრევენციული ზომების გატარებაზე. რაც შეეხება სექსუალური ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას, ეს უშუალოდ მერიის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ თუ მომართვა იქნება, რა თქმა უნდა მერიის სამსახური გაუწევს დახმარებას. ჩვენ შუამავლის როლს გავუწევთ იმ ორგანოებთან, ვისაც სამართლებრივად შეეძლებათ მათი დახმარება. ასევე, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.