ანალიტიკა / გამოძიება

გოგონები სკოლებში და თანასწორობის ხელშეწყობის მნიშვნელობა ადრეულ ასაკში

როგორია გორის სკოლებში გენდერული თანასწორობის მიმართ განწყობები? აქვთ თუ არა გოგონებს გაცნობიერებული თანასწორობის მნიშვნელობა და როგორია არსებული პრაქტიკა? – ამ საკითხებზე რუსკა ბუზიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა.

“საბედნიეროდ ჩემი ასაკის გოგონებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა უნდათ რომ გააკეთონ მომავალში და იციან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება უნდა დაიცვან”, – ამბობს რუსკა.

რუსკას თქმით, გოგონები ჯერ კიდევ აწყდებიან ბარიერებს ოჯახში და სკოლაში, როცა მათ კონკრეტული პროფესიის არჩევა სურთ.

რუსკა ბუზიაშვილი, სტუდენტი

მაგალითად, გოგონას სურს ჯარში იმსახუროს, მაგრამ როგორც ოჯახის მხრიდან, ისე კლასელებისა და პედაგოგების მხრიდანაც იყო უარყოფითი დამოკიდებულება, – “რა უნდა გოგოს ჯარში? ” – ასეთ მიდგომას იჩენდნენ, მაგრამ გოგოს მხრიდანაც იყო პროტესტი და თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იცავდა თავის უფლებას. ასეთ შემთხვევას წავაწყდი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში. მაშინ გოგოს გადაწყვეტილებას დამცინავად შეხვდნენ კლასელი ბიჭებიც და პედაგოგიც. ეუბნებოდნენ, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სუსტია.

რუსკა ამბობს, რომ გენდერული თანასწორიბის მნიშვნელობაზე გორში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აქტივობებს ახორციელბენ ახალგაზრდებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კარგი იქნება თუ ყველა სკოლას ეყოლება სამოქალაქო განათლების ისეთი მასწავლებელი, რომელიც ამ საკითხში კომპეტენტურია.

გორის მე-12 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლელა წურწუმია ამბობს, რომ სკოლებში ამ საგნის სწავლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს.

ლელა წურწუმია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ამ საგნის სწავლების დროს, მოსწავლეებს ვაცნობთ პირველ რიგში, გენდერისა და სქესის განსხვავებას, იმიტომ რომ ის სტერეოტიპები, რაც საზოგადოებაში არსებობს, მომდინარეობს იქიდან, რომ კარგად არ აქვთ გათვიცნობიერებული ბიოლოგიური სქესისა და გენდერის მნიშვნელობა. ძირითად დროს, სწორედ ამ ნაწილის გაცნობას ვუთმობთ, არამარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკული სავარჯიშოებითაც.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება არც ისე დიდი ხანია, რაც სკოლებში დაიწყო. მისი თქმით, თავდაპირელად ამ საგნის მიმართ ნაკლები დაინტერესება იყო, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოების მხრიდან.

ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი

სასწავლო პროგრამა, ყველა კლასისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად მე-8 კლასში გვაქვს თემა: “ქალების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებში”, განიხილავენ პარლამენტში კვოტირების თემას, რამდენად არიან საქართველოში ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები, რამდენად არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ თემის ირგვლივ მუშაობენ. გასულ წელს ვითანამშრომლეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთანაც და მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროექტში იყვნენ ჩართულნი.

საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სკოლას მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეუძლია თანასწრორი გარემოს შექმნასა და გოგონების განვითარებაში. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კი ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეწოდებათ სწორი და ობიექტური ინფორმაცია, ისინი მარტივად დააღწევენ თავს სტერეოტიპულ განწყობებს და საკუთარი ინტერესების დაცვაც გაუადვილდებათ.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.