ახალი ამბები

გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში საგამოძიებო სამსახურია შესული

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ინფორმაციას გორის მერი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სააგენტოს მუშაობით კმაყოფილია და რაიმე დარღვევის არსებობას გამორიცხავს. ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო სამსახური კორუფციულ სქემას სწავლობს, კონკრეტულად კი არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, წლების განმავლობაში გაფორმებული თანამშრომლების ნაწილი არ დადიოდა სამსახურში. სააგენტოს ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა (რომელმაც გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელი და მეგობარი, ბაჩანა გვიანიშვილი ჩაანაცვლა) ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

“თუ საგამოძიებო სამსახური დაადგენს, რომ მართლა არის ვინმე ჩართული მსგავს ქმედებაში, კარგი იქნება, რომ გამოვავლინოთ. მე ვერაფერს ვუკავშირებ, როცა მოუნდება საგამოძიებო სამსახურს მაშინ შევა ნებისმიერ ორგანიზაციაში და მოითხოვს მისთვის საინტერესო დოკუმენტაციას. კეთილმოწყობის სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს. დარღვევებს გამოვრიცხავ, რადგან რასაც ვავალებდი ყველაფერი კარგად მიდიოდა. ქალაქში დასუფთავებას ეხებოდა თუ სხვას, რაც ეხებოდათ მათ, კარგად ასრულებდნენ და შიგნით რა ხდებოდა ეს არის საგამოძიებოს საქმე, გამოავლინონ და აგონ პასუხი მათ, ვისაც ეს შეეხება”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის მერმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.